ჰერმესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერმესი ჩვილი დიონისეთი – მარმარილოს ქანდაკება (ძვ.წ. 330 წ.). ოლიმპია, არქეოლოგიური მუზეუმი
ჰერმესი და სატიროსი – ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 500-490 წ.წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი
ჰერმესი – ამფორას ფერწერა (ძვ.წ. V ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი.

ჰერმესი(ბერძნ.) ღმერთების მაცნე; ზევსისა და მაიას ძე; ვაჭრობისა და მოგების, მოგზაურთა და ოინბაზთა მფარველი ღმერთი; მიცვალებულთა სულების გამცილებელი; რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია მერკურიუსი.

ზევსმა არკადიაში, კილენეს მთაზე იხილა ატლასის ასული მაია და შეიყვარა. სწორედ ამ კილენეს მთის ტყით დაჩრდილულ მღვიმეში იშვა მათი ძე, რომელსაც ჰერმესი შეარქვეს. მარტო დარჩა თუ არა ჩვილი ჰერმესი, აკვნიდან გადმოვიდა და თავგადასავალთა საძიებლად გაემართა. გამოქვაბულთან ვეება კუ დაინახა, დაიჭირა და რკინის საჭრეთლით გაჭრა. ბაკნისგან ქნარი დაამზადა, სიმებს ჩამოჰკრა და თავის მშობლებს აღუვლინა ქება. შემდეგ პიერიის დაბურული მთებისაკენ ისწრაფა. იქ ბალახობდა აპოლონის საღმრთო ნახირი. ჰერმესმა თხუთმეტი ძროხა მოჰპარა თავის ნახევარძმას, წინ გაირეკა და კვალი ოსტატურად დაფარა. თავის მღვიმეს გამთენიისას მიადგა. შიგ უხმაუროდ შეიპარა, აკვანში ჩაწვა და თავი მოიმძინარა. დედა-მაიამ დატუქსა თავისი პირმშო, თან გააფრთხილა, რომ აპოლონისგან იგი მკაცრად დაისჯებოდა. მართლაც, აპოლონმა შეიტყო თუ არა ჯოგის გაუჩინარების ამბავი, მალე მიაგნო ქურდის სამყოფელს და მთვლემარე ძმას თავს წაადგა მოულოდნელად. ჰერმესმა იცნო აპოლონი, პატარა თითი პირში ჩაიდო და გაირინდა. „ჩემი ნახირი დამიბრუნე, თორემ ბნელ ტარტაროსში გადაგტყორცნი!“ – დაემუქრა ძმას აპოლონი. ჰერმესმა კი ასე მიუგო: „სად უნდა მენახა შენი ძროხები, ან როგორ უნდა მომეპარა, გუშინ არ გავჩნდი? ფეხიც არ შემიხია მიწისთვის. თუ გსურს, მამასაც დავიფიცებ!“ არ დაიჯერა აპოლონმა. ჩვილი აკვნიდან ამოიყვანა და ხელში აიტაცა. ახალი ოინი მოისაზრა ჰერმესმა. მუცლიდან გამოუშვა მავნე ქარები, თან მიყოლებით რამდენჯერმე დააცემინა. შეცბა აპოლონი და ხელიდან გაუვარდა პატარა ღმერთი. შემდეგ ურჩია, წინ ევლო და ქვიშიან გზას გაჰყოლოდა ოლიმპოსის მწვერვალისაკენ. მალე მიადგნენ ღმერთთა სავანეს. მათ მოსასმენად შეიკრიბნენ უკვდავები. ისევ იცრუა ჰერმესმა, ირწმუნებოდა, ნახირი არ მომიპარავსო. ბოლოს მამა-ზევსს ჩაუკრა თვალი და უჩურჩულა, შემეწიეო. ხარხარებდა შვილის მზაკვრობით მოხიბლული ზევსი. უკვირდა, ასე ოსტატურად რომ ტყუოდა პატარა ბავშვი. ბოლოს შეიკრა წარბი და ბრძანა, ძმებს ერთად ეძებნათ საღმრთო ნახირი.

აპოლონი და ჰერმესი გზას დაადგნენ. ჰერმესმა თავისი ქნარი ააჟღერა. მისმა ხმამ მოხიბლა აპოლონი. ეს შეამჩნია ჰერმესმა და სახელოვან ძმას უბოძა ქნარი. სამაგიეროდ აპოლონმა მას თავისი სახრე აჩუქა, ნახირის მოვლა მიანდო და აურაცხელი საქონელი ჩააბარა. ვიდრე ხარები ბალახს ძოვდნენ, ჰერმესმა მოჭრა ლერწამი, მისგან გამოთალა სტვირი, რომელიც მწყემსთა უსაყვარლესი საკრავი გახდა.

ჰერმესი თავისი მხიარული ხასიათის გამო მალე შეიყვარეს ღმერთებმა და მრავალი საქმე მიანდეს. ის ითვლებოდა ღმერთების მაცნედ. ვაჭართა, მოგზაურთა და გზათა მფარველად. ზევსმა მას უბოძა კვერთხი – კერიკეონი, აგრეთვე ფართოფარფლებიანი ქუდი წვიმებისაგან თავდასაცავად და ფრთებიანი ოქროს სანდლები, რომლებიც მას ქარის სისწრაფით დააქროლებდნენ.

ღმერთებს ჰერმესმა ჯოხის ხეზე ხახუნით ცეცხლის დანთება ასწავლა. მანვე გამოიგონა კოჭის თამაში და მათზე დაკვირვებით მკითხაობა. ჰერმესის შემწეობით შეადგინეს ბედისწერის ღვთაებებმა (მოირებმა) ანბანი. ჰერმესსავე მიეწერება ასტრონომიის, მუსიკის, კრივის და ტანვარჯიშის, წონის საზომთა გამოგონება. მან ასწავლა ადამიანებს ზეთისხილის ხის მოვლაც.

ჰერმესს მრავალი და ერთმანეთისაგან განსხვავებული შვილი ჰყავდა. მათ შორის არგონავტთა მაცნე ექიონი, ყაჩაღი ავტოლიკოსი (ოდისევსის პაპა), ორსქესა ჰერმაფროდიტოსი, ბუკოლიკური (მწყემსური) პოეზიის შემოქმედი დაფნისი.

ჰერმესი ბედნიერების მომტან ღვთაებად მიაჩნდათ ბერძნებს. ამიტომ შეარქვეს მოულოდნელ ძღვენს ან ნაპოვნ ნივთს ჰერმაიონი, ანუ ჰერმესის საჩუქარი.

ღვთაებას მუდამ თან დაჰქონდა ოქროს კვერთხი – კერიკეონი. ამის გამო უწოდეს მას ქრისორაპისი – ოქროსკვერთხოსანი. ამ კვერთხით ხელში აღასრულებდა იგი თავის უწმინდეს მოვალეობას: მიცვალებულთა სულებს მიაცილებდა ჰადესში. სახელიც შესაბამისი შეარქვეს – ფსიქოპომპოსი, ანუ სულთა გამცილებელი.

ჰერმესის წმინდა ფრინველი იყო წერო. ოქროსკვერთხოსანს მსხვერპლად სწირავდნენ ღორს, თიკანს, თხასა და ცხვარს. მასვე სწირავდნენ ყოველგვარი სამსხვერპლო ცხოველის ენას, რადგანაც მჭევრმეტყველთა და მჭევრმეტყველების მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდათ იგი. ჰერმესი ბერძნული სამყაროს უსაყვარლესი ღმერთი იყო. იგი არა მხოლოდ კეთილ საქმეებს მფარველობდა, არამედ ისეთ საქმეებსაც, რომლებიც ღმერთთათვის შეუფერებელი ჩანდა. ჰერმესი ხომ ქურდებისა და ოინბაზების შემწეც იყო და ამ თვისებით გამოირჩეოდა ბერძნულ პანთეონში.

ჰერმესს დიდ პატივს მიაგებდნენ ანთესტერიებზე. ეს დღესასწაული სამ დღეს გრძელდებოდა. ზეიმის ბოლო დღეს „ქოთნები“ ეწოდებოდა და იგი ჰერმეს ფსიქოპომპოსს ეძღვნებოდა.

სახვით ხელოვნებაში ჰერმესი თავდაპირველად წვეროსან, ჭარმაგ მამაკაცად იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით მან ყმაწვილის იერი მიიღო. მისი ატრიბუტია: სამგზავრო ქუდი „პეტატოსი“, ფრთიანი სანდლები „პედილა“ და გველებშემოგრაგნილი ან ბაფთებით შემკული კვერთხი „კერიკეონი“. ჰერმესს, როგორც მწყემსთა და პირუტყვთა მფარველს, ზოგჯერ კრავი ჰყავს მხრებზე შემოსმული. ზოგჯერ კი ქისა უკავია ხელში და ამ შემთხვევაში ვაჭართა და ვაჭრობის მფარველ ღვთაებას განასახიერებს. მას, ვითარცა გზათა და მოგზაურთა მფარველ ღვთაებას, ხშირად უდგამდნენ ჰერმებს.

ჰერმესს მრავალმა სახელოვანმა მოქანდაკემ მიუძღვნა თავისი ქმნილება. მათ შორის დღესაც საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს პრაქსიტელესის „ჰერმესი ჩვილი დიონისეთი“. ჰერმესის გამოსახულებანი გვხვდება ბანკების, სავაჭრო ფირმათა თუ ნავსაყუდართა ემბლემებზეც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები