ბავკისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავკისი(ბერძნ.) ფრიგიის მიწად მოსახლე. მას ჰყავდა ხანდაზმული და მოსიყვარულე ცოლი ფილემონი.

ზევსი უზენაესი ღმერთი იყო და კანონებსაც განაგებდა. იგი მუდამ ადევნებდა თვალ-ყურს იმას, რომ არ შეებღალათ მისი სახელით წარმოთქმული ფიცი. ერთხელაც მან გადაწყვიტა ენახა, თუ როგორ იცავდნენ ადამიანები მის წმინდა კანონებს. მიიღო ადამიანის სახე და თავის მაცნე ჰერმესთან ერთად დაეშვა დედამიწაზე. ბინდდებოდა, როდესაც ისინი რომელიღაც ქალაქს ეწვივნენ. დაიწყეს თავშესაფრის ძებნა, მაგრამ ყოველი სახლის კარი დახშული დახვდათ. ქალაქის შემოგარენში ერთი პატარა ქოხი იდგა, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი, ფილემონი და ბავკისი ცხოვრობდნენ. კეთილმა მოხუცებმა სტუმრები შინ მიიპატიჟეს და ღარიბული, მაგრამ მხიარული სუფრა გაუწყვეს. მალე მასპინძლებმა შენიშნეს, რომ სასმელ-საჭმელი კი არ ილეოდა, პირიქით, უფრო მრავლდებოდა, ხოლო ჭურჭელი ოქროთი იფერებოდა. მიხვდნენ ისინი, რომ მათ ქოხში ღმერთები მოსულიყვნენ და მათ წინაშე მოწიწებით მოიყარეს მუხლი. ზევსმა წამოაყენა მოხუცები და ბორცვისაკენ გაუძღვა. იქ, განთიადის ნათელ სხივებში ფილემონმა და ბავკისმა თავისი ქოხის ნაცვლად დიდებული ტაძარი იხილეს. ღმერთებმა წყალში ჩაძირეს სტუმართმოყვრობის წმინდა წესის შემბღალავი ქალაქი, ხოლო მისი მკვიდრები ბაყაყებად აქციეს. კეთილი მოხუცები კიდევ დიდხანს მსახურობდნენ ქურუმებად ახალ ტაძარში. როდესაც მათი გარდაცვალების დრო დადგა, ტანებით შეზრდილ ორ ხედ გარდაისახნენ. ასე აღსრულდა მათი სურვილი: გარდაცვლილიყვნენ ერთად, რათა ერთმანეთის სიკვდილს არ შესწრებოდნენ. ამ ხეთა რტოებში ჩიტები ბუდეებს იკეთებდნენ. ამ ხეთა ჩრდილში მგზავრები ისვენებდნენ და ერთმანეთს მოუთხრობდნენ ქალაქის უღირს ბინადართა და ღვთისმოსავ მოხუცთა ამბავს.


ასე პოეტურად არის წარმოდგენილი კეთილ მოხუცთა მითოსი დიდი რომაელი პოეტის, ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“. იგი შემდგომი ხანების ხელოვანთა ტილოებზეც გვხვდება. ცნობილია გუნოს ოპერაც, სახელწოდებით: „ფილემონი და ბავკისი“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები