ბროდვეის თეატრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Brodveis teatrebi.JPG

„ბროდვეის თეატრები“ – ამერიკული თეატრები, განლაგებული ბროდვეიზე (ქუჩა ნიუ-ორკში) და მის მიმდებარე ქუჩებზე. ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის დამლევს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.

შენობებს ქირაობდნენ ანტრეპრენიორები (მენეჯერები) დრამატული და მუსიკალური სპექტაკლების წარმოსადგენად. „ბროდვეის თეატრებში“ არ მოღვაწეობენ მუდმივი დასები, მათ არ გააჩნიათ ფიქსირებული რეპერტუარი. ეს თეატრები ახალ დადგმებს ახორციელებენ მხოლოდ „ვარსკვლავების“ (ცნობილი მსახიობების) მონაწილეობით. დასი კომპლექტდება ერთი პიესის წარმოსადგენად, რომელსაც უჩვენებენ ყოველდღიურად, მანამ, ვიდრე იგი იძლევა მოგებას. თუკი სპექტაკლი წარუმატებელი აღმოჩნდება და არ არის შემოსავლიანი, მას ხსნიან რეპერტუარიდან.

ბროდვეიზე გამარჯვებული სპექტაკლიდან კეთდება სპექტაკლი-ასლები, რომელსაც შემდგომ უჩვენებენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ბროდვეის სპექტაკლები გამოირჩევა ძვირადღირებული, მდიდრული გაფორმებით. ამის გამო ისინი, როგორც წესი, ფინანსდება მსხვილი მეწარმეების მიერ (ე. წ. „ბროდვეის ანგელოზები“), რომლებიც ირჩევენ რეჟისორს, იწვევენ მთავარი როლების შემსრულებლებს. რეპერტუარი მთლიანად ორიენტირებულია „ვარსკვლავისთვის“ ხელის შეწყობაზე.

„ბროდვეის თეატრებში“ განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მუსიკალურმა სპექტაკლებმა (მიუზიკლი). „ვარსკვლავის“ მასშტაბიდან გამომდინარე, ბროდვეის სცენაზე ადგილი ეთმობა კლასიკურ რეპერტუარსაც. „ბროდვეის თეატრები“ ხელს უწყობენ ახალი ტალანტების წარმოჩენასაც. მის სცენაზე „ფეხი აიდგა“ არაერთმა თანამედროვე კინო თუ ტელევარსკვლავმა. კომერციული ინტერესების პრიმატის მიუხედავად, ბროდვეიზე დაიდგა არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები