დილთაი ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დილთაი ვილჰელმ

დილთაი ვილჰელმ - Dilthey Wilhelm, Дильтей Вильгельм, 1833-1911

გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, სიცოცხლის ფილოსოფიის ერთერთი წამყვანი წარმომადგენელი; ბაზელის, კილის და ბრესლაუს უნივერსიტეტების პროფესორი. 1882 წლიდან მოღვაწეობდა ბერლინში, სადაც ხელმძღვანელობდა კათედრას, რომელსაც, თავის დროზე, ჰეგელი ედგა სათავეში. თავისი ფსიქოლოგიური შეხედულებები გადმოსცა კლასიკურ ნაშრომში: „იდეები აღწერითი და დამანაწევრებელი ფსიქოლოგიის შესახებ” (1894).

დილთაის ინტერესი ფსიქოლოგიისკენ მიმართა გონისმეცნიერებათა (იგივე ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივ მეცნიერებათა) დასაბუთების საჭიროებამ. ყველაფერი, რასაც კულტურა მოიცავს, ადამიანთა გონითი მოღვაწეობის შედეგია. ამის წყარო კი ადამიანის გონის აქტიურობაშია {შიდა აქტიურობა}, რომელსაც ფსიქოლოგია იკვლევს. აქედან გამომდინარე, გონისმეცნიერებათა საფუძველი, მათი ზოგადი მეთოდოლოგია, დილთაის აზრით, სწორედ ფსიქოლოგიაა. მაგრამ რომელ ფსიქოლოგიას შეუძლია აიღოს თავის თავზე ამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია? დილთაი დარწმუნებულია, რომ იმჟამად გაბატონებული აკადემიური ფსიქოლოგია ამას ვერ შეძლებდა. ეს იყო არსებითად სტრუქტურული ფსიქოლოგია - ელემენტარისტული, ჰიპოთეზებიდან გამოყვანილი, ბუნებისმეტყველური. დილთაიმ მას „ახსნითი ფსიქოლოგია” ანუ „დამანაწევრებელი ფსიქოლოგია” უწოდა. თავისი მეთოდოლოგიით ის ბუნებისმეცნიერებათა მსგავსია. ხოლო გონისმეცნიერებათა საფუძველმდებარე ფსიქოლოგია უნდა იყენებდეს არა ახსნით, არამედ გაგებით მეთოდოლოგიას {გაგება}. ასეთ ფსიქოლოგიას დილთაიმ „აღწერითი ფსიქოლოგია” უწოდა. ის განცდაში პირდაპირ მოცემული საზრისიანი კავშირების უშუალო წვდომასა და ინტერპრეტაციაზე უნდა იყოს მიმართული {გაგებითი ფსიქოლოგია}.

არსებითად დილთაისაგან მომდინარეობს შეხედულება ორი პრინციპულად განსხვავებული და დაპირისპირებული ტიპის ფსიქოლოგიის შესახებ. ეს დღემდე მწვავე მეთოდოლოგიურ პრობლემად რჩება, ვინაიდან ძნელი გასააზრებელია, როგორ შეიძლება თანაარსებობდეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მეთოდოლოგიური პოზიცია მეცნიერების ერთიანი დისციპლინის ფარგლებში.

თავად დილთაი უდავო უპირატესობას გაგებით („აღწერით”) ფსიქოლოგიას ანიჭებდა. ამ ტიპის ფსიქოლოგიურ სისტემებს დღეს ჰუმანიტარული ფსიქოლოგია ეწოდება (მაგ., ჰუმანისტური ფსიქოლოგია ან ეგზისტენციალური ფსიქოლოგია). ფსიქოლოგია, რომელსაც დილთაიმ „ახსნითი” უწოდა, ამჟამად საბუნებისმეტყველო ტიპის ფსიქოლოგიად იწოდება (მაგ., ბიჰევიორიზმი ან კოგნიტივიზმი) {ორგვარი ფსიქოლოგია; ფსიქოლოგიის კრიზისი}.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები