ნინოშვილი ეგნატე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეგნატე ნინოშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა)

ნინოშვილი (ინგოროყვა) ეგნატე, — (1859-1894), ქართველი პროზაიკოსი და პუბლიცისტი.

სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში (1876–78), საიდანაც გამორიცხეს მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის გამო. 1879 წ. მოიპოვა სახალხო მასწავლებლის წოდება და სოფლად მასწავლებლობდა 1881 წლამდე. 1882-85 წწ. სხვადასხვა ქალაქებში მსახურობდა დაბალ თანამდებობებზე. 1886 წ. საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, მაგრამ უსახსრობის გამო 1887 წ. უკან დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო ბათუმში, როტშილდის ქარხანაში (1989–90), შემდეგ 1890 წ. — ზესტაფონში, მარგანეცის კანტორაში, უბრალო მოხელედ.

სარჩევი

შემოქმედება

ე. ნინოშვილის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები იყო „გოგია უიშვილი“(1890 წ. დაიბეჭდა „თეატრში“). მას შემდეგ მისი თხზულებები ქვეყნდებოდა „ივერიას“, „კვალის“, „მოამბის“ ფურცლებზე. ე. ნინოშვილის პუბლიცისტური წერილები და კორესპონდენციები უმეტესად მისი მშობლიური კუთხის საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა და ასახავდა 80-90-იანი წლების ქართველი გლეხობის დუხჭირ ცხოვრებას. ამ მხრივ აღსანიშნავია წერილი „გურიის ამბები“, რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სოფლის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სოციალური უკუღმართობა და კულტურული ჩამორჩენილობა, გლეხებში გავრცელებული ცრუმორწმუნეობა, გაკრიტიკებულია სახელმწიფო მმართველობა და მისი მოხელეების გულგრილი დამოკიდებულება მშრომელი ხალხისადმი. სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილი მისი წერილებიდან მნიშვნელოვანია აგრეთვე „ძველი დავა ახალ ქერქში“, „უებარი საშუალება საქართველოს გამდიდრებისათვის“, რომელშიც ავტორი მარქსისტული პოზიციიდან ეკამათება გაზეთ „ივერიის“ მესვეურთ.

ამავე თემისადმია მიძღვნილი ე. ნინოშვილის მხატვრული შემოქმედებაც, რომელშიც აისახა XIX ს. მეორე ნახევრის საქართველოს სოფლის ყოფა, კაპიტალიზმის გამანადგურებელი გავლენა, სოფლის ბურჟუაზიის წარმოშობა-განვითარება, მისი დამოკიდებულება გლეხობისადმი („ჯანყი გურიაში“, „მონადირე“, „ქრისტინე“, „პალიასტომის ტბა“, „სოფლის გმირები“). მწერალმა თავის ნაწარმოებებში ერთმანეთს დაუპირისპირა მშრომელი გლეხობა, მისი წიაღიდან გამოსული ინტელიგენცია და თავადაზნაურობა, სოფლის ბურჟუაზია, რომელთა შორის არსებული წინააღმდეგობა და ბრძოლა გაიხადა თავისი შემოქმედების ძირითად და განმსაზღვრელ თემად. თავადაზნაურობის ამორალიზმი, მისი გამხრწნელი მოქმედებით დაღუპვამდე მიყვანილი ადამიანების მძიმე მდგომარეობა ე. ნინოშვილმა რეალისტურად ასახა მოთხრობებში „ქრისტინე“ და „ჩვენი ქვეყნის რაინდი“. ასევე, მოსე გულფუჭაძის შავბნელი საქმეების ჩვენებით („მოსე მწერალი“) სააშკარაოზე გამოიყვანა თვითმპყრობელობის საზოგადოებრივი აპარატის მთელი სისტემა, გააკრიტიკა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური რეჟიმი. ნინოშვილმა რიგ თხზულებებში გვიჩვენა „ფულიანი კაცის“ გავლენა მის თანადროულ საზოგადოებაში („ცოლ-ქმარი“, „უცნაური სენი“). მწერალი განსაკუთრებით ფართოდ ხატავდა მშრომელ გლეხთა სახეებს, რომელთაგანაც ზოგი ნაკლებად მებრძოლია, დამორჩილებულია ბედს (ივანე — „პალიასტომის ტბა“, კაცია მუნჯაძე — „განკარგულება“), ზოგი კი, „სიმონას“ გმირის მსგავსად, შეურიგებელია და გულადი. ამ მოთხრობაში სიმონას და დავით დროიძის დაპირისპირებით მწერალმა მიზნად დაისახა ეჩვენებინა ის სოციალური პირობები, რომლებიც უწყინარ, ღარიბ გლეხს იარაღის ხელში აღებას და ყაჩაღობის გზაზე დადგომას აიძულებს. მოთხრობაში სიმონას ბრძოლა დროიძეების წინააღმდეგ მწერალმა საერთო საზოგადოებრივი ინტერესების სიმაღლეზე აიყვანა. სოციალური უკუღმართობის საწინააღმდეგოდ განწყობილი ადამიანის, საკუთარი ადამიანური უფლებების დასაცავად გამოფხიზლებული გლეხის სახე წარმოადგინა ე. ნინოშვილმა მოთხრობაში „გოგია უიშვილი“. გლეხთა ბრძოლა სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ასახულია მოთხრობაში „ჯანყი გურიაში“, რომლის თემად მწერალმა აიღო 1841 წ. გურიის გლეხთა აჯანყება.

ავადმყოფობამ, მუდმივმა სიდუხჭირემ, ცხოვრების მოუწყობლობამ, ნაადრევმა სიკვდილმა ე. ნინოშვილს საშუალება არ მისცეს უფრო ფართო დიაპაზონისა და ღრმა სულიერი წვდომის პროზაიკოსად ქცეულიყო. მის ნაწარმოებებში მწერლური პოტენცია სჭარბობს გამოვლენილ ნიჭიერებასა და ოსტატობას, ამასთან, ამ ნაწარმოებებს აკლია დამუშავება. ის, რის შექმნაც მან მოასწრო 35 წლის ასაკში, ინტენსიური შემოქმედებითი საქმიანობის სულ ოთხი წლის მანძილზე, ავტორის მებრძოლი შემართებით, დაუმცხრალი პათოსით და გულწრფელობით უფრო იმსახურებს მკითხველთა სიმპათიას და დღემდე გაუმქრალ ინტერესს, ვიდრე მხატვრული ოსტატობით და ესთეტიკური ღირებულებით.

თხზულებები

  • თხზულებანი, 1954.

ლიტერატურა

  • ს. ჭილაია, XX საუკუნის ქართული მწერლობა, ტ. I, 1969;
  • ა. მახარაძე. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ III, 1969,
  • გ. ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ. I, 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები