დეკერი თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას დეკერი

თომას დეკერი − (ინგლ. Thomas Dekker, 1572-1632), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი.

არაფერია ცნობილი დეკერის წარმოშობის შესახებ. როგორც დრამატურგი, ის პირველად მოიხსენიება 1598 წელს „ლორდ ადმირალის მსახურების” დასთან დაკავშირებით. მისი პიესების უმეტესობას ჩვენამდე არ მოუღწევია. თომას დეკერმა განიცადა გრინის, მარლოსა და შექსპირის გავლენა.

პიესაში − „სასიამოვნო კომედია მოხუცი ფორტუნატოს შესახებ” − ხალხური ლეგენდის სიუჟეტია გამოყენებული. ბალადების მოტივებზეა შექმნილი კომედია „მეწაღის დღესასწაული” (1599). ახალგაზრდა აზნაურს, როულენდ ლესის შეუყვარდება როზა, მაღალ თანამდებობაზე მყოფი ვაჭრის ქალიშვილი. ახალგაზრდების ურთიერთობის წინააღმდეგია მათი გარემოცვა – როზას მამა თავადაზნაურებს თავქარიანად თვლის, ლესის ბიძას არ მოსწონს ქალის ოჯახის სოციალური მდგომარეობა. მეწაღის ტანსაცმელში გადაცმული როულენდი მეწაღეების საამქროში იწყებს მუშაობას, შეგირდად. ახალგაზრდებს დაქორწინებაში თანამშრომლები ეხმარებიან. მათ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ, ოჯახის წევრებიც გაიზიარებენ.

პიესაში მოცემული სტრიქონები − „არა არ იცის სიყვარულმა სხვაობა სისხლში, მისთვის ერთია თვით წოდება და წარმოშობა” − მთელი პიესის სულისკვეთებას და იდეურ არსს გამოხატავს.

თომას დეკერის ორნაწილიან პიესაში „სათნო მეძავი” (1604-1605) ნაჩვენებია თავად-აზნაურთა აღვირახსნილობა და პურიტანული საზოგადოების ფარისევლობა. პირველ ნაწილში ასახულია ახალგაზრდა მეძავი ქალის ისტორია. ბელაფონტეს შეუყვარდება გრაფი იპოლიტოსი, რომლის გავლენითაც იგი უარს იტყვის სამარცხვინო ხელობაზე. მიუხედავად ამისა, გრაფი უპირატესობას სხვა ქალს ანიჭებს, რომელიც, მისი აზრით, უფრო `ღირსეულია~. იმედგაცრუებული ბელაფონტე იძულებულია ცოლად გაჰყვეს მამაკაცს, რომელმაც პირველად „შეაცდინა” ახალგაზრდა ქალი. პიესის მეორე ნაწილში მოქმედება წლების შემდეგ ვითარდება. ბელაფონტე უბედურია მოქეიფე და მფლანგველ ქმართან, მათეოსთან ცხოვრებით. მეუღლე მას საკვებითაც კი ვერ უზრუნველყოფს. გრაფ იპოლიტოსს კი „ღირსეული” ცოლი მობეზრებია და კვლავ ბელაფონტეს დაბრუნებას ცდილობს. ქალი გაჭირვების მიუხედავად, მტკიცედ დგას მონანიებისა და სათნოების გზაზე. ბელაფონტეს წინააღმდეგობების დაძლევაში ეხმარება მამა, რომელიც სიყმაწვილეში ჩადენილ შეცდომებს პატიობს. პიესის ორივე ნაწილში ნაჩვენებია ლონდონის დაბალი სოციალური ფენის – ვაჭრებისა და ხელოსნების – ყოფითი სცენები.

ნინო ქირია


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები