ბულვარული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბულვარული თეატრი – თეატრები პარიზში, განთავსებული – მე-17-18 საუკუნეებში ყოფილ საადგილმამულო მიწაყრილებზე. ტრადიციით დაკავშირებულნი იყვნენ ბაზრობების თეატრებთან. პირველი ასეთი თეატრი აშენდა 1759 წელს. მასში მიწვეულ იქნენ მსახიობები ბალაგანური ჟანრიდან აკრობატები, მუშაითები (ბაგირზე მოსიარულენი), ცხოველების მწვრთნელები. შემდომ მათი ადგილი დაიკავა პანტომიმამ, არლეკინადამ, ფეერიამ, კომედია-ვოდევილებმა, კომიკურმა ოპერამ აქ სიტყვას და მოქმედებას მიცემული ჰქონდა სრული თავისუფლება. მე-18 საუკუნის დამლევს ამ თეატრებში ჩამოყალიბდა მელოდრამისა და ვოდევილის ჟანრები, იდგმებოდა პატრიოტული სპექტაკლები.

მე-18 საუკუნის შუა წლებში და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ბომარშეს, ტამპლის, სენ-მარტენის, ბონ-უველის, მონმარტრის დიდ ბულვარებზე აღმოცენდნენ ბულვარული თეატრები „გეტე“, „პორტსენ-მარტენი“, „ფიუნამბული“, „ოლიმპიური ცირკი“, „ფოლი დრამატიკი“, „ჟმნაზი“, „რენესანსი“ და სხვ., რომლებიც წარმატებით უწევდნენ კონკურენციას პრივილეგირებულ თეატრებს.

მელოდრამებისა და ვოდევილების გარდა, ბულვარულ თეატრებში იდგმებოდა რომანტიკოსების ნაწარმოებებიც.

მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში აქ იდგმებოდა ყოფითი პიესები თანადროულ ცხოვრებიდან, ძრითადად აგებული სასიყვარულო პერიპეტიებზე. ამ პიესებს ეწოდათ „ბულვარული“. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბულვარულ თეატრებში მოღვაწეობდნენ ცნობილი მსახიობებიც.

ბულვარული თეატრი დღესაც დიდად არ შეცვლილა და რჩება გამრთობ-სანახაობრივ მოვლენად. მას საერთო არაფერი აქვს არც ექსპერიმენტულ და არც ქუჩის თეატრებთან. იგი არის მნიშვნელოვანი თეატრალური სექტორი მაყურებელთა დასწრების და შემოსავლების თვალსაზრისით.

ბულვარულმა თეატრმა წარმოშვა თავისი საამაყო დრამატურგია: ფეიდო, ლაბიში, ბურდე, კურტელინი, როსტანი, სკრიბი. მათი ტრადიციები გააგრძელეს ა. რუსენმა, ბარილემ, გრედიმ, ფ. დორენმა, ჟ. პუარემ. მხატვრული ინტელიგენციის მხრიდან მკაცრი შეფასებების მიუხედავად, ბულვარული თეატრი ამაყობს იმითაც, რომ მის ფიცარნაგებზე როლებს თამაშობდნენ დიდი მსახიობებიც: კოკლენი, რემიუ, ფრენე, ბრასიორი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები