განახლებული მესხეთი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„განახლებული მესხეთი“ - (1919-1920) - ახალციხის მაზრის მიწის მუშათა საბჭოს ორგანო. სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ოთხგვერდიანი გაზეთი. რედაქტორები - ოსმან შავყი ეფენდი მიქელაძე, ლ. რუხაძე. მეორე ნომრიდან ხელს აწერს სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა ახალციხეში, ქართულ და, ნაწილობრივ, თურქულ ენებზე. გამომცემელი იყო ახალციხის მიწის მუშათა საბჭო, 1920 წლდან - მაზრის ერობის გამგეობა. გაზეთის თანამშრომლები იყვნენ: კარაღა ეფენდი, ჰ. აბაშიძე, მხედარი (კოტე ტყავაძე), ჰუსეინ (მიხეილ საბიაშვილი) და სხვ.

გამოცემის მთავარი მიზანი იყო სამუსლიმანო საქართველოს ინტერესების დაცვა. პუბლიკაციების უმრავლესობა ეხება სამუსლიმანო საქართველოს ისტორიასა და თანადროულ პრობლემებს. გაზეთის სახელწოდების ახსნა შესაძლებელია ხელმოუწერელი სტატიით „1219-1919“, რომელშიც საუბარია მესხეთის ისტორიასა და თავისუფლებისთვის 700-წლიან ბრძოლაზე. ავტორის თქმით, დადგა მესხეთის განახლების დრო. 1919 წლის მეორე ნომრის პირველივე გვერდზე დაბეჭდილია მოწოდება: „გაუმარჯოს გაერთიანებულ სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს!“.

1919 წლის მეექვსე ნომერში გამოქვეყნებულ მეთაურ სტატიაში „გაერთიანებული საქართველო“ გამოხატულია სიხარული და კმაყოფილება სამუსლიმანო საქართველოს დედასამშობლოში დაბრუნების გამო: „დღეს თუ არა ხვალ ბათომის საკითხიც გადაწყდება. ამით დასრულდება ქართველი ერის ტრაგედია“.

საგაზეთო პუბლიკაციებში ასახულია ისტორიული ბრძოლების პერიპეტიები (მხედარი - „ბრძოლა ფოცხოვთან“), მესხეთიდან გახიზნულ ლტოლვილთა ისტორია („ლტოლვილების საკითხი“), ბრძოლა საქართველოს დასაცავად (ოსმანის „საქართველოს მტრების დამარცხება“) და სხვ. „განახლებულ მესხეთში“ გამოქვეყნდა ზ. ჭიჭინაძის სტატიები: „წერილი რედაქციის მიმართ“, „ახალციხის ქართველ ებრაელთა შრომა საქართველოს გადარჩენისათვის“, „ზემო ქართლის ანუ მესხეთ-ჯავახეთის აღწერა (არტაანი, ყარს, არზრუმ, პონტო, დაღისტნითურთ)“, „სომხების ჩამოსახლება მესხეთ-ჯავახეთში“ და სხვ.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს ს. ფირცხალავა წერილში „ძმებო, შევერთდეთ“. პუბლიცისტი ა. საყვარელიძე სტატიაში „დადგა ჟამი!“ სამუსლიმანო საქართველოს წინაშე მდგარ ორ არჩევანს ხედავს - „... ან თავისუფლება, ეკონომიური აღორძინება, კუტურულ-ეროვნული წინსვლა საერთო სამშობლოს საზღვრებში, ან დაუსრულებელი მონობა მტარვალთა ბრჭყალებში“.

მ. ლაზარევი სტატიაში „სომეხ-ქართველთა ურთიერთობა“ მიიჩნევს, რომ ორ ერს შორის მტრული დამოკიდებულება ნაციონალისტური პარტიების პოლიტიკის შედეგია. გაზეთში იბეჭდება მოწოდება ახალციხის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან არსებული სომხური სექტორისა საქართველოში მცხოვრები სომხებისადმი, რომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადონ სომხის დაშნაკცუთიუნს, ჩამოაცილონ მას ხალხი და გაერთიანდნენ ქართული დემოკრატიის ირგვლივ.

გაზეთში გამოქვეყნებული წერილები შეეხება სამუსლიმანო საქართველოს სხვადასხვა სოციალურ პრობლემას, მაგ., ფალიმონაშვილის „უწყლობა რაბათში“, კვესის „უპატრონო ქალაქი“; მოქალაქის „უპურობა ქალაქში“, ვ. ღლონტის „ენთელის წყლის გამოყვანის შესახებ“ და სხვ. 1920 წლის მეორე ნომრის მთელი გვერდი ეთმობა კონსტიტუციის პროექტს.

გამოცემა ეხმაურება 1919 წლის 20 ივლისს საქართველოში ჩატარებულ სომეხთა „ეროვნული საბჭოს არჩევნებს“. მაგ., ვანო დ-ცი „სომეხთა ეროვნული საბჭოს არჩევნები“. გაზეთს აქვს რუბრიკები: „ახალი ამბები“, „დაბა სოფლები“, „კვირიდან კვირამდე“, „დღეს“, „მიწის მუშათა საბჭოში“ და სხვ. იშვიათად გვხვდება ლიტერატურული ნაწარმოებები, გამონაკლისია „ობოლი ნიავის“ ფსევდონიმით დაბეჭდილი ლექსები.

მარი წერეთელი


ლიტერატურა

  • გაზ. „განახლებული მესხეთი“ 1919, №1-27; 1920, №2;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია 1819-1945, თბ., 1947;
  • გ. კუკულაძე, გაზეთ „განახლებული მესხეთის“ ფურცლებზე დაცული ცნობები ახალციხის მაზრაში მცხოვრები ხალხების რელიგიური კუთვნილების შესახებ, ჩვენი სულიერების ბალავარი, VII (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), თბ., 2015.

იხილე აგრეთვე

ქართული გაზეთები

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები