დანაე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანაე(ბერძნ.) აკრისიოსის ასული, პერსევსის დედა.

დანაე. – რემბრანტი (1636 წ.,) სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

არგოლისის მეფე აბასს ტყუპი ვაჟი ჰყავდა – აკრისიოსი და პროიტოსი. სიკვდილის წინ მან სამეფო ორივე ვაჟს ჩააბარა და დაუბარა, მონაცვლეობით ემართათ იგი. მაგრამ ძმებს შუღლი ჰქონდათ ერთმანეთში. ეს შუღლი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა მას შემდეგ, რაც პროიტოსმა შეაცდინა აკრისიოსის ასული დანაე. განრისხდა აკრისიოსი და აიძულა ძმა არგოლისის მხარეს გასცლოდა. ლიკიაში გაქცეულმა პროიტოსმა შეირთო იქაური მეფის, იობატოსის ქალიშვილი ანტეა, შემდეგ დიდძალ ჯარს თავი მოუყარა და სამშობლოსკენ წამოუძღვა, რათა მამისეული ტახტი ჩაეგდო ხელში. სასტიკი ბრძოლა შეთანხმებით დამთავრდა: სამეფო ორად გაიყო: აკრისიოსს არგოსი და მისი შემოგარენი ერგო, პროიტოსს – ტირინსი, მიდია და არგოლისის სანაპიროები.

აკრისიოსს ერთადერთი ასული ჰყავდა, დანაე, ვაჟი კი – არა. იგი მისანთან მივიდა იმის გასაგებად, ეყოლებოდა თუ არა ოდესმე მემკვიდრე. ორაკულისაგან შემზარავი პასუხი მიიღო: მხოლოდ მის ასულს გაუჩნდებოდა ვაჟი, რომელიც მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. აკრისიოსმა სცადა, ბედისწერას შებრძოლებოდა. მან დანაე სპილენძის მაღალ კოშკში გამოკეტა და ორი უშველებელი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. ერთხელ, ზევსმა თვალი ჰკიდა მშვენიერ ქალწულს, მოეწონა და ოქროვან წვიმად გარდასახულმა შეაღწია კოშკში. მალე დანაეს ზევსისაგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც პერსევსი დაარქვეს. შეძრწუნებულმა აკრისიოსმა შვილისა და შვილიშვილის სისხლი ცოდვად რომ არ დასდებოდა, ისინი დიდ ხის სკივრში ჩასვა და ზღვას გაატანა. დიდხანს იცურა სკივრმა და ბოლოს კუნძულ სერიფოსთან იქაური მეთევზის, დიქტისის ბადეში გაიხლართა. მეთევზემ მომაკვდავი დედაშვილი თავის ძმას, მეფე პოლიდექტესს მიჰგვარა. მეფეს დანაე მოეწონა და მისი ცოლად შერთვა ისურვა. პერსევსი რომ თავიდან მოეცილებინა, გორგომედუზას მოკვეთილი თავის მოტანა დაავალა. როდესაც პერსევსმა დავალება აღასრულა, დანაე გამოიხსნა საძულველი მეფისაგან და მასთან ერთად დაბრუნდა არგოსში, სადაც მას შემთხვევით შემოაკვდა აკრისიოსი.

დანაეს მითით განსაკუთრებით დაინტერესდნენ მხატვრები. მას ხშირად ვხვდებით ვაზურ ფერწერასა თუ პომპეის ფრესკებზე. აგრეთვე კორეჯოს, ტიციანის, ტინტორეტოს, ვან დეიკის, რემბრანტის, ტიეპოლოსა და სხვათა ტილოებზე. ამ თემაზეა დაწერილი რ. შტრაუსის ოპერაც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები