გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია – აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარეობს და საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი გარდაბნის მუნიციპალიტეტს, მის მიმდებარე ტერიტორიასა და ისტორიულ სოფელ მარტყოფს მოიცავს. გარდაბნისა და მარტყოფის საეპისკოპოსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, ჩრდილოეთიდან – რუსთავის, დასავლეთიდან – მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.

ეს მხარე ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და მის კულტურულ დაწინაურებას აქ გამავალმა სავაჭრო გზებმა შეუწყო ხელი. ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული სოფელი მარტყოფი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სოფლად არის მიჩნეული. ტრადიციის თანახმად, სოფლის მიმდებარედ არსებულ მთაზე დაიწყო მოღვაწეობა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმ. ანტონ მარტყოფელმა, რომელსაც უკავშირდება საქართველოში უდიდესი სიწმინდის – მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანება.

საეპისკოპოსოს ტერიტორია ისტორიული ცურტავის შემადგენლობაში შედიოდა. დღეს არსებული სახელწოდება – გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია – შედარებით გვიან ჩამოყალიბდა. 1917 წ. ავტოკეფალიააღდგენილ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არსებულ ეპარქიათაგან იგი აგარაკის, რუსთავისა და მარნეულის და სხვა სახელწოდებებით არსებულ ეპარქიათა იურისდიქციაში შედიოდა. გარდაბნისა და მარტყოფის მომცველი ტერიტორია დამოუკიდებელი საეპისკოპოსოს სახით მხოლოდ 2008 წ. 27 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტერიტორიის გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ახლად შექმნილ საეპისკოპოსოს ცურტავის ეპარქია ეწოდა. 2013 წ. 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის საფუძველზე კი გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია ეწოდა.

ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი იოანე (შომახია).

ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრებია: გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესია; გარდაბნის წმ. გიორგის ეკლესია; სოფ. კვესეთის ეკლესია (ადრეული შუა საუკუნეები); სოფ. ლეწონის წმ. კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია; სოფელ ნორიოს ღვთისმშობლის ეკლესია და მარტყოფის მონასტერი.

დეკ. გ. გუგუშვილი


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები