ლაზარობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გონჯაობა/ლაზარობა – გვალვა-დელგმის საწინააღმდეგო ხალხური წეს-ჩვეულება. სრულდებოდა საქართველოს ყველა ისტორიულ კუთხეში ხანგრძლივი გვალვების ან გადაუღებელი წვიმების დროს.

ხალხური ტრადიციით, სეტყვისა და წვიმის წინამძღოლობა ღმერთისგან წმ. ელიას ებარა. ხალხი ელიას „მინდვრის ყარაულს“, წვიმის და ჭექა-ქუხილის „წინამძღოლს“ უწოდებდა. დიდი გვალვები რომ დაიწყებოდა, უფროსი, მოთავე ქალები სოფლად ახალგაზრდებს ურჩევდნენ – „მოდი, წავიდეთ ელიასთანო“. თიხის ან ალიზისგან კაცის გამოსახულებას აკეთებდნენ, ან ორ ჯოხს ჯვარედინად დაამაგრებდნენ, ზედ ნაჭრებს დაახვევდნენ, პერანგს ჩამოაცვამდნენ, რასაც „გვალვის პატარძალს“ ან „წვიმის თოჯინას“ ეძახდნენ. თოჯინები გასათხოვარ ქალიშვილს უნდა გაეკეთებინა. ზოგჯერ თოჯას (თოჯინა) ძველმანებში ჩაცმული ადამიანი ცვლიდა, რომელიც საზარელი შესახედავი (გონჯი, მახინჯი) უნდა ყოფილიყო. ჯოხებისგან გაკეთებულ თოჯინას კაცის ტანსაცმლითაც მოსავდნენ. მამრობითი სქესის თოჯინას „ლაზარეს“ ეძახდნენ, მდედრობითისას – გონჯას. თოჯინას დებდნენ ფიცარზე ან წყლიან ჯამში და კარდაკარ დავლისას პროცესიის წინ მიჰქონდათ. აქედან მოდის ამ ჩვეულების – სახელიც „ლაზარობა“/გონჯაობა“.

თეთრებში საზეიმოდ გამოწყობილი ფეხშიშველა ქალები სოფელს დაივლიდნენ საგანგებო საგალობლებით. ამ ჩამოვლას „დიდებით დავლას“ ეძახდნენ. პროცესიაში აუცილებლად მონაწილეობდნენ ქალიშვილები და ქვრივი ქალები: „ქვრივი ქალები და მისი ობლები უფრო ეცოდება უფალს და წვიმას გამოუგზავნის“. (ხალხ.). ქალიშვილები კი უბიწოებასთან, ოჯახის სიწმინდესთან იყვნენ გაიგივებულები. ყველა ოჯახიდან ქალებისთვის და თოჯინისთვის წყალი უნდა გადაესხათ და რამე ეჩუქებინათ (პური, ფქვილი, კაკალი, კვერცხი, ფული). თუ წვიმის შეწყვეტა სურდათ, მაშინ თოჯინას თვალებში ნაცარს აყრიდნენ. შეგროვილი სურსათით ქალები ყიდულობდნენ ცხვარს ან თიკანს და სავედრებელ, „სამღვთო“ სუფრებს შლიდნენ. სუფრას მღვდელს აკურთხებინებდნენ. თიხის კაცს „ლაზარეს“ ხელში ბარათი ეჭირა; ხალხური წარმოდგენით, ამ ბარათით ლაზარე ელიასთან იგზავნებოდა წვიმის მოსაყვანად. კარდაკარ დავლისას შესრულებულ სიმღერებში სხვადასხვა ვარიანტით ახსენებენ ელიას, ლაზარეს, გონჯას, ბარბარეს:

„ეხ, ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოდგა კარსა, იფრიალა მთასა,
მიდგა-მოდგა თაროსა, დაემზგავსა მთვარესა!
ღმერთო, მოგვეც ტალახი, აღარ გვინდა გორახი,
შენ მოგვიყვან წვიმასა, ჩვენ დაგიკლავთ ციკანსა!“
„აჰ, ბარბარე, ბარბარე,
ცხრა ღრუბელი შაჰყარე,
გამოუძეხ წინა,
ჩამოუშვი წვიმა!“
„გონჯა მოდგა კარებსაო,
აბრიალებს თვალებსაო,
ჩამოუშვი წვიმაო,
ჩამოუძეხ წინაო,
ღმერთო, მოგვეც ტალახი,
აღარ გვინდა გორახი“. (ხალხ.).

ქართლ-კახეთში წვიმის გამოსაწვევად გუთნის გამოტანა და გუთანში ქალების შებმაც სცოდნიათ. დიდებაზე დავლის შემდეგ, ქალები გუთნისდედას აირჩევდნენ, 8-10-უღლიან დიდ გუთანში შეებმებოდნენ და წყალში შეჰქონდათ, ასრულებდნენ გუთნით „წყლის მოხვნის“ წესს. აქაც გუთანში ქვრივი ქალების შებმა ყოფილა სასურველი. წყალში შესულები ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ, წყალში აგდებდნენ, წუწავდნენ ყველა იქ მყოფს, რასაც, მათი რწმენით, აუცილებლად წვიმა უნდა გამოეწვია.

„წყლის მოხვნის“ შემდეგ, მეორე დღეს, ეკლესიაში წავიდოდნენ, შემოუვლიდნენ გარშემო მღვდლის წინამძღოლობით და „სამღვთოს“ იხდიდნენ. სუფრას მღვდელი აკურთხებდა. საკლავის ბეჭსა და ტყავს მღვდელს უტოვებდნენ.

სასურველი ამინდის გამოსაწვევად ლაზარობაში მონაწილე ქალები ე.წ. ქალქვებთანაც მიდიოდნენ. გადმოცემით, ქალქვები ძველად ცოცხლად გაქვავებული ქალები ყოფილან. გვალვისას ამ ქვებს გადმოაბრუნებდნენ და წყალს მიასხამდნენ, ან წყალში ჩააგდებდნენ. ერთი ასეთი ქალქვა ქიზიყში, ბოდბის ეკლესიასთან მდებარეობდა, რომელიც ოდესღაც გათხოვილი ქალი ყოფილა, რაღაც მიზეზით სახლიდან გაუგდიათ და უკან მოხედვისას გაქვავებულა. გვალვისას ქალების გუნდი ამ ქვასთან სიმღერით მიდიოდა: „დაგვეწვა მინდვრებიო, დაიწვა დიდი შირაქი და პატარა თელა წყალიო“. (ხალხ.).

დმანისში (დიდი ლიახვის ხეობა) მდებარე საწვიმარ ქვას „მოზვერა ქვას“ ეძახდნენ, რომლის დაძვრა წვიმას იწვევდაო. კახეთში ასეთ ქვებს „მამიდა ქვას“, „ამყე მამიდას“ ეძახდნენ. სეტყვის საწინააღმდეგოდ სოფლებში იცოდნენ გამაყრუებელი ხმაურის ატეხა. საავდრო ღრუბლის გამოჩენისას იტყოდნენ: „ელია მოდის, ბრმა ელიაო!“, ისროდნენ თოფებს, ეზოში დიდ ქვაბებს აპირქვავებდნენ და ზედ მარილს წააყრიდნენ, სეტყვა გაწყალდებაო, ძაღლებს აყმუვლებდნენ, ეკლესიის ზარებს რეკდნენ: „ელია ბრმაა, არ იცის სად ასველებს და ანადგურებს. ხმაურს რომ გაიგონებს, მიხვდება, რომ აქ სოფელია და არ დასეტყვავს“. (ხალხ.).

ჭექა-ქუხილი, ხალხური წარმოდგენით, ელიას ცეცხლოვანი ეტლის გრიალია, რითაც ის ავსულებს დევნის და მუსრავს. საღვთო წერილით, ელია ცოცხლად იქნა ატაცებული ცეცხლოვანი ეტლით ზეცად და ქრისტე ღმერთი კვლავ დააბრუნებს მას ამქვეყნად მეორედ მოსვლის წინ, განდგომილი კაცობრიობის მოსაქცევად.

ამინდთან, მოსავლიანობასთან დაკავშირებულ ამ საგაზაფხულო ხალხურ წეს-ჩვეულებას ეთნოლოგები ქართლის მოქცევის პერიოდს, მცხეთის ჯვრის აღმართვა-სასწაულებს უკავშირებენ, კერძოდ, 7 მაისს (ძვ. სტილით). ამ დღეს, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, აღმართეს მცხეთაში ჯვარი, რომელიც იქმოდა „სასწაულთა გამოუთქმელთა და კურნებათა მათ მიუთხრელთა“. (ლ. მროველი). ამავე დღეს არის ხსენება იერუსალიმში ჯვრის სასწაულებრივი გამოჩინების (351), ამ დღესვე ეკლესია მოიხსენებს წმ. მამა იოანე ზედაზნელს და დანარჩენ ასურელ მამებს. „წვიმის გამოთხოვის და კოხის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულებები შემდგომ უნდა დაკავშირებოდა ქრისტიანულ ჯვრის დღესასწაულს. ჯვრის დღესასწაული, ქართულ ტრადიციაში, დაუკავშირდა სამეურნეო კალენდარს“. (ნ. ღამბაშიძე). ხალხური წარმოდგენით, 7 მაისი სასწაულჩენის დღეა; ძველად თბილისში ამ დღეს ქალიშვილები ქუჩებში თავშიშველა დარბოდნენ და „7 მაისის“ საგალობლებს მღეროდნენ. „7 მაისის“ წვიმას ისეთი თმები ამოჰყავდა, მისი მნახველი ჭკუიდან შეიშლებოდა. (ხალხ.). ქალები 7 მაისის წვიმის წყალს ჭურჭლით ინახავდნენ, ახალშემოსული ყვავილებით და ბალახებით აზავებდნენ და სამკურნალოდ ხმარობდნენ. სოფლად კი „ლაზარობაზე“ დადიოდნენო; „1 მაისს, ზოგჯერ უფრო ადრეც, ქართველების ყველა წლოვანობის ტოლ-ტოლი ქალები, რვა წლიდან ვიდრე ორმოცდაათ წლამდე შეიკრიბებიან ერთად და იწყებენ სოფელში კომლეულად სიარულს „ლაზარეზედ“, როგორც თვითონ უწოდებენ. ამნაირად ერთ კვირას დაიარებიან, ხოლო მაისის 7-ში იხდიან სამღვთოს“.

წმ. ზატიკის პერიოდში, ანუ აღდგომიდან ამაღლებამდე, მთელ საქართველოში ორშაბათს და ხუთშაბათს „კოხიჯვრობის“ უქმეს იცავდნენ; ხელსაქმეს ხელს არ ჰკიდებდნენ და მიწას არ „გაანძრევდნენ“. ძველად თბილისშიც აღდგომიდან ამაღლებამდე, ორშაბათობით, ამქრებიც უქმობდნენ, ყიდულობდნენ ცხვარს და „სამღვთოს“ იხდიდნენ. შილაფლავის ნაწილს პატიმრებს უგზავნიდნენ, ნაწილს კი – ქვრივ-ობლებს. ამას აკეთებდნენ მოსავლის სიუხვისთვის, რათა ნათესები და ხეხილი სეტყვასა და კალიას არ გაეფუჭებინა. „ავი ჰაერისაგან“, ანუ „გველეშაპისაგან“ (ხალხ.) დაცვას წმ. გიორგისაც შესთხოვდნენ. მასვე სთხოვდნენ შველას მზისა და მთვარის დაბნელებისას.

გ. ჩინჩალაძე



წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „დროება“, 7 მაისობა ქართველებში, 1877, №59;
  • ღამბაშიძე ნ., 7 მაისის დღესასწაული საქართველოში, ანალები, №2, თბ., 1997.
  • აბაკელია ნ., მითი და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997;
  • ბარდაველიძე ვ., გვალვა-დელგმის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულებები ქართლში, გონჯაობა/ლაზარობა, ეთნოლოგიური კრებული, თბ., 1991;
  • ლეონტი მროველი, ცხოვრება მეფეთა, ქართული მწერლობა, ტ. 1, თბ., 1987;
  • შველიძე მ., საზაფხულო დღეობათა ციკლი ქვემო ქართლში, კრებ; ქვემო ქართლი, თბ., 1984.

იხილე აგრეთვე

ლაზარია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები