დასთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასთანი – სპარსული ლიტერატურული ტერმინი, აღნიშნავს მოთხრობას, რომანს, პოეტურ თუ პროზაულ ვრცელ ნაწარმოებს ან ერთი ჩარჩოთი შემოფარგლულ კრებულს. ხალხური დასთანი გულისხმობს პოეტურ ძეგლთა პროზაულ გადამუშავებას დასთანებს, ამ მარტივი სტილის ნაწარმოებებს, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საგანგებოდ მომზადებულ მთქმელთა რეპერტუარში. ზამთრის გრძელ ღამეებში ყავახანებსა თუ შუა ბაზარში თავყრილობისას საათობით ისმენდა მდაბიო ხალხი ამ ფანტასტიკურ თხზულებებს, რომელთა გმირები გააფთრებით ებრძოდნენ ბოროტ ძალებს სიყვარულისა და სიკეთის გასამარჯვებლად. უკვე XII-XIII ს-ში ჩნდება ვრცელი ხალხური დასთანები რომანტიკულ–სათავგადასავლო და საგმირო-ისტორიული ხასიათისა („სამაქე აიარ“, „ისქანდერ-ნამე“, „დარაბ ნამე“, „ყაჰრამან-ნამე“). განსაკუთრებით ინტენსიურ ლიტერატურულ ფაქტად იქცა დასთანები XVI-XVII სს-ში („თუთი-ნამე“, „ნუშაფარინი“, „ბაჰრამ ო გოლანდამი“, „მეჰრ ო მაჰი“), იქმნებოდა დასთანების ანთოლოგიები. სპარსული ხალხური დასთანები ფართოდ გავრცელდა აღმოსავლურ ქვეყნებში (თურქეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიაში). საქართველოშიც იცნობდნენ და თარგმნიდნენ დასთანებს („ყარამანიანი“, „მირიანი“, „ბარამგულანდამიანი“). ზოგი მათგანი დღეს მხოლოდ ქართული ვერსიებითაა ცნობილი („სეილანიანი“, „ვარშაყიანი“).


ლიტერატურა

ა. გვახარია, სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან, თბ., 1973.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები