გორის სავიკარიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორის სავიკარიოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი სავიკარიო (XIX-XX სს.) შეიქმნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების (1811) შემდეგ, 1812 წ. 30 იანვარს რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდის განკარგულებით. იგი შედიოდა მცხეთისა და ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში, რომლის მმართველი საქართველოს ეგზარქოსი იყო. გორის ეპისკოპოსი საქართველოს ეგზარქოსის ვიკარ-ეპისკოპოსად (ქორეპისკოპოსად) ითვლებოდა. რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, გორის პირველ ვიკარ-ეპისკოპოსად დაინიშნა დოსითეოსი (ფიცხელაური), რომელიც 1811-1814 წწ. სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა და საქართველოს საეგზარქოსოს გარდაქმნის პროექტზე მუშაობდა. რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდის მითითებით დოსითეოსმა შეიმუშავა საქართველოს საეკლესიო მოწყობის ახალი დებულება, რომელიც 1814 წ. 30 აგვისტოს რუსეთის იმპერატორმა დაამტკიცა. დოსითეოსს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა და დაინიშნა ახალდაარსებული „ოსეთის სასულიერო კომისიის“ ხელმძღვანელად.

გორის ვიკარ-ეპისკოპოსები ძირითადად თბილისში ცხოვრობდნენ და ეგზარქოსს ეხმარებოდნენ ეპარქიის მართვაში. გორის სავიკარიოს ტერიტორიაზე არსებობდა გორის სასულიერო სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებდნენ. დოსითეოსის შემდეგ გორის ვიკარ-ეპისკოპოსები იყვნენ: გერვასი მაჭავარიანი (1814-1817); სტეფანე ჯორჯაძე (1818-1839); ნიკიფორე ჯორჯაძე (1842-1851); იოანე ავალიანი (1852-1858); გაბრიელ ქიქოძე (1858-1860); გერონტი პაპიტაშვილი (1862- 1869). 1869 წ. 30 მაისიდან 1898 წ. 20 მარტამდე გორის სავიკარიოს მართავდა წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე). მისი მღვდელმთავრობის დროს გორის სავიკარიოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, შეკეთდა და აღდგა სამონასტრო ცხოვრება შიომღვიმისა და ზედაზნის მონასტრებში. მღვდელმთავარი ხელს უწყობდა ძველი ქართული საეკლესიო გალობის აღდგენას. 1898-1900 წწ. გორის სავიკარიოს ხელმძღვანელობდა ლეონიდე (ოქროპირიძე); 1900-1902 წწ. – წმ. კირიონ III (საძაგლიშვილი); 1902-1905 წწ. ბენიამინ ბარნუკოვი; 1905-1906 წწ. – ექვთიმე ელიაშვილი; 1907-1909 წწ. – პეტრე კონჭოშვილი. უკანასკნელი მღვდელმთავარი იყო ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე (1912-1917). საქართველოს ეკლესიის გამოცხადების ავტოკეფალიის შემდეგ გორის სავიკარიო გაუქმდა.

ე. ბუბულაშვილი



ლიტერატურა

  • ბუბულაშვილი ე., რუსეთის ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა და მისი შედეგები, საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, 8, თბ., 2004;
  • Е. Кирион, краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата за XIX столетие, Тфл.,1901

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები