ბარდაველიძე ვერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერა ბარდაველიძე

ბარდაველიძე ვერა – (დ. 17.09.1890, ქ. თბილისი – გ. 23.10.1970, იქვე), ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963).

თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1923) სწავლობდა ლენინგრადში მატერიალური კულტურის აკადემიის ასპირანტურაში (1926-1929). საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1931) სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენიმკის ინსტიტუტში, თსუ-ის ეთნოგრაფიულ კათედრაზე და შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე. XX ს. ”20-იანი წლებიდან გვერდში ედგა მეუღლეს – ცნობილ მეცნიერს, გიორგი ჩიტაიას, საქართველოს ეთნოგრაფიული მეცნიერული კვლევის ფუძემდებელს.

ბარდაველიძის შრომები მიძღვნილია ქართველი ხალხის ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სულიერი კულტურის პრობლემებისადმი (ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართველების დღეობათა კალენდარი, ქართული ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და მრავალი სხვ.). მეცნიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ საწესო გრაფიკულ ხელოვნებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მრავალრიცხოვანი არქეოლოგიურ გრაფიკულ მასალის გაშიფვრასა და გააზრებისათვის.

აღსანიშნავია ბარდაველიძის დამსახურება აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა საზოგადოების ცხოვრების შესწავლის საქმეში. ჯვარ-ხატების სამამულო მფლობელობის, სოციალ-ეკონომიკური ორგანიზაციის (ბერების ინსტიტუტი) ბუნების საკითხი. დაადასტურა, რომ სოციალური ურთიერთობის რწმენა-წარმოდგენების ერთობლიობის შესწავლით დგინდება ძველი ქართული პანთეონის განვითარების საფეხურები. მან პირველმა დაიწყო ძველი ქართული წინაქრისტიანული რელიგიის მეცნიერების კვლევა: სიცოცხლის ხე, მიცვალებულთა კულტი, აგრეთვე ისეთი კულტები, როგორიც არის ბასილა, ბატონები, ბახუსი, ხახმატის ჯვარი, სამების ხატი, ლომისობა, იახსარის ხატი, კვირია, კოპალა, კვირაცხოვლობის ხატი, ნანა, სამძიმარი, ლაზარობა, ქორბღელა, ტელეფინუ, ლიფასადი, ქალახდა, აგუნა, ლამარიობა და სხვ.

მნიშვნელოვანია ბარდაველიძის მეცნიერული მოღვაწეობა ქართველების სულიერი კულტურის სფეროში, სადაც მრავალ საკითხს თავისი ადგილი მიუჩინა. ამ საკითხთან დაკავშირებით მან შეადგინა კითხვარი, რომელიც სპეციალისტებისათვის სამუშაო პროგრამა გახდა. ბარდაველიძის გამოკვლევები და მონოგრაფიები – „ქართველ ტომთა უძველესი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები და საწესო გრაფიკული ხალოვნება“, „დროშა-ლემ“, „ქართული ხალხური ორნამენტი“, „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბალ-ბაბარ)“, „სვანურ-ხალხური დღეობათა კალენდარი, ახალი წელი“ და სხვ. – ქართული ფოლკლორის გენეზისის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი ნაშრომებია.


ლიტერატურა

  • გეგეშიძე მ., ვ. ბარდაველიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, 1972, ტ. 16-17;
  • თოდუა რ., ვ. ბარდაველიძის შრომების ბიბლიოგრაფია, იქვე;
  • ოჩიაური თ., რუხაძე ჯ., ვერა ბარდაველიძე, თბ., 1988.

იხილე აგრეთვე

ვერა ბარდაველიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები