კომედი ფრანსეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანგული კომედიის სამეფო თეატრი ანუ კომედი ფრანსეზი – (La Comédie-Française), XVIII საუკუნეში, პარიზში, ერთ-ერთი პრივილეგირებული თეატრი, რომელიც დღესაც არსებობს.

მეფე ლუდოვიკო XIV-ის ბრძანებით, 1680 წელს გაერთიანდა ორი დასი – ოტელ გენეგოს, სადაც მოღვაწეობდა მოლიერი, და ოტელ დე ბურგონის. გაერთიანებულ დასს პარიზში თამაშზე მონოპოლია გადაეცა. თეატრში დატოვეს 15 მამაკაცი და 12 ქალი, დანარჩენ მსახიობებს კი აეკრძალათ დედაქალაქში მოღვაწეობა. გაერთიანებული დასის პირველი ერთობლივი სპექტაკლი იყო რასინის „ფედრა“ და ლა შაპელის „ორლეანის ეტლები“. ტრაგედიის შემდეგ ერთმოქმედებიანი კომედიის თამაში იმ პერიოდის ტრადიცია იყო. წარმოდგენები ყოველდღიურად იმართებოდა, მანამდე კი პარიზის თეატრები კვირაში 2-3-ჯერ მართავდნენ წარმოდგენებს. დიდ დღესასწაულებზე და სამეფო კარის გლოვის დღეებში სპექტაკლები არ თამაშდებოდა. 7 წლის განმავლობაში დასი მოღვაწეობდა ოტელ გენეგოს შენობაში, რომელიც მდებარეობდა პარიზის ცენტრში. სხვადასხვა მიზეზის გამო დასმა რამდენჯერმე შეიცვალა შენობა. 1782 წელს ფრანგული კომედიის თეატრი გადავიდა ახალ შენობაში, რომელსაც, მოგვიანებით, ოდეონი ეწოდა. ამ შენობაში პირველად დაიდგა სკამები პარტერში (მანამდე პარტერში მაყურებელი ფეხზე იდგა) და ყველა მსახიობს საკუთარი საგრიმიორო გადაეცა. პარიზის კომედიის თეატრში შეიქმნა ე.წ. ამხანაგობა – მსახიობები მეპაიეები იყვნენ და თეატრში შემოსულ თანხას იყოფდნენ. პაი მეფესაც ეკუთვნოდა და დასთან შეუთანხმებლად, თავისი სურვილით იწვევდა ამა თუ იმ მსახიობს. ასეთ შემთხვევაში გასამრჯელოს მეფე თავისი წილიდან იხდიდა. ლუდოვიკო XIV-ის სიკვდილის შემდეგ ამ პრივილეგიით არც ერთ მეფეს აღარ უსარგებლია.

თეატრს ერთი თვის განმავლობაში მონაცვლეობით მართავდა მეფის კარის ოთხი მოხელე – კამერ-იუნკერი, რომელთაც ევალებოდათ პოლიტიკური კონტროლი, ცენზურა და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ზედამხედველობა. მათ გარდა, თეატრის ცხოვრებაში მეფის კარის სხვა წარმომადგენლებიც ერეოდნენ. ისინი მფარველობდნენ თავიანთ ფავორიტ მსახიობს, რომელიც ამის წყალობით გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა. 1719 წლიდან თეატრში განსახორციელებელ პიესებს კამერ-იუნკერი ეცნობოდა, აკონტროლებდა ახალი მსახიობის მიღებას, დებიუტს, დაჯილდოებისა და პენსიების საკითხს. საუკუნის დასაწყისში, კამერ-იუნკერის მოთხოვნით, დრამატურგი ანაწილებდა როლებს, ხოლო ძველ პიესებში როლები მსახიობის ამპლუის მიხედვით ნაწილდებოდა. კამერ-იუნკერი მეთვალყურეობას უწევდა თეატრში დისციპლინას: რეპეტიციაზე დასწრება-დაგვიანებას, მსახიობებს შორის კამათს, ჩხუბს და საუბრის თემებსაც კი. ზოგ შემთხვევაში როლის განაწილებაშიც ერეოდა. მსახიობი-მეპაიეები ყოველ ორშაბათ დილით იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს, რომლებიც ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. მათ მიერ არჩეულ ორ მსახიობს ევალებოდა თეატრში მიმდინარე მოვლენებზე კამერ-იუნკერისთვის დეტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. მიუხედავად ფრანგული კომედიის თეატრის პრივილეგირებული მდგომარეობისა, მსახიობებს არაფრის გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ კანმერ-იუნკერთან შეუთანხმებლად. თეატრის რეპერტუარის შედგენაშიც ერეოდნენ მეფის კარის მოხელეები, რომლებიც ხშირად დაბალი მხატვრული ღირებულებების პიესებს ირჩევდნენ, რადგან მათ ავტორებს სამეფო კარი მფარველობდა. მსახიობები იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ ნებისმიერ როლს, რადგან უარის შემთხვევაში მათ ჯარიმა უნდა გადაეხადათ. მსახიობების სოციალური მდგომარეობა ძალიან დაბალი იყო. არ შეეძლოთ ელემენტარული იურიდიული უფლებებით სარგებლობა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსახიობებს აღიქვამდნენ გამრთობებად, მასხარებად. ეკლესიის მსახურები მათ ჯვრისწერასა და დამარხვის რიტუალის შესრულებაზე უარს ამბობდნენ.

XVIII საუკუნეში ფრანგულ დრამატურგიაში ჩამოყალიბებულ ახალ ჟანრებსა და ტენდენციებს, ზემოაღნიშნული გარემოებათა გამო, ფრანგული კომედიის თეატრში უჭირდათ დამკვიდრება. ახალი პიესების დადგმის შემთხვევაში დრამატურგებს დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უწევდათ.

სამსახიობო ხელოვნებაში, ისევე როგორც დრამატურგიაში, რეფორმები რთულად ხორციელდებოდა. ფრანგული კომედიის თეატრის მსახიობებისთვის ძნელი იყო XVII საუკუნეში დამკვიდრებული კლასიცისტური მანერებისგან განთავისუფლება. დრამატურგიაში შექმნილმა ახალმა სიუჟეტურმა მოტივებმა, იდეებმა და მათგან გამომდინარე რეალიზმთან მიახლოებულმა ემოციებმაც კი, ვერ განაპირობა თეატრში ძველი სამსახიობო ტექნიკის შეცვლა. მეშჩანური დრამის შესრულებისას სამსახიობო მანერა ისევ კლასიცისტურ ჩარჩოებში რჩებოდა.

XVII საუკუნეში ტრაგედიების შესრულების ორი ტრადიციული გზა ე.წ. რასინისეული და მოლიერისეული XVIII საუკუნეშიც გაგრძელდა. პირველი ხასიათდებოდა პათეტიკური წამღერებითი მეტყველებით, პირობით-სტილიზებული ჟესტებით და კოსტიუმებით, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც იყო ნიჭიერი მსახიობი, რასინის მოსწავლე, მარი შანმელე (Marie Champmeslé,1642-1698). მეორე ტრადიცია მსახიობის მეტყველებაში, ჟესტებსა და კოსტიუმებში რეალისტური ტენდენციებით გამოირჩეოდა. მსახიობები ცდილობდნენ გმირული ტრაგედია რეალურ ყოფასთან დაეახლოებინათ. ამ ტრადიციის წარმომადგენელი იყო მოლიერის მოსწავლე მიშელ ბარონი (Michel Baron, 1653-1729). ფრანგული კომედიის თეატრიდან მისი წასვლის შემდეგ დასში გაძლიერდა რასინისეული ხაზი და მარი შანმელემ ისევ დაიკავა წამყვანი პოზიცია. 1697 წელს ისიც ტოვებს სცენას, თუმცა ამ თეატრში ბარონის და შანმელეს მიმდევრები აგრძელებდნენ მოღვაწეობას და მეტოქეობას.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები