ბესიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბესარიონ გაბაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბესიკი

ბესიკი, (გაბაშვილი ბესარიონ) – (1750-91), პოეტი. თეიმურაზ მეორის კარის მოძღვრის, მწერალ ზაქარია გაბაშვილის ვაჟი.

აღზრდა-განათლება სამეფო კარზე მიიღო. პოეტის მამა ანტონ პირველთან საეკლესიო-დოგმატურ საკითხებში მძაფრი კონფლიქტის გამო 1767 წ. ქართლ-კახეთიდან გააძევეს სასულიერო ღირსებებაყრილი. ბესიკი მეფის კარზე დარჩა. მას მფარველობდნენ თეიმურაზ მეორის ქვრივი, დედოფალი ანა-ხანუმი, ერეკლეს ძელევან ბატონიშვილი და ერეკლეს სიძე, სარდალი დავით ორბელიანი (ბესიკის უახლოესი მეგობარი). შემდგომში ერეკლეს საწინააღმდეგო ინტრიგებმა, რომლებშიც პოეტის მამა მონაწილეობდა, სერიოზული ხასიათი მიიღო, რის გამოც ბესიკი ქართლიდან გაუძევებიათ (1777). იგი იმერეთის მეფეს ეახლა. სოლომონ პირველმა ბესიკს მამულები და მდივანთუხუცესობა უბოძა, შემდეგ კი თავადობა მიანიჭა. 1778 წ. დიპლომატიური მისიით წარგზავნა სპარსეთს, 1788-91 წლებში კი — კრემენჩუგში, სადაც მოლაპარაკებას აწარმოებდა მთავარსარდალ პოტიომკინთან, რათა, ქართლ-კახეთის მსგავსად, იმერეთსაც მიეღო რუსეთის მფარველობა. შემდგომში იგი წარგზავნეს კიშინიოვსა და იასიში, სადაც რუსეთ-თურქეთის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა. პოეტი გარდაიცვალა იასიში, იქვე დაკრძალეს. მისი საფლავი დაკარგულია.

ბესიკის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან უმთავრესია სატრფიალო ლირიკა. მიჩნეულია, რომ ერეკლე მეფის დისწულის (მამუკა ორბელიანის ქვრივის) მაია ერისთავის პიროვნებით შთაგონებული ეს ლექსები განწყობილებისა და განცდის ხასიათით ერთიანდება ციკლში, რომელსაც პირობითად „სევდის ბაღი“ ეწოდება („სევდის ბაღს შეველ“, „ბულბული მოდის მწუხარებით“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა“, „ტანო ტატანო“, „ვარდო სასურო, მაისურო“, „შავნი შაშვნი“, „მე შენი მგონე“ და სხვა). ბესიკს წარმოსახვით „სევდის ბაღში“ შეჰყავს გამიჯნურებული ჭაბუკი, აქვე ჩნდებიან საოცნებო ქალისა და მისი მეგობრების სახე-სიმბოლოები: ვარდი, ია, ნარგიზი. გმირი თანაგრძნობასა და შველას სთხოვს ყვავილებს, ეს ღაღადისი წრფელია, სიყვარულის ვნება — თავგანწირული. ამ პოეტურ ბაღში ნაზი სევდა ასხივოსნებს ყველაფერს. ლტოლვის საგნის გამძაფრებული ჭვრეტის ჟამს ზოგჯერ ზედმეტი ხდება მეტაფორული საბურველი და პირობითობა, მიწიერი მშვენიერება ანტიკური ქანდაკების სისავსით ფეთქავს („ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო“)."

ბესიკის პოეტურ სამყაროში აღტაცება-სიხარული ყველგან შემღვრეულია ტკივილითა და ნაღველით, ეს არის ტანჯვა იდეალთან ვერმიახლოებისა, მარადი წყურვილისა, მარადი ფიქრის. თუმცა ბესიკი მაღლდება ტანჯვასა და დაუკმაყოფილებლობაზე, თავისი პოეტური ცხოვრების ნაწილად, თვითგამოხატვის რომანტიკულ ფორმად აქცევს მათ: „ბესიკი სიკვდილს არ ვემალები, თავი მაქვს მისთვის შენაწონები“.

პატრიოტულ მოტივებს შეიცავს ბესიკის ორი მცირე მოცულობის პოემა — „ასპინძისათვის“ და „რუხის ომი“. პირველი ეხება 1770 წ. ასპინძის მიდამოებში ბრძოლას, როცა ერეკლემ დაამარცხა ოსმალები და ლეკები. ნაწარმოებში შესხმულია სარდალი დავით ორბელიანი. პოემაში ომის პერიპეტიების აღწერას ხშირად ენაცვლება ლირიკული პასაჟები. „რუხის ომი“ მოგვითხრობს 1780 წ. ამბავს, როცა აფხაზთა, ჯიქთა და ალანთა ჯარი თავს დაესხა სამეგრელოს სამთავროს. კაცია დადიანს მიეშველა იმერთა მეფე სოლომონ პირველი და მათ სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. ამ ნაწარმოებებში ლექსის ფორმას ენაცვლება პროზაული თხრობა.

ბესიკს ეკუთვნის დავით ორბელიანისადმი და ლევან ბატონიშვილისადმი მიძღვნილი სახოტბო ნაწარმოებები, აგრეთვე სამგლოვიარო ოდა „სამძიმარი“, რომელშიც დატირებულია ერეკლეს უდროოდ გარდაცვლილი ძე ლევანი. სატირული პოემის „რძალ-დედამთილიანის“ თემა, ლექსიკა, ფრაზეოლოგია ხალხური ყოფიდანაა აღებული გესლიანი სატირული ლექსები უძღვნა ბესიკმა ერეკლეს სამეფო კარის მდივან-ბეგს მზეჭაბუკ ორბელიანს.

ბესიკის ლექსები გამოირჩევა ფორმის არტისტული დახვეწილობით. ეს უმთავრესად მჟღავნდება ნაწარმოების მუსიკალურ ხმოვანებაში და მიიღწევა ალიტერაციითა და ბგერწერის სხვა ხერხთა მომარჯვებით. ბესიკმა ქართულ ლექსთწყობაში დაამკვიდრა ახალი საზომი („ბესიკური“). მუხამბაზური ინტონაცია, სტროფი და რითმაც მანვე განამტკიცა ჩვენში. ბესიკის თხზულებათა მხატვრული ღირსებაა აგრეთვე კომპოზიციური დახვეწილობა.

ბესიკის პოეტური სიტყვის ზეგავლენა XIX ს. ქმნილებებში მკაფიოდ შეინიშნება, თუმცა, არსებითად, მისი შემოქმედებით დასრულდა ერთი ვრცელი პერიოდი ქართული პოეზიის ისტორიაში.

ტექსტი

თხზულებანი, თბ., 1962.

ლიტერატურა

ს. ცაიშვილი, ბესიკი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბ., 1966 [[1]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები