დე ვინი ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ დე ვინი

ალფრედ დე ვინი (1797-1863) - ფრანგული რომანტიკული დრამატურგიის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.

ის ძველ წარჩინებულ გვარს ეკუთვნოდა, რომლის წევრებიც საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ იბრძოდნენ და როიალიზმის იდეებისთვის გილიოტინაზე მიდიოდნენ. მაგრამ ვინი არ ჰგავდა იმ გაბოროტებულ არისტოკრატებს, რომლებსაც რევოლუციამდელი, მეფის საფრანგეთის აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ და ბრმად სძულდათ ყველაფერი ახალი. იგი ყველაზე მაღლა თავისუფლებას აყენებდა, გმობდა დესპოტიზმს, თუმცა, ვერც მისი თანამედროვე ბურჟუაზიული რესპუბლიკა მიიღო. მას არა მარტო თავისი კლასის განწირულობის, არამედ უფრო მეტად ბურჟუაზიული წესებისა და ზნე-ჩვეულებების გაცნობიერება უმძიმდა. სწორედ ყოველივე ეს განაპირობებდა ვინის რომანტიზმის პესიმისტურ ხასიათს. „მსოფლიო სევდის“ მოტივები ვინის პოეზიას ბაირონის შემოქმედებასთან აახლოებს.

ვინი ისევე, როგორც რომანტიკოსთა უმრავლესობა, თეატრისკენ ისწრაფოდა. მას შექსპირი უყვარდა. შექსპირის ვინისეულმა თარგმანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდი ინგლისელი დრამატურგის შემოქმედების პროპაგანდაში, რომანტიზმის დამკვიდრებაში საფრანგეთში, თუმცა ვინიმ მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი დრამატიზირება მოახდინა. ტრაგედია „ოტელოს“ დადგმა „კომედი ფრანსეზ“-ის თეატრში 1829 წელს რომანტიკოსებისა და კლასიკოსების იმ ბრძოლების მაუწყებელი იყო, რომლებმაც სულ მალე იფეთქა ჰიუგოს დრამის, „ერნანის“ წარმოდგენებზე.

ვინის საუკეთესო დრამატული ნაწარმოები იყო მისი ფსიქოლოგიური დრამა „ჩატერტონი“ (1835). პიესის შექმნისას ვინიმ XVIII საუკუნის ინგლისელი პოეტის, ჩატერტონის ბიოგრაფიის ზოგიერთი ფაქტი გამოიყენა, თუმცა დრამა ბიოგრაფიული არ არის. პიესაში წარმოდგენილია პოეტის ტრაგიკული ბედი, რომელსაც სურდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა პოეზიაში და პირადი თავისუფლება სამყაროში, რომელსაც არც პოეზიისა ენაღვლება რამე და არც თავისუფლებისა. თუმცა პიესის არსი უფრო ვრცელი და ღრმაა. ჩატერტონის ტრაგედია ადამიანის ტრაგედიაა არაადამიანურ სამყაროში. დრამის სასიყვარულო სიუჟეტი სავსეა შინაგანი აზრით, რამეთუ ვინის პიესა ამავე დროს გამდიდრებული თავხედის ხელში მოხვედრილი კიტი ბელის, ქალურობისა და სილამაზის ტრაგედიაცაა (საკუთარი ქმრის, მდიდარი ფაბრიკანტის, უხეში, ხარბი, ძუნწი ადამიანის მიერ მონად ქცეული ქალის განწირულობაა).

დრამის ანტიბურჟუაზიულ პათოსს აძლიერებს იდეური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელშიც მუშები სთხოვენ ფაბრიკანტს, მისცეს ადგილი ფაბრიკაში მანქანის მიერ დასახიჩრებულ მათ ამხანაგს. ბაირონის მსგავსად, რომელიც ლორდთა პალატაში მუშების ინტერესებს იცავდა, არისტოკრატი დე ვინი 30-იანი წლების მუშათა მოძრაობის იდეური მოკავშირე ხდება.

პიესაში ცხადდება ვინის რომანტიზმის თავისებურება, მას არ ახასიათებს რომანტიკული ზეაწეულობა, პერსონაჟთა ხასიათები ცოცხალი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა დამუშავებული. დრამის კვანძის გახსნა ტრაგიკულია - ჩატერტონი და კიტი კვდებიან. ეს მათი ხასიათების ლოგიკით, სამყაროსთან მათი დამოკიდებულებით არის შემზადებული და არ წარმოადგენს მელოდრამატულ ეფექტს. თავად ავტორი ხაზს უსვამდა გმირების შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესს: „ეს არის იმ ადამიანის ისტორია, რომელმაც წერილი დილით დაწერა და საღამომდე ელოდება პასუხს; პასუხი მოდის და კლავს მას“.

მარინა ხარატიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები