ანტონ მარტყოფელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. ანტონ მარტყოფელი

ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტომყოფელი - (VI ს.) (ხსენ. დღე 19.01/01.02), ერთ-ერთი წმ. ასურელი მამა, რომელიც იოანე ზედაზნელთან ერთად VI ს. მოვიდა ქართლში. მის სახელს უკავშირდება უფლის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელი ასლის (ანუ კეცზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატის) ჩამოტანა ედესიდან და მარტყოფის მონასტრის დაარსება.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება ანტონის ქართლში მოსვლის თარიღის შესახებ. ისტორიოგრაფიაში გამოითქვა ვარაუდი ანტონ მარტყოფელის სხვა ასურელ მამათაგან დამოუკიდებლად მოსვლის თაობაზე. ამ მოსაზრების თანახმად, ის უნდა მოსულიყო ედესიდან (და არა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტრიდან, როგორც იოანე ზედაზნელი) იოანესა და მისი მოწაფეების ერთი ნაწილის შემდეგ (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი). ანტონ მარტყოფელის ქართლში მოსვლის დათარიღების ერთერთ საფუძველს წარმოადგენს მის „ცხოვრებაში“ დაცული ცნობა სპარსეთის მეფის, ხოსროს, მიერ ქალაქ ედესის წარუმატებელი ალყის თაობაზე, რომლის შემდეგაც ანტონ მარტყოფელი საქართველოსაკენ გამოემართა და თან წამოიღო ნესტორიანელ მწვალებელთაგან გამორიდებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ასლი – კეცის ხატი. რადგანაც ეს ისტორიული ფაქტი 544 წ. მოხდა, შესაბამისად, ანტონ მარტყოფელის ქართლში მოსვლა XVI ს. შუა წლებით, დაახლოებით 545 წ. უნდა დათარიღდეს (კ.კეკელიძე, დ. მერკვილაძე, - ივ. ჯავახიშვილი).

ლ. მელიქსეთ-ბეგის მოსაზრების თანახმად, ანტონ მარტყოფელს ქართლში მოსვლამდე დავით გარეჯელთან ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი (სავარაუდოდ, 520-545) უნდა გაეტარებინა სომხეთში. ეს ჰიპოთეზა სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის გაზიარებული.

ანტონ მარტყოფელის ცხოვრების ამსახველი მასალა ძალზე მწირია. - არსებულ წყაროთა თანახმად, ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის კეცზე გადატანილი ხელთუქმნელი პირი. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორია უკავშირდება აპოკრიფულ თხრობას ედესის მთავრის, ავგაროზისა და იესო ქრისტეს შესახებ, რომლის თანახმადაც იესომ, ავგაროზის თხოვნით, სასწაულებრივად აღბეჭდა თავისი სახე საბურველზე. ქრისტეს ამაღლების შემდეგ ეს ხატი თადეოზ მოციქულმა წაუღო ედესაში მეფე ავგაროზს, ნათელსცა მას და მთელ მის ოჯახს.

ანტონ მარტყოფელის „ცხოვრებათა“ თანახმად, ავგაროზ მეფემ ფიცარზე გადაჭიმული ტილოს ხატი დაასვენა ქალაქის ჭიშკარზე, ძველი კერპის ადგილას, რათა ყოველ შემომსვლელს მისთვის პატივი მიეგო, მაგრამ ავგაროზის ურწმუნო შვილიშვილმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და უნდოდა ხატის განადგურება. მაშინ ედესის ეპისკოპოსმა ანთებული ლამპარი დადგა ხატთან, რომელიც თაღში ესვენა, წინიდან თიხის აგურით (კეცით) დაფარა და ამოქოლა ისე, რომ კვალიც არ დარჩენილა.

დიდი ხნის შემდეგ სპარსელთა მეფე ხოსრომ ედესას ალყა შემოარტყა და განადგურებას უქადდა მას. მაშინ ედესის ეპისკოპოს ევლავიოზს გამოეცხადა ღვთისმშობელი და აცნობა, რომ კარიბჭის თავზე იყო დამალული ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ქალაქს იხსნიდა. გამთენიისას ეპისკოპოსი ლოცვითა და ლიტანიით გაემართა მითითებულ ადგილას და იპოვა ხელთუქმნელი ხატი და კანდელი, რომელიც კვლავ ენთო. კანდელის ზეთი ზემოდან გადააწვეთეს მოალყეებს, სპარსელები მაშინვე დაიწვნენ და მტვერივით გაიფანტნენ (ამ ეპიზოდში შემონახულია ისტორიული ცნობა სპარსელთა მეფის, ხოსროს მიერ, ედესის წარუმატებელი ალყის შესახებ 544 წ., რომელიც აღწერილია VI ს. და შემდგომი პერიოდის რამდენიმე წყაროში ევაგრესთან, პროკოპი კესარიელთან და სხვ.), ხოლო მაცხოვრის სახე სასწაულებრივად გადავიდა კეცზე, რომელიც ხატის წინ მის დასაცავად იყო დადებული. კეცი ნესტორიანელთა ეკლესიაში დაასვენეს. იქ მყოფმა ანტონ მარტყოფელმა მალულად და დიდი სიფრთხილით წამოიღო ნესტორიანელთა ეკლესიიდან კეცზე გამოსახული ხატი და საქართველოში ჩამოვიდა („ცხოვრების“ რედაქციათა თანახმად, ანტონ მარტყოფელმა დაადგინა თავისი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის, გზა და მის კვალს გამოჰყვა).

საქართველოში მოსული ანტონ მარტყოფელი დაემკვიდრა მტკვრის აღმოსავლეთით, კრიანის მთებში, უკაცურ და ქვეწარმავლებით სავსე კლდის ნაპრალში.

მას რძით ასაზრდოებდნენ უფლის მიერ გამოგზავნილი ირმები, რომლებიც დილით მიდიოდნენ საბალახოდ და ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდნენ ანტონ მარტყოფელთან. ერთხელ დამფრთხალი ირმები უჩვეულო დროს მოვიდნენ, მათ უკან მოსდევდათ დაჭრილი ნუკრი. ანტონ მარტყოფელი ვითარების გასარკვევად ირმების კვალს გაჰყვა. მივიდა იმ ადგილას, სადაც ნადირობდა იმ მხარის მმართველი დიდებული, რომელმაც ანტონ მარტყოფელს ვინაობა და სადაურობა ჰკითხა. ანტონ მარტყოფელმა ქართული არ იცოდა და ხელით ანიშნა მხარე, საიდანაც მოვიდა. მთავარი განრისხდა, რადგან ვერაფერი გაიგო და ბრძანა, ანტონ მარტყოფელისთვის ხელი მოეკვეთათ. წმ. მამა მჭედელთან მიიყვანეს. მან სასჯელის აღსასრულებლად შანთი გაახურა, მაგრამ უეცრად იარაღი მიწაზე დაუვარდა და ხელები წაერთვა, ხოლო ანტონ მარტყოფელმა გაუწოდა ხელი და სთხოვა ბრძანების აღსრულება. გაოცებულმა მჭედელმა ყველაფერი უამბო მთავარს. მაშინ მთავარმა ჰკითხა ანტონ მარტყოფელს, რა უნდოდა, თან სურვილის შესრულებასა და ყოველივეს გადაცემას დაჰპირდა. ანტონ მარტყოფელმა აიღო პატარა ქვა, ლოკვა დაუწყო და ასე მიახვედრა, რომ თავისი ირმებისათვის ქვამარილი უნდოდა. მოუტანეს მარილის ორი დიდი ნატეხი. ანტონ მარტყოფელმა მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი მოტეხა და წავიდა. ანტონ მარტყოფელი კრიანის მთებში (ახლანდ. მარტყოფი) სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იგი ღრმად მოხუცებული აღესრულა და დატოვა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მას შემდეგ უხილავია და სასწაულებს აღასრულებს.

ჩვენამდე მოღწეულია ანტონ მარტყოფელის ცხოვრების ორი სვინაქსარული რედაქცია: ვრცელი და მოკლე. ვრცელი რედაქცია დაცულია XVIII-XIX სს. ლიტურგიკულ კრებულებში: - 1.1718 წ. (A 425) და XVIII ს. 20-იანი წლებით დათარიღებული (S 3269); 2. 1726 წ. (A 220); 3. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივის ნაკლული ხელნაწერი (# 459) XVIII ს. თარიღდება. დანარჩენი ნუსხები XIX ს-ისაა. რედაქციის მოკლე ტექსტი მხოლოდ ერთი — 1740 წ. — ხელნაწერით შემოგვრჩა (H 1672), რომელიც ძირითადი, ვრცელი ნუსხისაგან მხოლოდ შესავლით განსხვავდება.

XVII ს. მიწურულსა და XVIII ს. დამდეგს ანტონ მარტყოფელის ცხოვრების შესახებ იქმნება სვინაქსარული რედაქცია, რომელიც ამავე სახით ვახტანგ VI-ის „სწავლულ კაცთა კომისიამ“ „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში შეიტანა. არ არსებობს ერთი აზრი სვინაქსარული რედაქციის წარმომავლობის შესახებ. საკითხი იდგა ასე: ეს რედაქცია შეადგინა კომისიამ და აქედან გავრცელდა იგი ლიტურგიკულ კრებულებში, თუ პირიქით, კომისიამ აიღო გამზადებული ტექსტი ლიტურგიკული კრებულებიდან? მეცნიერთა ნაწილის აზრით, იგი სწავლულ კაცთა კომისიამ შეადგინა. კ. კეკელიძის აზრით, ტექსტი კომისიის შედგენილია და ასურელ მოღვაწეთა ამსახველი თხზულებები „ქართლის ცხოვრებაში“ კომისიის წევრებმა შეიტანეს. ე. გაბიძაშვილის აზრით, არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი არც ერთი მხარის სასარგებლოდ: ანტონ მარტყოფელის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული რედაქცია ასურელ მამათა ქართლში მოსვლის შესახებ განსხვავებულ ვერსიას შეიცავს, კერძოდ, წმ. ანტონი ასურელ მამებთან ერთად მოვიდა ქართლში, რაც სვინაქსარულ რედაქციაში არაა აღნიშნული. ე. გაბიძაშვილმა A 1582 გულანს დართული გედეონ გენათელის ანდერძის საფუძველზე, რ-იც, სავარაუდოდ, 1664-1673 წწ. გვიან არ შექმნილა, გაარკვია, რომ ანტონ მარტყოფელის შესახებ სვინაქსარული რედაქცია „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში სწავლულ კაცთა კომისიას მზამზარეული სახით შეუტანია ლიტურგიკული კრებულიდან. ამრიგად, ანტონ მარტყოფელის ცხოვრების ამსახველი სვინაქსარული რედაქცია XVII ს. II ნახ. უნდა იყოს შედგენილი და ამ რედაქციის შემცველ ტექსტთაგან ყველაზე ძველი დღესდღეობით სწორედ ამ ხელნაწერში დაცული ტექსტია. ვრცელი ვარიანტი - შეიცავს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის სასწაულებრივ გამოსახვას, მის მიერ ჩადენილ სასწაულთა აღწერას, ხატის დაცვას საუკუნეთა განმავლობაში ედესაში (ურჰა, ანტიოქია), ხოლო VI ს-ში მის ჩამოტანას საქართველოში ანტონ მარტყოფელის მიერ. მოკლე სვინაქსარული რედაქცია ვრცელი რედაქციის შემოკლების შედეგია, თუმცა მათ შორის მცირეოდენი განსხვავებებია (ე. გაბიძაშვილი).

ანტონ მარტყოფელის ცხოვრებათა წყაროებია: „წმ. აბიბოს ნეკრესელის წამება“, „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრება“, აბუსერისძე ტბელის ანდერძი, არსენ ბულმაისიმისძის საგალობლები.

ანტონ მარტყოფელის ხსენება, გარდა 19.01./01.02-ისა, დაწესებულია აგრეთვე 07/20 მაისს, წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ხსენების დღეს და 03/16 აგვისტოს, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულზე.

ლ. ხოფერია
ნ. სულავა


ლიტერატურა

  • ალექსიძე ზ., მანდილიონი და კერამიონი ძველ ქართულ მწერლობაში, „აკადემია“, 2000, No 1;
  • გოილაძე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002;
  • კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • მისივე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • მელიქსეთ - ბეგი ლ., დავით უძლეველი და დავით გარეჯელი, კრ.: კ. კეკელიძის დაბადების 80 წლის თავზე, თბ., 1959;
  • მერკვილაძედ., ასურელი მამები, VI ს. სირიელი მოღვაწენი საქართველოში, წ., 1, თბ., 2006;
  • მეტრეველი ს., ასურელ მამათა წამება-ცხოვრებათა რედაქციები, თბ., 2010;
  • სულავა ნ., მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თემა ქართულ ჰიმნოგრაფიასა და საისტორიო მწერლობაში, საქ. ისტორიის ინ-ტის, შრომები, 2013, #7;
  • მისივე, XII—XIII საუკუნეების ქართულლი ჰიმნოგრაფია, თბ., 2003;
  • ფერაძე გ., ბერმონაზვნობის და საწყისი საქართველოში, თბ., 2006;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., წ. 2, თბ., 1965;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები