გარდაბნის აღკვეთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდაბნის აღკვეთილი

გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თბილისიდან 39 კილომეტრზე, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს გარდაბნის აღკვეთილი (დაარსდა 1996 წელს, ფართობი 3 484 ჰა), რომელიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე არსებულ ტყის კორომთა შენარჩუნების, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელთა დაცვის მიზნით. მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, შეესაბამება IUCN-ის IV კატეგორიას. გარდაბნის აღკვეთილის ფლორის მთავარი სიმდიდრეა ჭალის ტყეები, რომლის მთავარი ხე-მცენარეებია: ხვალო, ჭალის ვერხვი - Populus hybrida, ოფი - Populus nigra, წნორი - Salix alba, ვერხვი - Populus tremula, ჭალის მუხა - Quercus longipes, პატარა თელადუმა - Ulmus minor (= U. foliacea) და თელადუმა, თელამუში - Ulmus elliptica. ქვეტყეში იზრდება კუნელის სახეობები - Crataegus pentagyna, C. kyrtostyla, C. microphylla, იაღლუნი - Tamarix ramosissima, შინდანწლა - Swida australis, ქაცვი - Hippophae rhamnoides და სხვ.; ლიანებიდან: კატაბარდა - Clematis vitalba, C. orientalis, ღვედკეცი - Periploca graeca, სვია - Humulus lupulus და სხვ.

გარდაბნის აღკვეთილში პატარა თელადუმასთან (Ulmus minor) ერთად მოზარდი შიშველი თელადუმა (Ulmus glabra), შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და „წითელ ნუსხაში“, მოწყვლადი ტაქსონის VU აღმნიშვნელი კატეგორიის სტატუსით, რომლებიც საქართველოში მცირე, ფრაგმენტირებული არეალით არიან წარმოდგენილი („საქართველოს წითელი წიგნი", 1982; საქართველოს „წითელი ნუსხა“, 2006)

საქართველოს ტერიტორიაზე ჭალის ტყეების უმრავლესობა განადგურებულია, რაც გარდაბნის აღკვეთილს განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ფუნქციას სძენს.

P.S. თანახმად ლიტერატურული მონაცემებისა, გარდაბნის რაიონის მცენარეული საფარი საკმაოდ ინტენსიურადაა ადამიანის მიერ გარდაქმნილი და მეორად, ანთროპოგენურ ხასიათს ატარებს. ადამიანს გაუნადგურებია არა მარტო ვაკეების (მათ შორის ტუგაის ტიპის) ტყეები, რომელთაც საგრძნობლად მეტი გავრცელება ჰქონდათ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, არამედ მთისწინეთისა და მთების ქვედა სარტყლის ხე-მცენარეულობაც, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასთან ერთად ხე-მცენარეულობის გადაგვარებაში არსებითი როლი შეასრულა გამყინვარების შემდგომი ხანის კლიმატურმა ცვლილებებმა, რაც გეოქრონოლოგიურად უკავშირდება მყინვარების უკანდახევას მთებში და კასპიის ზღვის სარკის შემცირებას (მარუაშვილი, 1964).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები