ბანდურა ალბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანდურა ალბერტ

ბანდურა ალბერტ - Bandura Albert,Бандура Альберт, 1925–2021

კანადო-ამერიკელი ფსიქოლოგი, სოციალურ-კოგნიტივისტური თეორიის ავტორი. თავდაპირველი ფსიქოლოგიური განათლება მიიღო კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდგომ გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში და სწავლა კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულერბით განაგრძო აიოვას უნივერსიტეტში. თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში მოღვაწეობდა სტენფრდის (სან-ფრანცისკო) უნივერსიტეტის პროფესორად. იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის აშშ-ს ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო ფსიქოლოგი. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) პრეზიდენტი (1974) და კანადის ფსიქოლოგიური ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.

ბანდურამ ბიჰევიორიზმით დაიწყო. მაგრამ საკმაოდ მალე დარწმუნდა, რომ დასწავლის ბიჰევიორისტული მოდელით ძნელია სოციალური ქცევის სრულყოფილი აღწერა. მან დაიწყო სოციალური გამოცდილების შეძენის ისეთი ფორმის შესწავლა, როდესაც დასწავლა საკუთარი ქცევის შესრულების საშუალებით კი არა, სხვის ქცევაზე დაკვირვების გზით ხორცილდება. ამ პროცესს მოდელირება უწოდა. ამ, არსებითად სოციალური დასწავლის თეორიის საფუძველზე, ბანდურამ აგრესიის ახლებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა. მან აღმოაჩინა, რომ აგრესიული ქცევა მეტად უყალიბდებათ ბავშვებს, რომლებიც აკვირდებიან აგრესიას ოჯახში. აღსანიშნავია, რომ ქცევის მოდელირება მაშინაც ხდება, როცა ბავშვები მოდელის მოქმედებას უყურებენ არა ცოცხლად, არამედ ეკრანზე. ამდაგვარი გამოკვლევები საფუძვლად დაედო შეხედულებას იმის შესახებ, რომ აგრესიულობა ადამიანის შეძენილი თვისებაა და მის გამომუშავებაში დიდ როლს თამაშობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით ეკრანული.

ბანდურა მუშაობდა როგორც ექსპერიმენტული, ისე კლინიკური ფსიქოლოგიის დარგებში. კერძოდ, იგი ავტორია „სისტემური დესენსიბილიზაციის” ფსიქოთერაპიული მეთოდის ერთგვარი სახეობისა. ამ მიმართულებით კვლევები ტარდებოდა კლინიკაში პაციენტებთან, რომლებსაც ჩვეულებრივი ფობიები აწუხებდა - გველების, ობობების, სიმაღლისა და სხვა შიშები. ფსიქიკური აშლილობის მიზეზებზე მსჯელობისას ბანდურა ეყრდნობოდა სოციალურ-კოგნიტივისტური თეორიის ერთერთ ძირეულ ცნებას - თვითეფექტურობას. ეს აღნიშნავს ადამიანის დარწმუნებლობის დონეს იმაში, თუ რამდენად შეუძლია მას ამა თუ იმ მოქმედების შესრულება სოციალურ სიტუაციაში. მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული და კლინიკური გამოკვლევის საფუძველზე ბანდურა მივიდა დასკვნამდე, რომ თვითეფექტურობის მაღალი დონე წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო დაბალი თვითეფექტურობა შეიძლება ძლიერი უსიმოვნო განცდების (შიში, შფოთვა, დაუწმუნელობა და სხვა) მიზეზი გახდეს და ფსიქიკური აშლილობის მიზეზად მოგვევლინოს.

საყოველთაოდ ცნობილია აგრეთვე ბანდურას თეორიის გამოყენება განათლების ფსიქოლოგიაში.

საზოგადოდ ბანდურას შეხედულებათა სისტემა ე.წ. ურთიერთდეტერმინიზმის ანუ რეციპროკული დეტერმინიზმის პრინციპს ეყდნობა, რომლის თანახმად ქცევა, პიროვნება და გარემო ერთმანეთს განსაზღვრავს.

კოგნიტივიზმი, სოციალური დასწავლის თეორია, კოგნიტივისტურ-ბიჰევიორისტული, ინტერაქცია, განმტკიცება, ღირებულება, სპეციფიკური მოლოდინი, გენერალიზებული მოლოდინი, კონტროლის ლოკუსი, ექსტერნალური ლოკუსი, ინტერნალური ლოკუსი.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები