წერეთელი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი წერეთელი

წერეთელი აკაკი – (1840–1915), პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, ლიტერატორი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთი უპირველესი წინამდგომი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ სხვიტორში (საჩხერის მახლობლად). 1852 წ. შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1859 წ. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (თავისუფალ მსმენელად). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1862) საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, მონაწილეობდა აგრეთვე „იმედში“, „ნობათში“, „საქართველოს მოამბეში“, „თეატრში“, „თემში“… 1897-1900 წწ. სცემდა საკუთარ ჟურნალს „აკაკის თვიური კრებული“, სადაც დაბეჭდა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები („ბაში-აჩუკი“, „მედია“, „ჩემი თავგადასავალი“, „ნათელა“, „გამზრდელი“, „თორნიკე ერისთავი“…), პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები. 1907 წ. 11 თებერვალს გამოსცა იუმორისტული ყოველკვირეული გაზეთი „ხუმარა“, რომელიც პირველი ნომრიდანვე აიკრძალა. ა. წერეთელი დააპატიმრეს, მაგრამ ხალხის აღშფოთებით შეშინებულმა მთავრობამ მეორე დღესვე გაათავისუფლა პატიმრობიდან. 1907 წ. ა. წერეთელი არაოფიციალურად რედაქტორობდა აგრეთვე იუმორისტულ ჟურნალებს „ოხუნჯი“, „ბზიკი“, რომლებსაც, „ხუმარას“ მსგავსად, ხანმოკლე დღე ეწერათ.

ა. წერეთელი სხვა საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა: თანამშრომლობდა ქართულ მუდმივ დასში (1879). მისი შემწეობით ქართულმა თეატრმა მუდმივი ბინა დაიმკვიდრა. აკაკის თაოსნობით (ი. ჭავჭავაძესთან ერთად) 1880 წ. დაარსდა „ქართული დრამატული საზოგადოება“, რომლის ხელმძღვანელადაც ერთხანს თვითონ იყო. აქტიურად მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ კომისიაში (1881); ამასთანავე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კითხულობდა საჯარო ლექციებს რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. 1903 წ. ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიიწვია ქართული დასის რეჟისორად. 1905 წ. ა. წერეთელი აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, ხალხს მოუწოდებდა ცარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად („ძირს“, „თქვენი ჭირიმე“, „ნატვრა“, „გურული ნანინა“, „ხანჯალს“, „მოხუცის გრძნობა“…). ა. წერეთლის სახელთან არის დაკავშირებული აგრეთვე ჭიათურის შავი ქვის აღმოჩენა და მის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის შექმნა („გუნდა ქვის ამბავი“ - 1880).

აკაკის არასოდეს უმსახურია სახელმწიფო დაწესებულებაში. მუდამ ამჯობინებდა პოეტურ თავისუფალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას. იგი ორგანულად იყო დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასთან. არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საზოგადოებრივ-კულტურული თუ პოლიტიკური მოვლენა, რომელზეც მას პასუხი არ გაეცა. მუდამ ხალხთან იყო, კარგად იცნობდა ხალხის ცხოვრებას, მისწრაფებებს და მხარში ედგა. ა. წერეთელი ქართული პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის — თერგდალეულების, „შვილების“ ერთ-ერთი საუკეთესო და უგამოჩენილესი წარმომადგენელია, რომელმაც განიცადა გავლენა XIX ს. 60-იანი წლების რადიკალურ–დემოკრატიული მიმართულებისა (ბელინსკი, გერცენი, ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი…). ა. წერეთელმა თავისი აზროვნებით, ლიტერატურული მემკვიდრეობით, დიდი ჰუმანიზმით და პრაქტიკული მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ხალხის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ამიტომ იგი ი. ჭავჭავაძესთან ერთად გვევლინება XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მამამთავრად.

პოეზია

ა. წერეთელი იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და ცნობილი სატირიკოს-იუმორისტი. მაგრამ იგი, უწინარეს ყოვლისა, იყო ლირიკოსი პოეტი. მისი პოეტური ნიჭი ბავშვობიდანვე გამოვლინდა, როცა წერა-კითხვაც არ იცოდა. 1859 წელს კი „ცისკარში“ პირველად გამოქვეყნდა მისი ორიგინალური ლექსები „ჩემს ვენერას“, „პ. წ–ს“.

აკაკის ლირიკული პოეზია ღრმა პატრიოტიზმითა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეითაა გამსჭვალული („ჭაღარა“, „ჩანგური“, „ავადმყოფი“, „ხატის წინ“, „სალამური“, „ქუთაისი“, „მუხამბაზი“. „თავო ჩემო“, „გაზაფხული“, „რუსთაველის სურათზე“, „საქართველოს დღევანდელი სახე“, „ალ. ჭავჭავაძის საფლავზე“, „მინდა რომ ვთქვა, მაგრამ რა ვსთქვა“, „ენას მგლეჯენ“, „მესტვირული“, „ტყვე“, „ხანჯალს“ და მრავალი სხვა). ეს გრძნობა ა. წერეთლის შემოქმედებაში იმდენად ძვირია, რომ მკითხველს ზოგჯერ უძნელდება კიდეც გარკვევა — ესა თუ ის ლექსი კონკრეტულად სამშობლოსადმი არის მიძღვნილი, ბუნებისადმი თუ სატრფოსადმი („სულიკო“, „სატრფოს“, „საიდუმლო ბარათი“, „ამაო ძებნა“, „სურვილი“, „განთიადი“, „გაზაფხული“, „ფუტკარი“, „სიმღერა“…).

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოტივის გარდა ა. წერეთელის ლექსები ღრმად ინტერნაციონალური ხასიათისაა („მეგობარს“, „რჩევა მოძრაობის დროს“, „გ. სუნდუკიანის ხსოვნას“, გადმოკეთებული ლექსი „ინტერნაციონალი“…).

პოეტი დაინტერესებული იყო ქართველი ხალხის სოციალური მდგომარეობით. ყმა-გლეხის ბედი, მისი დამცირებული ცხოვრება, თუნდაც ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აკაკის პოეზიაში („მუშის ნატვრა“, „მუშური“, „ბოდვა“, „მოხუცის გრძნობა“, „იმერული ნანინა“, „სიმღერა მკის დროს“, „მდიდარს ღარიბისაგან“, „გლეხის ჩივილი“). პოეტის მახვილ, დაკვირვებულ თვალს არ ეპარებოდა ცხოვრების არც ერთი მანკიერი მხარე. ქართულ სინამდვილეზე ცარიზმის უარყოფითი გავლენა, გადაგვარებული ადამიანის ფსიქიკა ა. წერეთელმა სრულად დახატა თავის სატირულ-იუმორისტულ ქმნილებებში — ლექსად თუ პროზად („მექრთამე მსაჯულს გლეხისაგან“, „ვედრება“, „ნადირობა“, „ახალი სამართალი“, „ოქროს წყაროს ამბავი“, „აპელაციის მცოდნე“, „ახალი გზა“, „ფარისეველი“, „ქართული პატრიოტობა“, „პატარა მურია“, „კოღო-ბუზების პასუხი“…).

პოემები

ა. წერეთელის ეპიური პოემები ხასიათდება ლირიზმით, თუმცა მეტი წილი ამ პოემებისა ისტორიულ სინამდვილეზეა აგებული („ბაგრატ დიდი“, 1875, „თორნიკე ერისთავი“, 1884, „ნათელა“, 1900). იგივე ითქმის დრამატულ პოემებზეც („პატარა კახი“, „თამარ ცბიერი“, 1885, „მედია“, 1895). მათში პოეტისთვის ისტორიული ფაქტები და მოვლენები მხოლოდ საფუძველია სიუჟეტის შესაქმნელად. წარსულის გაიდეალებით, ისტორიულ გმირთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხატვრულად ასახვით ავტორი ცდილობს დაანახოს მკითხველს მისი აწმყო, ეროვნული თვითშეგნება და პატრიოტული გრძნობები გაუღვიძოს მას. აკაკის ისტორიულ-დრამატული პოემები გამიზნულია სწორედ პოეტის თანამედროვე ქართველი საზოგადოებისთვის.

სხვა პოემებში აკაკი გვევლინება დიდაქტიკოსად („გამზრდელი“, 1887), ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლად („ალექსი“, 1869, „ვორონცოვი“, 1909), სატირიკოსად („რუსეთუმე“, 1861), მეზღაპრედ (პოემა „ავადმყოფი“, „ნაცარქექია“)…

პროზა

ა. წერეთელის პროზა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. მისი პირველი მოთხრობა „ეშმაკები“ 1868 წ. გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ხშირად ბეჭდავდა დიდი თუ მცირე ზომის პროზაულ ნაწარმოებებს („სიკვდილი“, „მტირალი დედა“, „ჩერქეზის ქალი“, „კახეთში გამგზავრება“, სამგვარი სიყვარული“, „ქართული ფულის თავგადასავალი“, „კუჭია“, „იმერლები“, „ჩემი თავგადასავალი“). მათი თემაა ისევ ტყვეობაში მყოფი საქართველო და პატრიოტიზმი. ა. წერეთელის პროზაულ ნაწარმოებთა სიუჟეტი ან თანადროულობის პირდაპირი ამსახველია („ეშმაკები“, „მტირალი“, „ჩემი თავგადასავალი“), ან ისტორიული („ბაში-აჩუკი“, „ქუთათელის სიზმარი“), ან ზღაპრული ხასიათისაა („ვარდი და ეკალი“, „კუჭია“, „ოქროს წყაროს ამბავი“…), რომელთა თხრობაში ერთ-ერთი მოქმედი პირი აუცილებლად თვითონ ავტორია.

აკაკის, როგორც პროზაიკოსის, დიდოსტატობა მთელი სისრულით გამოვლინდა ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“ (1894–1909) და ისტორიულ რომანში „ბაში-აჩუკი“ (1895-66). მათში ა. წერეთელი წარმოგვიდგება დიდ პორტრეტისტად, რომელსაც კალმის ერთი მოსმით შეუძლია დახატოს როგორც ისტორიული პირები (ზაალ ერისთავი, თავადი ჩოლოყაშვილი...), ისე მისი თანამედროვე გამოჩენილი მოღვაწეები (ა. ორბელიანი, ი. კერესელიძე, ლ. არდაზიანი, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი, ს. მესხი, ნ. ნიკოლაძე და სხვანი). საკმარისია ავტორმა რამდენიმე სიტყვით დაახასიათოს თავისი გმირი და მკითხველში უკვე სრულყოფილების გრძნობას აღძრავს და, ამავე დროს, უდიდეს ესთეტიკურ ეფექტს აღწევს. პორტრეტების შექმნა ორგანულ კავშირში უნდა იყოს თვით ნაწარმოების თხრობის მანერასთან. ა. წერეთელის დამსახურება ქართული პროზის წინაშე სწორედ ის არის, რომ მან სიუჟეტის მკაცრი კომპოზიცია შემოიტანა მხატვრულ პროზაში, გაბმული თხრობის ნაცვლად დაამკვიდრა მოსხლეტილი თქმა, მოკვეთილი ამბავი, დინამიური მოულოდნელობა და მაგრად შეკრული სიუჟეტი. ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ა. წერეთელის პროზა უაღრესად რიტმულია და რომ იგი პროზაშიც პოეტად დარჩა.

დრამატურგია

ა. წერეთელი ავტორია დრამატული პოემებისა: „პატარა კახი“, „თამარ ცბიერი“, „მედია“, მის დრამებს, კომედიებს, ვოდევილებს („ძველი ამხანაგები“, „პირუტყვების არჩევანი“, „ძველსა და ახალს შუა“ „არსენა“, „სცენა საპატიმროში“, „ადვოკატის სილა“, „ჩვენი ნაცარქექიები“, „ბუტიაობა“, „განთიადი“, „კუდურ-ხანუმ“, „კინტო“, „ენების გასამართლება“, „საოჯახო რევოლუცია“, „გაიძვერები“, „ქართველი და სომეხი“, „ახალი გმირი“…), რომლებიც ამსახველია ცხოვრებისეული მანკიერი მხარეებისა და მიმართულია მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, არაერთხელ უხსნია რეპერტუარით ღარიბი ქართული სცენა.

აკაკი თეატრალური მოღვაწე იყო და კარგად ესმოდა თეატრის როლი ეროვნულ საკითხში. ამიტომ ქართულ თეატრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და მისი მუდმივი გულშემატკივარიც იყო. თავის დრამატულ ნაწარმოებებში აკაკი გვევლინება დიდ რეალისტად, რომლის მთავარი ამოცანაა ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლა. ძირითადი პრინციპი ამ ნაწარმოებებისა განახლებული ცხოვრების, ახალი საქართველოს შექმნის სურვილია.

აკაკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მასალების შეკრებას, გულმოდგინედ ეძებდა მას ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, ისტორიულ დოკუმენტებში, ძველ კლასიკურ ლიტერატურაში საქართველოს შესახებ, მშობლიურ ბუნებასა და ხალხის ეროვნულ დემოკრატიულ იდეალებში.

აკაკი და ხალხური სიტყვიერება

მისი შემოქმედების დაუშრეტელი წყარო მაინც ხალხური სიტყვიერება იყო. ფოლკლორის დიდი გავლენა ატყვია მის პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებს. ხალხური შემოქმედებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა დააწერინა აკაკის არა ერთი და ორი წერილი და მოწოდება ფოლკლორული ნიმუშების შეკრება-შეგროვების თაობაზე („აკაკის ანდერძი“, „სახალხო ზეპირსიტყვიერება და მისი მნიშვნელობა“, „მარგანეცის გამო“, „შენიშვნები პრომეთეოსზე და მედია-იაზონზე“, „ზეპირსიტყვაობის გამო“, „განცხადებასავით“). იგი აქტიურად ჩაება შავი ქვის მრეწველობის საქმეში სწორედ იმ მიზნით, რომ შემოსავლის გარკვეული ნაწილი ხალხური შემოქმედების შეგროვებას მოხმარებოდა. 90-იან წლებში კი საფუძველი ჩაუყარა ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვება-გამოქვეყნების საქმეს.

თავის შემოქმედებაში ა. წერეთელი ხშირად იყენებს სხვადასხვა ხალხური სიმღერისა და ცეკვის წესებს („სამგვარი სიყვარული“), უხვ მასალას იძლევა ხალხში გავრცელებული ცრურწმენების, მათი რიტუალების შესახებ („ბაში-აჩუკი“, „ქართული ფულის თავგადასავალი“, „სცენა საპატიმროში“), ყეენობის („ყეენობა“), ზღაპრული ხერხების („რეაქცია“, „ძველსა და ახალს შუა“, „გადია“, „კუდაბზიკეთი“, „კიკოლას ნაამბობი“), ხალხური თქმულებისა და ლეგენდების (პოემები „ნათელა“, „მედია“, „პატარა კახი“, ლექსი „ლეგენდარული“) შესახებ. ხალხურ მოტივებზეა აგებული მისი მრავალი ლექსი. ზღაპრის სამყაროდანაა აღებული ფაბულა „ვირი და მგელისა“, პოემებისა „ნაცარქექია“, „ავადმყოფი“. საგულისხმოა აგრეთვე მთელი სერია „ძველებური ამბებისა“, რომელშიც წარმოდგენილია ხალხის მეხსიერებიდან ამოკრებილი პატარ-პატარა ამბები ჩვენი ქვეყნის წარსულიდან, მისი გმირები, რაინდობა და ადათ-წესები. აკაკის ხალხურობა ვლინდება დამოუკიდებლად მოგონილ სიუჟეტებშიც, რომლებშიც გამოყენებულია სხვადასხვა ფოლკლორული ჟანრი. მასვე შეუთხზავს მრავალი ზღაპარი, ამბავი, იგავ-არაკი და შაირი. აკაკის მიერ გამოგონებული ბევრი გამოცანა ისეა გავრცელებული ხალხში, რომ მისი ავტორობა დაკარგულია და ისინი ხალხურად არის ცნობილი. არც ერთი პოეტის სიმღერები არ ყოფილა ისე პოპულარული, როგორც აკაკი წერეთლისა. ამის მიზეზი სწორედ მათი ხალხურობაა („სულიკო“, „ციცინათელა“, „მინდვრად ეგდო თეთრი ქვა“, „ღმერთო, წვიმა მოიყვანე“, „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან“, „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“, „მუხამბაზი“, „მუშური“, „სალამური“, „იავნანა“…).

პუბლიცისტური მოღვაწეობა

ა. წერეთელმა პუბლიცისტური მოღვაწეობა დაიწყო სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე, ჯერ კიდევ პეტერბურგში სწავლის პერიოდში (1862). მსგავსად ყველა თერგდალეულისა, მისი პუბლიცისტიკაც დაკავშირებულია საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედთან, მის ავ-კარგთან. არ ყოფილა თითქმის არც ერთი ცხოვრებისეული წვრილმანი, მისი კალამი რომ არ შეხებოდა. მისი პუბლიცისტური წერილები მკაცრად აკრიტიკებს გადაგვარებულ ადამიანებს, ეხება ეროვნულ, საპოლემიკო და სწავლა-აღზრდის საკითხებს.

ქართულ ლიტერატურასა და ესთეტიკურ აზროვნებაში აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, წარმოგვიდგება, როგორც დიდი მებძოლი რეალისტური ხელოვნებისთვის. მას სწამდა ისეთი ხელოვნება, რომელიც გამსჭვალული იქნებოდა მოწინავე, ხალხური იდეებით. აქედან გამომდინარე, მის შემოქმედებაში გატარებულია რეალისტური პრინციპი.

თარგმანები

ა. წერეთლის ლიტერატურულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანია მისი მთარგმნელობითი საქმიანობა. აკაკის პირველი ლექსი, რომელიც პრესაში გამოჩნდა („ცისკარი“, 1958), იყო თარგმანი ლერმონტოვის ლექსისა „პალესტინის რტო“. მან თარგმნა ბაირონის „ებრაული გოდება“, „სიმღერა“, „იეფთაის ასული“, დობროლიუბოვის ლექსი „მატლი“, მირზა ფატალი ახუნდოვის პიესა „შირალი“. მასვე ეკუთვნის კრილოვის იგავ–არაკების თარგმანი (კრილოვის 213 იგავ-არაკიდან 153 ყველაზე პოპულარული და მისი თანადროულობისთვის შესაფერისი იგავ-არაკი გადმოთარგმნა). ეს თარგმანი მან ქართულ ცხოვრებას შეუფარდა და შესაფერისად სატირულად ააჟღერა. თავისი მიზნის განსახორციელებლად პოეტი ზოგ თარგმანში (უფრო სწორად — გადმოქართულებულ იგავ–არაკში) აძლიერებს სატირას და აქტიურს ხდის ამა თუ იმ საკითხს. ამ იგავ-არაკებში აკაკი ემყარება ქართულ შემოქმედებას, იყენებს ქართული სინამდვილიდან აღებულ ყოფითს ელემენტებს, ქართულ ენამახვილი გამოთქმებს, რის შედეგადაც თარგმანს დამოუკიდებელი სახე და წმინდა ქართული იერი ეძლევა.

აკაკის ლექსებში ვლინდება მისი მრავალფეროვანი თემატიკის უაღრესად აქტიური და მღელვარე ხასიათი — ოპტიმიზმი, მომავლის რწმენა და ვაჟკაცური შემართება, რაც ასე ძლიერ სჭირდებოდა მის თანადროულ ეპოქას. ყველა ამ თვისებამ აკაკის დიდი პოპულარობა შესძინა და „უგვირგვინო მეფის“ სახელი მოუპოვა. აკაკის ლექსებს ხალხი იტაცებდა და მღეროდა, თავად მას კი, ილიასთან ერთად, თავის „გარემოების საყვირად“, მთელი ერის მედროშედ მიიჩნევდა XIX საუკუნის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

თხზულებები

  • თხზულებათა სრული აკადემიური კრებული 15 ტომად, 1950-1963.

ლიტერატურა

  • „საიუბილეო კრებული“ 1940;
  • ლ. ასათიანი, ცხოვრება აკაკი წერეთლისა, 1853;
  • ა. გაჩეჩილაძე, აკ. წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება, 1954;
  • გ. აბზიანიძე, ა. წერეთელი, 1960;
  • პრ. კეკელიძე, აკ. წერეთლის ისტორიული რომანები, 1961;
  • ა. ხინთიბიძე „აკაკის ლექსი“, 1972.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები