ბეინი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბეინი

ბეინი ალექსანდრე - Bain Alexander, Бэн Александр, 1818-1903

ინგლისელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი. გვიანი ასოციაციონიზმის ერთერთი ძირითადი წარმომადგენელი. ბეინი, აბერდინის უნივერსისტეტის პროფესორი და რექტორი, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიის სისტემატური კურსის ავტორი, რომელიც ორ წიგნად გამოიცა: „შეგრძნებები და ინტელექტი” (1851) და „გრძნობები და ნებელობა” (1859). ეს თხზულება მრავალი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის ძირითადი სახელმძღვანელო იყო ბრიტანეთში. 1876 წელს ბეინმა დააარსა ჟურნალი „Mind” , რომელიც ზოგჯერ მსოფლიოში პირველ ფსიქოლოგიურ ჟურნალად მოიხსენიება, თუმცა მასში უფრო ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა ჭარბობდა.

ბეინი ფსიქოლოგიაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთ მოვლენებს, რომლებსაც ძალზე მჭიდროდ უკავშირდება სხეულებრივ ორგანიზაციას: რეფლექსები, ჩვევები, ემოციები, ინსტინქტები და საზოგადოდ ქცევა. ეს განასხვავებს მას ტრადიციული ასოციაციონიზმისაგან, რომელიც, უპირატესად, წმინდა ცნობიერების ფარგლებში რჩებოდა. ბეინს სურდა, დაეძლია ის დაპირისპირება, რომელიც ტრადიციულად არსებობდა უნებლიე და ნებელობითი ქცევების დახასიათებაში. მათ შორის არსებული უფსკრულის ამოვსების მიზნით, მან გამოთქვა აზრი აქტივობის ისეთი სახეობის არსებობის შესახებ, რომელიც არც წმინდა რეფლექსურია, არც წმინდად განზრახული ბუნებისაა და ცდისა და შეცდომის პრინციპს ემორჩილება. ეს არის მოქმედება, რომლის მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით მიიღწევა. ადამიანი უცებ არ გადადის გაუცნობიერებელი, სპონტანური მოქმედებიდან გონიერ, ნებელობით მოქმედებაზე. აქ მნიშვნელოვანია ე.წ. „სპონტანურ მოქმედებაზე” მითითება, რომელიც, თავისთავად, გარეგანი სტიმულირების გარეშე აღმოცენდება. მისი წყარო ორგანიზმშია, ჭარბი ენერგიის სახით, რომელიც „განტვირთვისას” იწვევს სიამოვნების ან უსიამოვნების გრძნობას. ზოგიერთი ასეთი მოქმედება შეიძლება შემთხვევით, ცდებისა და შეცდომების წყების შედეგად, გარემოში ასოციაციურად დაუკავშირდეს საგნებსა თუ მოვლენებს, დაფიქსირდეს და ჩამოყალიბდეს ადამიანის მიზანშეწონილ მოქმედებად - ჩვევად. ამისთვის მნიშვნელობა აქვს არა უბრალოდ გამღიზიანებლების, ანუ შეგრძნებისა და მოძრაობის მექანიკურ თანხვედრას, არამედ მოძრაობის თანხვედრას სიამოვნების გრძნობასთან. თანამედროვე ბიჰევიორისტული ტერმინოლოგიით - სასარგებლო მოქმედების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის განმტკიცება. ბეინის აზრით, ცდის და შეცდომის მექანიზმი მოქმედებს წმინდა გონებრივ აქტივობაშიც. მაგ., აზროვნების პროცესი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სწორი (მიზნის/ამოცანის შესატყვისი) სიტყვების კომბინაციის შერჩევის პროცესი, რომელიც იმავე პრინციპს ემორჩილება, როგორც საჭირო მოძრაობათა შერჩევა სამოძრაო ჩვევის ჩამოყალიბებისას. ბეინის აზრები ცდისა და შეცდომის გზით ახალ მოქმედებათა შეძენისა და მათი სიამოვნებასთან შეუღლებით ფიქსაციის შესახებ, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოლოგიისთვის, რამდენადაც აახლოებდნენ ერთმანეთთან ცნობიერებისა და ორგანიზმის მოქმედებას (განმტკიცება); ორგანული ბუნების კანონზომიერებანი „შინაგან სამყაროზეც” გავრცელდა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები