აფხარცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხარცა

აფხარცა - აფხაზების ორსიმიანი ხემიანი საკრავი.

აფხარცას აქვს ვიწრო, ნავისებური კორპუსი. თავი, ყელი და მუცელი მთლიანი ხისგანაა გამოთლილი. საერთო სიგრძეა 70-80 სმ. კორპუსი ამოღრუებულია, თავფიცარი - ბრტყელი. ამოჭრილია სახმო ნახვრეტები (კვადრატული, ნახევარწრიული), თავი მრგვალი ან ოვალურია. სიმები ძუისაა. კორპუსზე ქვედა მხრიდან დაკრულია ფისი, რომელზედაც დაკვრის წინ ხემის ძუას გაუსვამენ ტემბრის ხარისხის ასამაღლებლად. საკრავის წყობა კვარტულია. შემსრულებელი უკრავს მჯდომარე, საკრავი უდევს მუხლებს შორის.

აფხარცა მზადდება ფოთლოვანი ჯიშებისაგან. მასალას არჩევდნენ არა აკუსტიკური თავისებურებების გათვალისწინებით, არამედ დასამუშავებლად რბილი ჯიშების მიხედვით. თავფიცრად გამოიყენება ალვის, ფიჭვის, სოჭის ან ცაცხვის მასალა, 2-3 მმ სისქის. მასზე ამოჭრიან სახმო ნახვრეტებს. ჩამოჰკიდებენ ცეცხლის თავზე ან მზეზე გამოაშრობენ. სიმები ძუისაა. ხემის რკალად გამოიყენება ადვილად ღუნვადი ხის ჯიშები (თხილი, წყავი, შინდი). როგორც წესი, საკრავს ამზადებდა თვით შემსრულებელი.

აფხარცის ფუნქცია ეპიკური (ისტორიულ-საგმირო) სიმღერების თანხლებაა. ინფორმატორთა ცნობით, ბრძოლაში ყველა რაზმს თავისი მეაფხარცეები ჰყავდათ, რომელთაც საკრავი ცხენის უნაგირზე ჰქონდათ დაკრული. ბრძოლებს შორის დასვენების დროს თხზავდნენ გმირთა სახოტბო და მხდალთა გასაკიცხ სიმღერებს. აფხარცას მიეწერებოდა ტკივილის შემამსუბუქებელი თვისება. დაჭრილისათვის ტყვიის ამოღების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად უკრავდნენ აფხარცაზე. ცნობილია ამ ჟანრის ე.წ. „დაჭრილის სიმღერები“, რომლებიც ტრადიციულად აფხარცის თანხლებით სრულდებოდა. წესად იყო ასევე ავადმყოფთან ღამის თევა, მისი გართობის მიზნით აფხარცის დაკვრა, აფხარცის თანხლებით სრულდებოდა საწესო, სიმღერები, დამხრჩვალის სულის დაჭერის სარიტუალო სიმღერა „აფსტაგა“. ეს რიტუალი ასეთია: დამხრჩვალს როცა მიაბარებდნენ მიწას, ნათესავები შეიკრიბებოდნენ მისი „სულის დასაჭერად“, რათა სული წაიყვანონ და სხეულთან მიაბარონ. ამისათვის ამზადებდნენ გუდას, მოაბამდნენ აბრეშუმის ან ვერცხლის ზონარს, გუდას მიუშვერდნენ მდინარეს სავარაუდო ადგილას, სადაც დაიღუპა კაცი. გუდის ჰაერით გაბერვა ნიშანი იყო იმისა, რომ სული გუდაში შევიდა. გუდას თავს მოუკრავდნენ და გაემართებოდნენ სასაფლაოსაკენ მხიარული სიმღერით. საფლავზე „გუდიდან გამოუშვებდნენ სულს“ აფხარცის დაკვრით. ასეთივე წესი სრულდებოდა კლდიდან გადაჩეხილის, ხიდან ჩამოვარდნილის და საერთოდ, არაბუნებრივი სიკვდილით სახლის გარეთ დაღუპულის „სულის დასაჭერად“ (ამ რიტუალში ზოგჯერ ჩასაბერი საკრავი აჭარპანიც მონაწილეობს). აფხარცაზე უკრავდნენ მიცვალებულთან, დასაფლავების წინა ღამეს. აფხაზთა ტრადიციით, მამას შვილის დატირების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ აფხარცაზე დამკვრელი ამაში აქსოვდა მთელ ნაღველს, რაც, აფხაზთა რწმენით, აკეთილშობილებს მიცვალებულის სულს და მამის მწუხარებას ამსუბუქებს. აფხარცა ტრადიციულად ნართული თქმულებებისა და საგმირო სიმღერების თანმხლები საკრავია.

ლიტერატურა

  • К. Вертков, Г. Благодатов, И. Хашба, Абхазские народные музикальные инструменты,Сухуми, 1967;
  • М. Хашба, Жанры абхазской народной музыки, Сухуми, 1983.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები