დეგა ედგარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ედგარ დეგა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედგარ დეგა. რეპეტიცია სცენაზე, დაახლ. 1874; პასტელი, ტუშითა და ფუნჯით შესრულებულ თავდაპირველ ნახატზე

ედგარ დეგაიმპრესიონიზმის ცნობილი წარმომადგენელი. მას განსაკურებით იზიდავდა სოციალური მოტივაციით შთაგონებული ურბანული თემები. რაც სხვა იმპრესიონისტებზე მეტად აახლოვებდა მათ რეალიზმთან. პლენერზე მუშაობის მაგივრად იგი თავის ტილოებს სტუდიაში ჩანახატებისა და ფოტოების მიხედვით ქმნიდა.

1850-იანი წლების შუახანებში ნატიფი ხელოვნების აკადემიაში მიღებული კარგი აკადემიური განათლება და სამი წლის განმავლობაში იტალიაში ძველი ოსტატების შესწავლით მიღებული გამოცდილება, მისი ნამუშევრების რთულ კომპოზიციურ სტრუქტურასა და გასაოცრად სუფთა, მკაფიო სახვით ფორმაში გამოვლინდა. მისი თემატიკა და სტილი, იმპრესიონისტებზე მეტად, მრავალი ნიშნით, მანესას უახლოვდება.

მეგობრებისა და ნათესავების ფსიქოლოგიური ტიპის პორტრეტების შექმნის შემდეგ, 1870-იან წლებში იგი პარიზის ცხოვრების ამსახველ თემებს მიმართავს; მხატვარი ხატავს ქალაქის სანახაობრივ და გასართობ ადგილებს; მოქმედება მის სურათებზე იპოდრომზე, მიუზიქ-ჰოლსა და ოპერაში მიმდინარეობს; მას არ აინტერესებს აუდიტორია, მისი სურათის პერსონაჟები უმთავრესად მსახიობები არიან, ისინი, ვინც მაყურებელს ართობს.

დეგა 1870-1880-იან წლებში განსაკუთრებით ბალეტის თემითაა გატაცებული და ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ბალეტი დაკნინებას განიცდის. დეგა მოცეკვავეებს რეპეტიციების ან სპექტაკლების დროს როდი ხატავდა, იგი უმეტესად ქირაობდა ხოლმე ახალგაზრდა "ბალეტის ვირთხებს" (როგორც მათ თავად უწოდებდა) და ისინი მხატვრისთვის სტუდიაში პოზირებდნენ. მაგალითად, მისი სურათი რეპეტიცია სცენაზე წარმოსახვითი სცენაა, რომელიც თვალს ხიბლავს, მაგრამ, იმავდროულად, თანამედროვე ცხოვრების სასტიკ რეალიებსაც შეგვახსენებს. მოცეკვავეები დაქანცულნი არიან; ზოგი იზმორება კიდეც, რათა მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან დაძაბულ სხეულს მცირეოდენი შვება მაინც მისცეს. სურათის მარჯვენა კიდეში, უკანა პლანზე ორი კარგად ჩაცმული შუახნის მამაკაცი, როგორც ჩანს, რომელიმე მოცეკვავის "მფარველი", ნებიერად ზის. საქმე ისაა, რომ ბალერინები, ძირითადად, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ და რამდენადაც ისინი საზოგადოების წინაშე თითქმის შიშვლები გამოდიოდნენ, ანუ ისე, როგორც "რესპექტაბელური" ბურჟუა ქალი არასოდეს მოიქცეოდა, ისინი სექსუალურად იოლად ხელმისაწვდომად მიაჩნდათ. ამის გამო ბალერინები ხშირად იპყრობდნენ შეძლებული მამაკაცების ყურადღებას, რომლებიც, მფარველობის სანაცვლოდ, ბალერინებს მათთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებას სთავაზობდნენ.

კომპოზიცია დამრეც სცენაზე ისეა განაწილებული, თითქოს მოქმედებას მნახველი სცენასთან ახლოს მდებარე ყუთიდან ადევნებს თვალს. მკვეთრი რაკურსი ხაზგასმულია სურათის მარცხენა ქვედა კიდესთან გამოსახული კონტრაბასის მუქი ფრაგმენტით. ამგვარი რაკურსი და ხედვის წერტილი შესაძლოა იაპონური გრავიურიდან მომდინარეობდეს, რომლის კოლექციასაც დეგა აგროვებდა. კომპოზიციის ფრაგმენტულობას სურათის მარცხენა კიდით ჩამოჭრილი ფიგურებიც განსაზღვრავენ, რაც ერთგვარად ფოტოგრაფიის გავლენას შეიძლება მივაწეროთ, რომლის დიდი მოყვარულიც გახლდათ დეგა.

ედგარ დეგა. ბანაობა, 1886; პასტელი, მუყაო, 60X83 სმ. დ’ორსეს მუზეუმი, პარიზი

თუკი დეგას ბალეტის ამსახველი სცენები საზოგადოებრივი სანახაობის არაფორმალურ მხარეს გადმოგვცემს, მობანავე ქალების უფრო გვიან შესრულებული ნამუშევრები ინტიმური ცხოვრების ფარულ, უცაბედად დანახულ მომენტებს ასახავს. მასალა - პასტელი, რომლითაც უმეტეს შემთხვევში ეს სურათებია შესრულებული, სცენის უშუალობას კიდევ მეტად აძლიერებს.

1886 წელს შესრულებული სურათი ბანაობა წარმოგვიდგენს ტაშტზე ჩამუხლულ ქალს, რომელიც ტანს იბანს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სურათზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდე¬ბელი ნაწილია წარმოდგენილი: მარცხნივ, შიშველი ქალი, კომპაქტურად შეკრული სხეულით, რომელიც ხელით ტაშტს ეყრდნობა და თითქოს ინტერიერის ფრაგმენტული სივრცის დამრეც იატაკზე ამით წონასწორობას იცავს; სურათის მარჯვენა კიდე კი სრულიად სიბრტყობრივად გამოსახულ მაგიდის "აყირავებულ" ზედაპირს უჭირავს, რომელზეც ნივთები აწყვია. ამ ნაწილთა დაპირისპირებულობის მიუხედავად, ხედვის ზედა წერტილიდან მოცემული კომპოზიცია მაინც მთლიანია. სურათის სიბრტყობრივი გადაწყვეტა, სივრცის, გარემოს მკვეთრად "შეკუმშვა", კომპოზიციის ფრაგმენტულობა იაპონური გრავიურისა და ფოტოგრაფიის ზეგავლენის კიდევ ერთ მაგალითს იძლევა დეგას ხელოვნებაში.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები