ბახი იოჰან სებასტიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან სებასტიან ბახი

იოჰან სებასტიან ბახი - (გერმ. Johann Sebastian Bach), (21. III. 1685, აიზენახი, თიურინგია, – 28 VII. 1750, ლაიფციგი), გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი.

ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომლის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმ. მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. 1703 ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახმა თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე „კაპრიჩო საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“ (1704). არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 შექმნა „არჩევნების კანტატა“. იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპის ქვეყნების მუსიკის კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა (ა. ვივალდისა და ა. კორელის შემოქმედება). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა „მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა“ (1716) და მრავალი სხვ.

1717 ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა „კარგად ტემპერირებული კლავირის“ I ტომი (1722), ექვსი „ინგლისური“ (1720-22) და ექვსი „ფრანგული სიუიტა“, ორ და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი „ბრანდენბურგული კონცერტი“ (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმ. თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი).

ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა. ლაიფციგის პერიოდი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში დამკვიდრდა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები („ქრისტეს ვნებანი“) – იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-38), „სააღდგომო ორატორია“ (1736), „მაგნიფიკატი“ (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: „ყავის კანტატა“ (1732), „თესევსი და პანი“ (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), „მწყემსური კანტატა“ (1725), „ღამის მუსიკა“ (1738) და სხვ. აგრეთვე, ინსტრუმენტული ნაწარმოებები: „კარგად ტემპერირებული კლავირის“ II ტომი, „გოლდბერგის ვარიაციები“ (1742), „ფუგის ხელოვნება“ (1749-50), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, „იტალიური კონცერტი“ (1734).

ბახის შემოქმედება აგვირგვინებს მთელი შუა საუკუნეების შემდეგდროინდელი მსოფლიოს მუსიკის ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურის წყაროები გერმანული ხალხური შემოქმედებიდან და პროტესტანტული ქორალიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, აკაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა.

ბახის შემოქმედება ფილოსოფიურ ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა-თავისუფალი „ქრომატული ფანტაზიიდან“ რამდენადმე განყენებული „ფუგის ხელოვნებამდე“, ჟანრულ-სახუმარო „კაპრიჩოდან“ – დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არცერთხელ არ მიუმართავს.

ბახის შემოქმდება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკის საგანძურში.

1950-იდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკის კონკურსები. მ. კორძაია

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები