დუშესი ანგულემი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუშეს ანგულემი

დუშესი ანგულემი(Duchesse d՚Agoulême, Herzogin von Angoulême). მსხლის ჯიში დუშესი ანგულემი ნაპოვნი იყო როგორც შემთხვევითი თესლნერგი საფრანგეთში – ქ. ანჟეში, 1809 წელს, ერთ-ერთი ფერმერის ეპარონეს ბაღში, რომელმაც ახალ ნაპოვნ თესლნერგს ანგულემის ჰერცოგინიას სახელი უწოდა. ამჟამად ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული საფრანგეთში, ამერიკაში – შტატ ნიუ-იორკში, ყოფილი სსრკ-ს სამხრეთ ნაწილში.

საქართველოში დუშესი ანგულემი ძველად უფრო იყო გავრცელებული, ვიდრე ამჟამად. ქართლის მეხილეობის რაიონებში გვხვდება კოლმეურნეების კარმიდამოებზე და ბაღჩებში. მისი მთლიანი ნარგავები თითქმის არსად არ გვხვდება. 1936 წლამდე ½ ჰექტარ ფართობზე, კომშზე დამყნილი, გაშენებული იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო ბაღში (მეხილეობის ყოფილი საცდელი სადგური) – სკრაში. ამჟამად, როგორც გადაბერებული ხეები, ამოყრილია. საქართველოს სხვა რაიონებში თითო-ოროლა ხეს თუ შევხვდებით (თბილისის გარეუბანი, კახეთი და სხვა).

ნაყოფი მეტად მსხვილი აქვს (მეტადრე სუსტ საძირეზე მოზარდ ხეებს), 115–125 მმ.–90–110 მმ. ზომით და ხშირად 700–800 გრამს იწონის; ზოგ შემთხვევაში ერთი ნაყოფი ერთ კილოგრამს იწონის, თუმცა საქართველოში ასეთი მსხვილი ნაყოფი თითქმის არსად არ იცის. ნაყოფის ფორმა მეტად ცვალებადია, განკვეთილ მსხლისებრი ფორმის, ხუთწახნაგოვანი, მეტად ბორცვიანი ზედაპირით; ხან კასრისებრი მოყვანილობისაა. გამობმა იცის თითო-თითო ნაყოფის, იშვიათად წყვილ-წყვილად. გაზრდილი ნაყოფის ყუნწი ნაყოფის მეტის-მეტი სიმძიმის გამო უკვე ბოშდება და ამიტომ ნაყოფი ადვილად სცვივა; ნაყოფჭამია ნაყოფს მეტად აზიანებს, ქეცითაც საკმაოდ ძლიერად ზიანდება.

ნაყოფის ყუნწი ძლიერ მოკლეა, თავბოკოლა და ზის ირიბად პატარა ბორცვიან ღრუში.

ჯამი მახევრად ღიაა და ზის განიერ, ბორცვიან და მონაოჭებულ საკმაოდ ღრმა ღრუში.

დუშეს ანგულემის ყვავილი

ნაყოფის კანი ძლიერ სქელია; არასრული სიმწიფისას ნაყოფის კანი მომწვანოა, უხეში, პრიალა, ბლომად აყრია ჟანგაროს ხალები და წერტილები; სრული სიმწიფისას ყვითლდება, მზის მხარეზე ღებულობს მუქ ყვითელ-ოქროსფერს და მცირე მოვარდისფრო ლოყა უნვითარდება.

ნაყოფის ხორცი ნაზია, მოყვითალო-თეთრი ფერის. მდნარი, წვნიანი, ტკბილი, მცირე სასიამოვნო მჟავიანობით, სასიამოვნო სურნელებით და მცირეოდენი ტანიდიანობით; თუ ნაყოფი კარგი კვების პირობებშია განვითარებული, მაშინ მისი ხორცი არ შეიცავს გრანულაციებს. საერთოდ დუშეს ანგულემის ნაყოფის გემო ძვირფასია, რის გამოც მას შემოდგომის ჯიშებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე აყენებენ. იწევენ სექტემბერში და სძლებს ოქტომბრის გასულამდე.

ხე სუსტი ზრდისაა, თუმცა დასავლეთ ევროპის პომოლოგები ძლიერი ზრდის ხედ აღწერენ მას. ინვითარებს ვიწრო პირამიდულ ვარჯს. ხე განსაკუთრებული ნაზია, დიდი მოთხოვნილების მქონე გარემო პირობებისადმი. მხოლოდ ღმა და მეტად ნაყოფიერ, კარგი ფიზიკური აგებულების და ზომიერი ტენიანობის მქონე ნიადაგებში, თბილ, მყუდრო და უქარო ადგილებში ვითარდება ზომიერად და იძლევა მაღალი ხარისხის, გამძლე და შედარებით უხვ მოსავალს. უამისოდ კი ნაყოფი არაზომიერად ვითარდება; ნაყოფის ხორცი ივსება უამრავი გრანულაციით და მეტად მახრჩობელა (ტანიდიანი) ხდება.

ყვავილობა იცის ძლიერ ადრეული; ყვავილი თვითფერტილია; იძლევა პართენოკარპულ ნაყოფს. ხე და ყვავილი მეტად ყინვამგრძნობიარეა. მოსავლიანობას ადრე იწყებს; სუსტმოსავლიან ჯიშად ითვლება.

კომშზე კარგად ვერ გვარობს, მოითხოვს ჩართულ მყნობას; საჭიროებს რეგულარულ მოკლე სხვლას და ხშირ გაახალგაზრდავებას. ძლიერ ეფექტური ჯიშია ნაგალა და ფორმიანი კულტურების წარმოებისას.

მსხვილი და ლამაზი ნაყოფი, ადრეული მოსავლიანობა, სოკოვან დაავადებათა მიმართ დიდი გამძლეობა, კარგი ტრანსპორტაბელობა და ნაყოფის ნაზი კარგი ხარისხი დუშეს ანგულემს უსათუოდ ხდის დიდი ყურადღების ღირსად, ბაღის მოყვარულთა კარმიდამოების აუცილებელ დამამშვენებელ ჯიშად. ფართო საწარმოო მნიშვნელობით მისი გაშენება მხოლოდ იშვიათად შეიძლება ზემოთდასახელებულ გარემო პირობათა დაცვის შემთხვევებში, ისიც სუსტ საძირეზე, რადგანაც ჯიშის უარყოფით მხარეს შეადგენს იშვიათი სინაზე, მცირე ყინვა-გამძლეობა და დიდი მოთხოვნილება ნიადაგის კვების რეჟიმის მიმართ.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები