ბრანჯები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრანჯები – ხალხი, რომელიც წმ. ნინოს „ცხოვრებასა“ და მისგან მომდინარე რედაქციებში პირველად წმ. ნინოს მამის, ზაბულონის, მიერ რომიდან განდგომილი ბრანჯების დამარცხებასა და მონათვლასთან დაკავშირებით იხსენიება. ესაა ე.წ „ბრანჯთა ამბავი“, რომელიც ქართულ მეცნიერებაში „ანაქრონიზმად“ და სირიულ „უცნაურ ლეგენდად“ (ნ. მარი) გაირკვა, ზაბულონის მიერ მონათლული ბრანჯები ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მცხოვრები გალები იყვნენ. გალია (ძვ. საფრანგეთი) 258 წლიდან ბრიტანეთსა და ესპანეთთან ერთად რომაელთაგან განდგომილი იყო. 273 წ. რომაელებმა კატალაუნის ველზე (ქართ. წყაროს „პიტალანის ველი“) განდგომილი გალები დაამარცხეს; ზაბულონის შუამდგომლობით დამარცხებული და დატყვევებული ბრანჯების ბელადებს რომაელებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს. შემდეგ ისინი ზაბულონმა მდ. გრანმორინში (ქართ. წყაროს მიხედვით, „დიდი ღრმა“ მდინარე, რაც „გრან მორენის“ უშუალო თარგმანია) მონათლა. „ნინოს ცხოვრების“ ცნობა ზაბულონის მიერ ბრანჯების მონათვლის შესახებ ჩვენამდე მოუღწეველი „ზაბულონის ცხოვრებიდან“ უნდა მომდინარეობდეს. „ნინოს ცხოვრებაში“ ბრანჯები მეორედ ქართლის მოქცევის შემდეგ მცხეთაში იმპერიიდან ბრანჯი მთავარდიაკვნის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იხსენიებიან: „მათ დღეთა შინა მოიწია ჰრომით წმიდისა პატრიარქისა ნინოს და მეფესა ყოველსა ერსა ქართლისასა; და მოუვლინა ბრანჯ დიაკონს ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად და ამის ნეტარისა ნინოსგან ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად, აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისა ნინოსათა თანა...“. ამგვარად, ბრანჯი მთავარდიაკონი მცირე აზიაში მდ. ჰალისის (ახლანდ. ქ. ყიზილ-ირმაჯი, თურქეთის რესპუბლიკა) დასავლეთით მდებარე გალათეიდან იყო.

მცირე აზიის ამ ნაწილმა სახელი ქრისტეშობამდე (278-277) გალიდან (ძვ. საფრანგეთის ტერიტორია) სამი გალური ტომის გადმოსახლების გამო მიიღო. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ბრანჯები ქრისტეშობის აქეთ V ს-შიც კი მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ. არ ცდება „ნინოს ცხოვრება“, როდესაც IV ს. 20-იან წწ. გალათიელ სასულიერო მოღვაწეს ბრანჯად იხსენიებს. გალათეის ეკლესია იმხანად ანტიოქიის ეპისკოპოსის გავლენას განიცდიდა.

ვ. გოილაძე

წყაროები და ლიტერატურა

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963.
  • გოილაძე ვ., ბრანჯთა ამბავი წმინდა ნინოს „ცხოვრებაში“, „მნათობი“, 1986, №9;
  • მისივე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები