იმპრესიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ მონე. შთაბეჭდილება: მზის ამოსვლა, 1872; ტილო, ზეთი, 48X63 სმ. მარმოტონის მუზეუმი, პარიზი

იმპრესიონიზმი – მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის 70-იანი წლების ფრანგულ ფერწერაში.

1870-იანი წლებისთვის ფრანგი მხატვრების უფროსი თაობა თანამედროვე ურბანულ თემებს მიმართავს, მაგრამ მანესა და რეალისტებისგან განსხვავებული პერსპექტივით. სოციალური რეალობის მიმართ გარკვეული დამოკიდებულების გამოხატვის ნაცვლად, ეს მხატვრები საშუალო კლასის ზედა ფენის სოფლად და ქალაქში დასვენებისა და გართობის სცენებს ასახავდნენ; და თუმცა ჯგუფის რამდენიმე წევრი რურალურ სცენებსაც ხატავდა, მათი ობიქტები მაინც უფრო ქალაქელი პერსონაჟები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს მხატვრები სახელოსნოს გარეთ - პლენერზე (en plein air) იწყებენ მუშაობას, რათა ტილოს ზედაპირზე სუფთა, გაუზავებელი საღებავების ბრტყლად დადებული მონასმებით განათებისა და ატმოსფეროს სწრაფად ცვალებადი ეფექტების დაფიქსირება მოახერხონ. პლენერზე მუშაობა საგრძნობლად გააადვილა 1841 წელს ზეთის საღებავების მზა ტუბების გამოგონებამ, რომელთა ტარება მხატვრებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ. აკადემიის წესების მიხედვით, მოსამზადებელი ჩანახატებისა და ლისირების დამღლელი პროცედურის ნაცვლად, რაც სტუდიურ მუშაობას ახლდა თან, მათ შუქის ცვალებადი თამაშის სწრაფი ასახვა არჩიეს.

1874 წლის აპრილში მხატვართა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ პოლ სეზანი, ედგარ დეგა, კლოდ მონე, ბერთ მორიზო, კამილ პისარო და პიერ ოგიუსთ რენუარი, პარიზში აწყობს გამოფენას სახელწოდებით ხელოვანების - ფერმწერების, მოქანდაკეების, გრავიორების და ა. შ., ანონიმური კორპორაცია (Société Anonyme des Artistes Peintres, Sculpteurs, Graveurs, etc.) პისაროს ინიციატივით შექმნილი კორპორაცია იმ ანარქისტების პოზიციის გამტარებელი იყო, რომელთაც პრუდონი უჭერდა მხარს. პრუდონი მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ მუშათა კლასის დამოუკიდებელ ორგანიზაციებში გაერთიანებულიყვნენ და არ მინდობოდნენ სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ინსტიტუციებს. პისაროს წარმოდგენით, კორპორაცია იქნებოდა ხელოვანების ურთიერთდახმარების ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სალონებს დაუპირისპირდებოდა. დღეს ეს ჯგუფი მისი წევრი იმპრესიონისტი მხატვრების წყალობითაა ცნობილი, მაგრამ იმ დროისათვის, ის სხვადასხვა სტილში მომუშავე მხატვრებს იკრებდა. ჯგუფის ოცდაათივე წევრი, რომელთა ნამუშევრებს სალონის ჟიური ხშირად იწუნებდა, შეთანხმდა, რომ იმ წელს სალონში გამოსაფენად საკუთარ სურათებს აღარ წარადგენდნენ. ეს იყო აკადემიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება და განაცხადი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.

მართალია, გამოფენამ რამდენიმე დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, მაგრამ ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ლუი ლერუამ, რომელიც სატირულ ჟურნალ ლე შარივარისთვის წერდა, მონეს სურათის სათაური - "შთაბეჭდილება: მზის ამოსვლა", მთელი გამოფენის მიმართ გამოიყენა და მას "იმპრესიონისტული" უწოდა. ლერუამ ნამუშევრები ხშირი, თავისუფალი მონასმებისა და დაუსრულებლობის გამო გააქილიკა, მაგრამ მონეს და მის კოლეგებს მოეწონათ ეს შეფასება, რადგან, მათ მიზანს, ტილოზე აღებეჭდათ წარმავალი მომენტი და წამიერი შთაბეჭდილება, ეს ტერმინი ზუსტად აღწერდა. შემდგომში ეს სახელი შერჩა კიდეც მხატვართა ამ ჯგუფს.

1876-1886 წლებში იმპრესიონისტების კიდევ შვიდი გამოფენა გაიმართა. მონაწილეთა შემადგენლობა ყოველ ჯერზე უმნიშვნელოდ იცვლებოდა; მხოლოდ პისარო იღებდა მონაწილეობას რვავე გამოფენაში. გამოფენების შედარებითმა წარმატებამ მხატვრებს სალონის ალტერნატიული, საკუთარი გამოფენების გამართვისაკენ უბიძგა და 1900 წლისთვის პარიზის სალონის სისტემა დამოუკიდებელი გამოფენებისა და გალერეების სისტემამ ჩაანაცვლა. ამით დასრულდა კიდეც მხატვრულ "სტანდარტებზე" აკადემიის უმკაცრესი საუკუნოვანი კონტროლი და შეზღუდვები.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები