აღმოსავლური წიფელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლური წიფელი - Fagus orientalis Lipskky

Fagus orientalis Lipskky - აღმოსავლური წიფელი.

მეგრულად – წიფური.

ფოთლოვანი ჯიშის ხე, სიმაღლით 40-50 მ-მდე, ვარჯი – დიდი, გაშლილი; აქვს უგულო, მკვრივი, მაგარი მერქანი; საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში ის ჩამოდის ზღვის დონემდე, ხოლო აღმოსავლეთში 400-600 მ-მდე. საუკეთესო კორომებს ქმნის 1100-1600 მ სარტყელში.

20-40 მ-მდე სიმაღლის ხეა, ღია ნაცრისფერი, გლუვი ქერქლით, ხოლო წვრილ ტოტებზე მოწითალო-წაბლისფერი დაჰკრავს. ფოთლები ელიფსურია, ან კვერცხისებრ-ელიფსური, მოკლე ყუნწიანი, ზემოდან მუქი მწვანე და პრიალა, ქვედა მხრიდან, განსაკუთრებით ძარღვების გაყოლებაზე, მწოლარე ბეწვით მოფენილი, ნაპირებზე ხშირად ტალღოვანი და წამწამა ბეწვით მოფენილი. ყვავილები ერთსქესიანია და ერთსახლიანი; მდედრობითი ყვავილები თეთრია, თითო, უფრო ხშირად კი 2-4 ერთად, შემოხვეულია საერთო საბურვლით და განლაგებულია ზედა ფოთლების იღლიებში. მამრობითი ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან, გრძელყუნწიან თავაკისებრ ყვავილედებად, რომლებიც ერთწლიან ტოტებზე ფოთლების იღლიებშია თითო-თითოდ თავდაკიდებული. ნაყოფი (წიწიბო) სამწახნაგოვანი, მახვილწიბოებიანი კაკალია, მეტწილაად ერთ თესლიანი ან 2-3 ერთად ჩამალული საერთო ბუდეში (საბურველში), რომელიც ნაყოფობის დროს მაგარი ხდება. ყვ. V; ნაყ. IX¬X.

იზრდება ზღვის დონიდან მთის ზედა სარტყლამდე. ფოთლოვანი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი შემქმნელი კომპონენტია. სამკურნალოდ გამოიყენება წიფლის კაკლები და კუპრიმერქნის გადამუშავების პროდუქტი, ასევე კრეოზიტი, კუპრის გადამუშავებისას მიღებული პროდუქტი.

კაკლის გული მდიდარია ცილებით (43-48%), სახამებლით, შაქრით (3-5%), ტოკოფეროლით (150 მგ/%), ვაშლისა და ლიმონის მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ცხიმოვანი ნახევრად მშრალი ზეთებით (50-57%), 30%-მდე აზოტოვანი ნივთიერებებით; შეიცავს აგრეთვე შხამიან ალკალოიდ ფაგინს, რომლებიც კაკლების შეწვის შემდეგ, ადამიანისთვის უსაფრთხო ხდება. წიფლის მერქნისგან მიღებული კუპრი შეიცავს 5%-მდე კრეოზოტს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ფენოლების ნარევს. მერქნიდან გამოყოფილია გვაიაკოლის ეთილი, ციკლოპენტანოი. ქერქი შეიცავს ვანილოზიდს და ლიმონის მჟავას.

წიფლის კაკლისგან მიიღება საჭმელი ზეთი.

მედიცინაში კრეოზიტი გამოიყენება გარეგანად, როგორც ამოწვისა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; შინაგანად – სასუნთქი გზების ქრონიკული კატარისა და ფილტვებში ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ.

წიფლის მერქანს იყენებენ ავეჯის, პარკეტის, ფანერის, მუსიკალური ინსტრუმენტბის, კიბეების, საზომი ხელსაწყოების დასამზადებლად. ვინაიდან წიფლის მერქანს ფაქტიურად სუნი არა აქვს, მისგან ამზადებენ ჭურჭელს, სამზარეულოს დაფებს, ბოსტნეულისა და ხილის კალათებს, კასრებს.

აღმოსავლური წიფელის მერქანს ფართო გამოყენება აქვს მშენებლობაში, საავეჯო წარმოებაში, ქიმიურ მრეწველობასა და მედიცინაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები