გოგიუბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგიუბა – (X ს. II ნახ.), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ერუშეთში, ქ. არტაანიდან (ახლანდელი არდაჰანი, თურქეთის ტერიტორია) დაახლოებით 30 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთით.

გოგიუბა ეწოდება სოფელსაც, რომლის განაპირასაც დგას ეკლესია, რომელიც 1960-იან წლებში მთლიანად დაანგრიეს. გოგიუბას, სავარაუდოდ, თავდაპირველად გოგუბანი ერქვა. ამჟამად ბინბაშაქი (Binbaşak) ეწოდება.

გოგიუბის არქიტექტურის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) 1902 წ. ექსპედიციის მასალები. გეგმით გოგიუბა სიმეტრიული ექვსაფსიდიანი ეკლესიაა, რომლის ექვსივე აფსიდი თანაბარზომიერადაა განლაგებული შუა ვერტიკალური ღერძის გარშემო. სხვა ქართული გუმბათოვანი ტაძრებისგან განსხვავებით, აქ გუმბათის საფუძველი კვადრატი კი არ არის, არამედ რადიალურად განლაგებული აფსიდების შვერილზე დაყრდნობილი წრიული სალტეა, მასზე გადასასვლელად აფსიდების თაღებს შუა არის ბრტყელი ტრომპები, რომლებშიც ჩასმულია ფიგურული რელატფები. გუმბათის ყელი, ისევე როგორც გუმბათქვეშა სივრცე, ექვსწახნაგიანია, ხოლო თვით ეკლესიის კორპუსი – თორმეტწახნაგიანი. აფსიდებს შორის შეჭრილია სამკუთხა ნიშები. შესასვლელები დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის აფსიდებშია დატანებული. გეგმითა და სივრცობრივ-მოცულობითი კომპოზიციით გოგიუბა მჭიდროდ უკავშირდება X ს. ქართული ექვსაფსიდიანი ეკლესიების ჯგუფს (კამჰის ალოთი, ოლთისი, ბოჭორმა, კაცხი). ძეგლი მოპირკეთებული ყოფილა კარგად გათრაშული ქვის კვადრებით.

დ. ხოშტარია


ლიტერატურა

  • ხოშტარია დ., შენიშვნები გოგუბნის (გოგიუბის) ეკლესიის თაობაზე, ლიტერატურა და ხელოვნება, 1999, №3;
  • Беридзе B., Apxитектура Tao-Kладжети, Tб., 1981;
  • Закарая П., Зодчество Тао-Кладжети, Tб., 1990;
  • Такаишвили Е., Христианские памятники, Экскурсия 1902 года, MAK, вып. XII, M., 1909.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები