მითოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითოლოგიამითების ერთობლიობა. მითოს – თქმულება და ლოგოს – სიტყვა, თხრობა, მეცნიერება. მითების სისტემას შემუშავებულს ამა თუ იმ ხალხის მიერ, მითოლოგიას უწოდებენ. მითოლოგია, როგორც ადამიანთა განვითარების ადრეული საფეხურების დამახასიათებელი ზეპირი შემოქმედების ფორმა, წარმოადგენდა სინკრეტულ მოვლენას, რომელშიც გაერთიანებული იყო მსოფლმხედველობრივი, რელიგიური, ცხოვრებისეული ელემენტები. მითოლოგია მთელი გვარის იდეოლოგიას გამოხატავდა. განვითარების შემდგომ ეტაპებზე მითოლოგია, ერთის მხრიე, რელიგიის განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, ხალხურ შემოქმედებაში მითოლოგიური სიუჟეტებისა და სახეების მხატვრული გადამუშავების საფუძველს წარმოადგენს.

ცალკეული მითები ყოველ ხალხს აქვს შექმნილი, მაგრამ მითების ურთიერთ შეთანხმებული სისტემა – მითოლოგია ყველას არ გააჩნია.) ე. წ. პრიმიტიულ ხალხებს მოეძებნებათ მრავალფეროვანი ნატურალისტური ან ანიმისტური მითები, მაგრამ ბერძნების, ეგვიპტელების, ინდოელების და შუამდინარეთის ხალხების მმსგავსად, მათ მითების დასრულებული სისტემა არ შეუქმნიათ. სამაგიეროდ, განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ხალხთა შემოქმედებაში ვხვდებით მითებს მათ ბუნებრივ ფორმაში, ზეპირი ტრადიციით მოღწეულს, ხოლო ძველი ცივილიზაციის ხალხების მითები, უმეტეს შემთხვევაში, უკვე ლიტერატურული გადამუშავების ან ადრიანდელი ფიქსაციის შედეგს წარმოადგენს. ძველი საბერძნეთის მითოლოგიას ძირითადად ჰომეროსისა და ჰესიოდეს პოემებით და სოფოკლეს ტრაგედიებით ვიცნობთ. ეგვიპტურ მითოლოგიას ე. წ. მიცვალებულთა წიგნებითა და საფლავების წარწერებით ვეცნობით, შუმერულ-აქადურს ბაბილონურს – თიხის წიგნებში ფიქსირებულსა და ლიტერატურულად დამუშავებულს. ქართულ მითოლოგიას ჩვენამდე სრული სახით არ მიუღწევია. ქართული წარმართული პანთეონისა და მითოლოგიის განვითარება ძირითადად შეწყდა საქართველოში ქრისტიანობის მიღებასთან ერთად. მაგრამ, მიუხედავად დევნისა, რომელსაც ქართული წარმართობა განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ქართული მითოლოგიური ხასიათის ძეგლი, მისი წმინდა სახით არ ყოფილა ფიქსირებული ძველ მწერლობაში, ზეპირმა ტრადიციამ მითები საკმაო რაოდენობით დაიცვა და შემოინახა. მასში ხშირად უძველეს, წარმართულს, მოგვიანო ხანის ქრისტიანული ელემენტები გადაეჯაჭვა, ხოლო ზოგჯერ ახალი, ქრისტიანული მითოლოგია და დემონოლოგია ჩამოყალიბდა. ქართველთა უძველესი რელიგიური და მითიური წარმოდგენების შედარებითი მესწავლა გვიჩვენებს სხვდასხვა ქართველურ ტომებში მათ განსხვავებულ განვითარებას. მაგრამ უდავოდ ხდის მათ საერთო წარმოშობას და მტკიცე ერთობლიობას. ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში ვხვდებით ინტერესს უცხო ტომთა მითოლოგიის, მაგ. ანტიკური მითოლოგიის მიმართ.

მითოლოგიური თქმულებანი გვხვდება როგორც პროზის, ისე ლექსის ფორმით. ხშირია მათი პარალელური არსებობაც. მითოლოგიურ ძეგლებს რიტუალერი ხასიათი ჰქონდა. ლექსებს ფერხულში მღეროდნენ. ამგვარმა ტრადიციამ ჩვენს დრომდე მოაღწია. ქართული მითების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი დედის, ბუნების ღვთაების მრავალსახოვან კულტს უკავშირდება. ეს არის მითები წყლის, კლდეების, ნადირთა მწყემსის, ადგილის დედისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ. ამგვარი თქმულებები ნადირობის, მეთევზეობის, უფრო გვიან კი მესაქონლეობის ინსტატეტთანაა დაკავშირებული. დალისა და ბეთქილის ლექსები, თქმულებები ვეშაპებზე, ხოგაის მინდის თქმულება, ხთისშვილთა დევებათან ბრძოლის ამსახველი სიმღერები და თქმულებანი ქართული მითოლოგიის მდიდარ მასალას წარმოადგენს.

ე. ვირსალაძე



ლიტერატურა

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, თბ., 1951;
  • მისივე, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, ტ. I, თბ., 1959;
  • ვ. ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1930;
  • მისივე, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბ., 1941;
  • პ. ინგოროყვა, ქართული წარმართული კალენდარი; ფილოსოფიის ისტ, I, 1956.
  • ელ. ვირსალაძე, „მითი“, ქართ. ხალხ. პოეტური შემოქმედება, თბ., 1960;
  • მისივე სამონადირო ეპოსი, თბ., 1964;
  • ქართულ ხალხური პოეზია, I, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები