ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ III – (1493-1565), იმერეთის მეფე (1510-1565), მეფე ალექსანდრე II-ის ძე, ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. ბაგრატ III-ის ინიციატივით დასავლეთ საქართველოში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო 23 მუხლისგან შემდგარი განჩინება. ერთ-ერთი მუხლი „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ იყო მიმართული და ამ დანაშაულისათვის „ტყვით“ მოვაჭრეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა სხვა საეკლესიო საქმეები და აღმოფხვრა ის დარღვევები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეეპარა საეკლესიო წეს-განგებას. ამ კრების განჩინება ცნობილია, როგორც „სამართალი კათოლიკოსთა“. ბაგრატ III-ის ინიციატივით აფხაზმა კათოლიკოსმა, მალაქია I-მა (აბაშიძე) ქუთაისის ეპარქიიდან გამოყო ორი ეპარქია – გელათისა და ხონის. ბაგრატ III-ისა და მალაქია I-ის მომდევნო კათოლიკოსის, ევდემონ I-ის (ჩხეტიძე), შეთანხმებით აფხაზი კათოლიკოსის რეზიდენცია გადაიტანეს ბიჭვინთიდან გელათში.

1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა სამცხის მთავარი ყვარყვარე IV ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1545 წელს ყვარყვარეს შვილმა, ქაიხოსრო II ჯაყელმა, მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარალაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამავე წელს სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, თუმცა მათი დამორჩილება ვერ შეძლო.

ბაგრატ III ქართლის მეფე დავით X-სთან (1505-1525) და კახთა მეფე ლევანთან (1520–1534) ერთად თურქთა მხარეზე მონაწილეობდა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველ მეფეთა მიზანი იყო მაცხოვრის საფლავისა და გოლგოთის ურჯულოთაგან დახსნა.

კ. ბუაჩიძე

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1973.
  • ბუაჩიძე კ., იმერეთის მეფეები, კრ. საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • რეხვიაშვილი გ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989.
Logo1.JPG ბაგრატ III მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები