თეატრი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრი — ყოველკვირეული ლიტერატურულ-თეატრალური გაზეთი გამოდიოდა 1885–91 წწ. თბილისში. რედაქტორ-გამომცემლები: 1885– 87 — ვასო აბაშიძე (1886 წ. NN24-38 გამოცემას ხელმძღვანელობდა ვალერიან გუნია), 1887-91 — ალექსანდრე ნებიერიძე. თანამშრომლობდნენ: ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, ა. ნებიერიძე, ა. ფურცელაძე, დ. კეზელი, ი. ჯაჯანაშვილი, ცახელი, ნ. ხიზანიშვილი, ბაჩანა… გაზეთმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ თეატრალურ პრესას. მის ფურცლებზე იბეჭდებოდა წერილები დრამისა და თეატრის თეორიის შესახებ, ვრცლად შუქდებოდა მსახიობის ოსტატობის, რეჟისურის, თეატრისა და მაყურებლის ურთიერთობის საკითხები. გაზეთმა დიდად შეუწყო ხელი ეროვნული თეატრის წინსვლას. გაზეთში დაბეჭდილი ქართველ მწერალთა თხზულებები გამოირჩევა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხთა აქცენტირებით. „თეატრი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა რეპერტუარის შექმნას.

გაზეთი „თეატრი"

იბეჭდებოდა დასადგმელად ნავარაუდევი პიესები. მათი უმეტესობა კომედია-ვოდევილია, რომელთა დიდი ნაწილი თარგმნილ-გადმოკეთებულია. „თეატრი“ ფხიზლად ადევნებდა თვალს მიმდინარე ლიტერატურულ ცხოვრებას და კრიტიკული წერილებით ხელს უწყობდა მის წინსვლას. გაზეთი კრიტიკული რეალიზმის ხაზს იცავდა. თერგდალეულები („სამოციანელები“, „პირველი დასი“) — რუსეთში განსწავლული ქართველი მოღვაწეები, რომელთაც შემოქმედების მიზნად დაისახეს ხალხის გამოფხიზლება, ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა, ძველი ქართული კულტურის ჯანსაღ ტრადიციათა განახლება, კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობის ფართოდ გაშლა. ახალგაზრდა მოღვაწეთა ამ ჯგუფის მრწამსი რელიეფურად გამოიკვეთა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე 1861 წ. გაშლილი მწვავე პოლემიკის დროს. თერგდალეულთა აღიარებული წინამდგომები, ი. ჭავჭავაძესთან ერთად, იყვნენ ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, კ. ლორთქიფანიძე. თერგდალეულთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, ქართულ კულტურულ ტრადიციებთან ერთად, დიდი გავლენა მოახდინეს რუსი რევოლუციონერი დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის იდეებმა. დიდი როლი შეასრულეს თერგდალეულებმა ქართული სალიტერატურო ენის აღორძინება-განახლების, საერთოდ, მწერლობის განვითარების საქმეში. მათ თავიანთი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირეს ხალხის განათლების იდეას. მათი მესვეურობით ინტენსიურად დაიწყო ჩვენში წიგნების ბეჭდვა, ჟურნალ–გაზეთების გამოცემა, სკოლების გახსნა. მათსავე სახელთან არის დაკავშირებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, ქართული თეატრის აღორძინება-განვითარება, სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებათა შექმნა. სამოციანელთა ბეჭვდითი ორგანოები იყო თავდაპირველად ჟურნალი „ცისკარი“ (რამდენადაც სხვა პერიოდული ორგანო არც არსებობდა), მერმე — „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „კრებული“, „ივერია“, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს პატრიოტული და განმანათლებლური იდეების პროპაგანდის, მებრძოლი სალიტერატურო კრიტიკის განვითარების საქმეში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები