ბახალათის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბახალათის ეპარქია − ადრეფეოდალური ხანის საეპისკოპოსო ცენტრი, რომელიც ისტორიულ ჰერეთში მდებარეობდა. წყაროები ამ ეპარქიაზე ძალზე მწირია. მკვლევართა აზრით, ბახალათი უნდა იყოს თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის რაიონში მდებარე პუნქტი ბახთალო. ბახთალო მდებარეობს გვიანფეოდალური ხანის კახეთის ცნობილი ქალაქის – ძეგამის (ბაზარი-ზაგემის) – ტერიტორიაზე. აქ დღემდე შემორჩენილია გვიანდელი ხანის არქიტექტურული ძეგლი – ბახთალოს ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. ეს არის მთლიანად აგურით ამოყვანილი გუმბათიანი ტაძარი ალაზნის მარცხენა მხარეს, სოფ. ალი აბადიდან 7-8 კმ-ზე. ეკლესიის მხოლოდ აფსიდა იყო მოხატული. ფრესკებზე განარჩევენ გვიანდელ წარწერებს საეკლესიო-სლავურზე. შესაძლებელია, ეს მიანიშნებდეს XVI-XVII სს. კახეთის მეფეების მიერ რუსეთიდან მხატვრების მოწვევის ფაქტზე. XVI ს. ტაძრის არსებობა არ გამორიცხავს, რომ ბახთალო, ანუ ბახალათი, მნიშვნელოვანი საეპისკოპოსო ცენტრი ყოფილიყო ადრეფეოდალურ ხანაშიც.

1865 წელს ქ. ზაგემში, ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში (ბახთალო), იქაურმა მცხოვრებლებმა მიწის ხვნის დროს გუთანს ამოაყოლეს ზარი, რომელზედაც ამოკვეთილი იყო წარწერა: „ესე ზარი მე, კახეთის მეფე ლეონმა შევსწირე ბახთალოს ღვთისმშობლის ეკლესიას.“

მ. შაორშაძე

ლიტერატურა

  • ედილი ზ., საინგილო, თბ., 1947;
  • პაპუაშვილი თ., საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 2008;
  • მისივე, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები