გერვასი (მაჭავარიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერვასი (მაჭავარიანი) – (XVIII ს. I ნახ., – 05.02.1817 ქ. გორი), საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. წარმოშობით ქართლიდან, სოფელი საკორინთლოდან იყო.

იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ღერვასი მაჭავარიანი სამთავნელი: ესეცა იყო აღზრდილი კათოლიკოზის ანტონისაგან, მთავარდიაკვნობასა შინა პირველ ქებული და უკანასკნელ მიიღო არხიერობა. ესე არს ტიბიკონთა შინა გამოცდილი და მშვენიერი ცერემონიოსი, უცხოდ რიგზედ შემწირველი, სტუმართმოყვარე და ეკლესიათა თვისთა მოღვაწე და თქვენ მიერცა პატივცემული“. პ. იოსელიანი აღნიშნავს, რომ „გერვასი წილკნელი, გვარით მაჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფისა გიორგის დროსა, რომელიცა მას ვერა სწყალობდა რად? ვერ ვსცან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად“. ისტორიკოსი აქ ცდება, როცა ამბობს, რომ გერვასი გიორგი მეფის დროს ეკურთხა, რადგან იმავე ნაშრომში იგივეს წერს ნიკოლოზ ხარჭაშნელზე, რომელიც მართლა გიორგი მეფის დროს აკურთხეს მღვდელმთავრად, ხოლო გერვასი ერეკლე II-ის დროს იკურთხა.

1787 წ. გერვასი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად და სამთავისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ეს დასტურდება მთავარეპისკოპოს პაისის (გარსევანიშვილი) წერილით გიორგი ბატონიშვილისადმი: „მე რომ სამთავნელი და მღვიმის წინამძღვარი გახლდი“... ამის მაგიერ სამთავნელად და მღვიმის წინამძღვრად ამ წელს დაუნიშნავთ გერვასი მაჭავარიანი. 1794 წ. 19 სექტემბერს შედგენილ სიგელში ეპისკოპოსი. გერვასი ისევ შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად იხსენიება.

თ. ჟორდანიას მეორე უბის წიგნში, სამთავისის ეკლესიის სიძველეთა მოხსენიებისას, 43 გვ.-ზე შავი ფანქრით ჩაწერილი აქვს: «B олтаре крест. სამთავნელ ეპისკოპოზმან მაჭავარიანმა გერვასი შემოვწირე სამთავისის ღვთაების ეკლესიას წელსა ჩღჟთ (1799)“.

1801 წ. საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსულმა ადმინისტრაციამ აღწერა ქართლ-კახეთის ეპარქიები. ქართლის ეპარქიების ჩამონათვალში იხსენიება სამთავნელი ეპისკოპოსი გერვასი, რომელსაც ექვემდებარება 17 სოფელი, 1 თავადი და 5 აზნაური. 1803 წ. 25 იანვარს გარდაიცვალა წილკნელი მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე). კათოლიკოსმა ანტონ II-მ წილკნის კათედრა არქიმანდრიტ დოსითეოსს (ფიცხელაური) ჩააბარა, რამაც გააღიზიანა საქართველოს მთავარმართებელი გენერალი პ. ციციანოვი. 1803 წ. 2 აპრილს იგი კათოლიკოსს სწერს, რომ დაქვრივებული წილკნის კათედრა სამთავნელმა ეპისკოპოსმა გერვასიმ უნდა შეიერთოს. მიუხედავად ანტონ კათოლიკოსის წინააღმდეგობისა, ციციანოვმა თავისი გაიტანა და გერვასი წილკნელ-სამთავნელი გახდა. სავარაუდოდ, ამ დროს მიიღო მან მიტროპოლიტის პატივი, რადგან 1809 წ. წილკნის საკათედრო ტაძრისადმი შეწირული სახარების წარწერაში იგი მიტროპოლიტის პატივით იხსენიება: „ქ. ეს წმიდა სახარება მძიმეთ მოჭედილი, ოქროთი მძიმეთ დაფერილი ჩვენ ყოვლად სამღვდელომ წილკნელ მიტროპოლიტმან სამთავნელმან გერვასი მაჭავარიანმა, აღზრდილმან ანტონი საქართველოს მეფის იესეს ძისაგან კათალიკოზისაგან, შევწირე წილკნის წმ. ღვთისმშობელის შობის ეკლესიას, მასთანვე შესაფერი ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, ორი თეფში ოქრო ცურვილი. 1809 წ. მაისის 20“.

1810 წ. თებერვალში საეკლესიო კანონების გათვალისწინებით მიტროპოლიტი გერვასი რუსთველ-ნინოწმინდელ მიტროპოლიტ სტეფანესთან (ჯორჯაძე) ერთად მონაწილეობდა თბილელ მიტროპოლიტ არსენის (ბაგრატიონი) დაკითხვაში. 1810 წ. 23 ივლისს საქართველოს უმაღლესი მმართველობის პროკურორი, ვინმე პლახოტინი გენერალ ტორმასოვს სწერდა ანტონ კათოლიკოსის და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ „დანაშაულებს“, სადაც 58-ე პუნქტში საუბარია გერვასზეც: „სამთავნელ ეპისკოპოს გერვასის მისცა (ანტონ II-მ. რედ.) წილკნის კათედრა, და უწყალობა მისი კუთვნილი მონასტრის ყმებიც“. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს 13 ეპარქიიდან დარჩა მხოლოდ ორი: ქართლისა და მცხეთის და ალავერდისა და კახეთის. შემცირების გამო წილკნელ-სამთავნელი მიტროპოლიტი გერვასი ქართლისა და მცხეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში შეიყვანეს, გორში მიუჩინეს ბინა და 1000 მან. შემოსავალი დაუნიშნეს.

1814 წ. 30 აგვისტოს გერვასი გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა. დაკრძალულია რუისის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „ივერია“, 1893, №58; სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №58;
  • Акты, собранные Кавказской Археографической Комиссией, тт. 3-4, Tфл., 1869-70.
  • იოანე ბატონიშვილი, წგ.: მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის XVI-XIX სს, თბ., 1982;
  • იოსელიანი პ., „ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა“, თბ., 1978;
  • ჟორდანია თ., ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰანის ქვაბთა, ტფ., 1896;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 3, თბ., 1967;
  • ცერაძე ლ. წილკნის საეპისკოპოსოს ისტორიისათვის, თბ., 2001.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები