დეფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეფისი – (გერმ. Divis < ლათ. divisio - დაყოფა, დანაწევრება), გრაფიკული ნიშანი, მოკლე ჰორიზონტალური ხაზი (-), რომელიც იხმარება ერთზე მეტი მნიშვნელობის მქონე (ჩვეულებრივ, ორმნიშვნელობიანი) რთული სიტყვების კომპონენტთა დასაკავშირებლად (და-ძმა, ხელ-ფეხი), გაორმაგებული ფუძეებისა თუ სიტყვების მიჯნაზე (ტყე-ტყე, ორ-ორი, ეს-ესაა, აქა-იქ), დანართიანი სახელის შემცველი მსაზღვრელ-საზღვრულის მიჯნაზე (სახლ-მუზეუმი, წევრ-კორესპონდენტი), ზმნისწინებით განსხვავებული ზმნებისა თუ სახელზმნების მიჯნაზე (მიიარ-მოიარა, მისველა-მოსვლა, შესასვლელ-გამოსასვლელი), ორმაგი გვარის გასაფორმებლად (ბაგრატიონ-მუხრანელი, ერისთავ-ხოშტარია), არაქართულ რთულ ტოპონიმთა – როგორც წესი, დასახლებული პუნქტების სახელწოდებათა – კომპონენტების მიჯნაზე (ნიუ-იორკი, იასნაია-პოლიანა), ზოგი ნაწილაკის წინ (ჩუმად-მეთქი, მოდი-თქო), გრამატიკული ელემენტების გამოსაყოფად (- პრეფიქსი, ებ- სუფიქსი, გა-ი-ა-რა), სიტყვის მარცელებად დასაყოფად (მა-მა-ლი) და სტრიქონიდან სტრიქონზე გადასატანად, სიტყვის შემოკლებისას საწყისსა და ბოლო ელემენტებს შორის (ბ-ნი = ბატონი, ლიტ-რა = ლიტერატურა).

დეფისით შეერთებული სიტყვები, ჩვეულებრივ, ერთ სემანტიკურ ველს განეკუთვნებიან და ხშირად სინონიმებად ან ანტონიმებად გვევლინებიან (სვე-ბედი, ავ-კარგი). -ით გაფორმებული კომპოზიტების აბსტრაქტულ სახელებად ან ზედსართავებად ქცევისას დეფისი, უქმდება და კომპოზიტები ერთ სიტყვად იწერება (და-ძმა, მაგრამ – დაძმობა, დაძმური). ზოგი ენისაგან განსხვავებით, ქართულში დეფისი არ იწერება გადაბგერებულ ან თითო-ოროლა ბგერით გართულებული გაორმაგებული ფუძეების შემცველ სიტყვებში (არემარე, ხევხუვი, გოგლიმოგლი. შდრ. რუს.: гогль-могль).

დეფისის ხმარების წესი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს სიტყვის ან გამოთქმის კომპონენტთა ცვეთის კვალობაზე (რკინის გზა > რკინის-გზა > რკინიგზა).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები