გრიბოედოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გრიბოედოვი

ალექსანდრე გრიბოედოვი – (1795-1829), რუსი მწერალი, დრამატურგი და პოეტი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, ჩინებული მუსიკოსი და მეცნიერი.


დაიბადა მოსკოვში (რუსეთი) საშუალო შეძლების მემამულის ოჯახში. ბავშობაში ჩინებული განათლება მიიღო, შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ეუფლებოდა სიტყვიერებას, იურისპრუდენციას, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. მან კარგად იცოდა რამდენიმე ენა: ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, არაბული და სპარსული. გრიბოედოვი მეცნიერული მოღვაწეობისათვის ემზადებოდა, მაგრამ 1812 წლის სამამულო ომის დროს თავი მოვალედ ჩათვალა, სამხედრო სამსახურში შესულიყო. გრიბოედოვს ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სამხედრო სამსახურმა უდიდესი როლი შეასრულა მომავალი მწერლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. შემორჩენილია მისი ტრაგედიის „1812“ გეგმა და ნაწყვეტი, სადაც მთავარ მოქმედ გმირად გამოყვანილია ყმა გლეხი, რომელიც გმირობას გამოიჩენს, მაგრამ ომის შემდეგ უხეში მებატონის ტირანიის მსხვერპლი გახდება.

სამამულო ომის დასრულების შემდეგ, გრიბოედოვი საცხოვრებლად გადადის პეტერბურგში, პუშკინთან და მომავალ დეკაბრისტ ვილგელმ კიუხელბეკერთან ერთად, საგარეო სამქეთა კოლეგიაში იწყებს სამსახურს. სწორედ ამ პერიოდში რუსეთში იწყება დეკაბრისტული მოძრაობა. გრიბოედოვი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ–ლიტერატურულ და თეატრალურ ცხოვრებაში.

გრიბოედოვი დაინიშნა რუსეთის დიპლომატური მისიის მდივნად სპარსეთში, რის გამოც პეტერბურგის დატოვება მოუხდა. იგი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, ხოლო 1821 წლიდან გადმოსახლდა საქართველოს დედაქალაქში და მთავარმართებლის, გენერალ ალექსეი ერმოლოვის დიპლომატიურ მდივნად დაიწყო მუშაობა. სწორედ თბილისში წერდა თავის გენიალურ ნაწარმოებს - „ვაი ჭკუისაგან“. 1823 წელს გრიბოედოვი ხანგრძლივი შვებულებით მიემგზავრება მოსკოვსა და პეტერბურგში, სადაც 2 წელი დაჰყო. საქართველოში დაბრუნებისას, გზაში დააპატიმრეს, რადგან ზოგიერთმა დეკაბრისტმა ის ფარული საზოგადოების წევრად დაასახელა, მაგრამ მეფის მთავრობამ გრიბოედოვს დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოუძებნა და მალევე გაათავისუფლეს.

გრიბოედოვი აგრძელებს დიპლომატიურ მისიას, მას რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად ნიშნავენ სპარსეთის სამეფო კარზე. ამ პერიოდში (1828 წ.), ის ცოლად ირთავს ნინო ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილს. 1829 წელს თეირანში შეიარაღებული ბრბო თავს დაესხა რუსეთის საელჩოს და ამოჟლიტა თანამშრომლები, მათ შორის იყო 34 წლის გრიბოედოვიც. მწერლის ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს.


იხილე აგრეთვე

ვაი ჭკუისაგან“

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები