მანე ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედუარდ მანე – (Édouard Manet, 1832-1883) ცნობილი ფრანგი მხატვარი, რომლის შემოქმედებაში აისახა რეალიზმიდან იმპრესიონიზმისკენ გადასვლა. ავანგარდის კონცეფციასთან ერთად, საფრანგეთის იმ პერიოდის ხელოვნების ფორმირება "მოდერნულობის" იდეამაც განსაზღვრა. მოდერნულობა, რომელიც მუდმივ ცვლილებებსა და განახლებას გულისხმობდა, მჭიდრო კავშირში იყო თანამედროვე ქალაქის ცხოვრების დინამიკასთან. ინდუსტრიალიზებულ სამყაროში ჩამოყალიბებული თანამედროვე ქალაქების ყოფასთან თუ ადამიანთა პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული თემები ის გასაღებია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ XIX ს-ის მეორე ნახევრის ფრანგული მხატვრობისა და ლიტერატურის გაგებას შევძლებთ.

1863 წელს პოეტი შარლ ბოდლერი თავის ესსეში "თანამედროვე ცხოვრების ამსახველი მხატვარი" წერდა: იმისათვის, რომ ხელოვანმა თავისი დროისა და სივრცის შესახებ ისაუბროს, მისი ნამუშევარი თანამედროვეობით უნდა იყოს შთაგონებული. იგი ხელოვანებს მოუწოდებდა, თანამედროვე მანერით "აესახათ ცხოვრების წარმავლობა და მასში გაელვებული მარადისობა" ამისათვის კი გამოეყენებინათ თანამედროვე ურბანული თემები და ვიზუალური სამყაროს ხედვისა და მისი აღწერის მიმართ ახალი მიდგომა შეემუშავებინათ. წარსულთან კავშირის გაწყვეტა გადამწყვეტი იყო აწმყოს შესაცნობად და მის ასასახად. განსაკუთრებით ფოტოგრაფიის გამოგონების შემდეგ მოელოდნენ მხატვრობისაგან რეალობის ასახვის ახალი მეთოდების შემუშავებას. ერთ-ერთი, ვინც ბოდლერის ამ გამოწვევას უპასუხა, ფრანგი მხატვარი ედუარდ მანე (Édouard Manet, 1832-1883) იყო.

სარჩევი

საუზმე ბალახზე

ედუარდ მანე. საუზმე ბალახზე, 1863; ტილო, ზეთი, 2.13X2.64 მ. დ’ორსეს მუზეუმი, პარიზი

XIX საუკუნის შუა ხანებში ნატიფი ხელოვნების აკადემიამ სალონის კარი სულ მეტი მხატვრისთვის გახსნა, რასაც გამოფენისთვის წარდგენილი და, შესაბამისად, სალონის ჟიურის მიერ უარყოფილი ნამუშევრების რიცხვის ზრდა მოყვა. 1863 წელს ჟიურიმ 3 000-მდე ნამუშევარი დაიწუნა, რამაც მხატვართა პროტესტი გამოიწვია. მღელვარების პასუხად, ნაპოლეონ III-ს გადაწყვეტილებით, დაწუნებული ნამუშევრების გამოსაფენად ცალკე სალონი მოეწყო, რომელიც "უარყოფილთა სალონის" (Salon des Refusés) სახელით გახდა ცნობილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მანეს ნამუშევარიც "საუზმე ბალახზე".

მანე არისტოკრატიული პარიზული ოჯახიდან იყო; 1850-იანი წლების დასაწყისში მან განათლება დამოუკიდებელ მხატვართან, თომა კუტიურთან (Thomas Couture, 1815-1879) მიიღო, 1860-იანი წლების დასაწყისისთვის კი იგი უკვე რეალიზმის მიმდევარი და მოდერნულობის განუხრელი დამცველი გახდა, რაც, დიდწილად, პოეტ ბოდლერთან მეგობრობამაც განაპირობა. მანეს სურათმა "საუზმე ბალახზე" შოკისმომგვრელად და გამაოგნებლად იმოქმედა თანამედროვე მაყურებლზე, თავად ნაპოლეონ III-ზეც და საზოგადოებაში სკანდალური რეაქცია გამოიწვია. ირონიაა, მაგრამ ამ სკანდალმა გარკვეულწილად განაპირობა მანეს შემდგომი წარმატება და ხელი შეუწყო მას რადიკალურად განწყობილი და თანამედროვე ავანგარდისტი მხატვრის სახელის დამკვიდრებასა და კარიერის შექმნაში.

მანეს ნამუშევრის ყველაზე სკანდალურ მხარედ მისი სურათის თემის "ამორალურობა" ჩაითვალა: ქალაქის გარეუბანში, ბუნების წიაღში გამართული პიკნიკი, რომელიც შიშველი ქალის გვერდით მსხდომ ორ ჩაცმულ ბურჟუასა და მათ უკან, სიღრმეში ნახევრად შიშველ მეორე ქალს ასახავს. მანეს სურათის გამო შეურაცხყოფილმა მნახველებმა დაასკვნეს, რომ ეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენ, ხოლო მამაკაცები - მათი კლიენტები. არანაკლებ შოკისმომგვრელი იყო მათთვის წარსულის ხელოვნების იმ მნიშვნელოვან ნაწარმოებებზე მინიშნება, რომლებსაც ნატიფი ხელოვნების აკადემიის მხატვრები, როგორც წესი, ნიმუშებად იყენებდნენ. მანემ კი, აქ, ნაცნობი მოტივი ტლანქ, შეულამაზებელ თანამედროვეობას დაუკავშირა. მანეს სურათისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელმაც იმ წლის ოფიციალურ სალონზე აღიარება მოიპოვა, ალექსანდრ კაბანელის "ვენერას დაბადება" იყო ფიგურის სიშიშვლე კაბანელის ნამუშევარში საზოგადოებისათვის მისაღები ფორმით - კლასიკურ გარემოსა და მითოლოგიურ კონტექსტში იყო წარმოდგენილი; ამის გამო, კაბანელის სურათი კეთილგანწყობით იქნა მიღებული და ის მალევე ნაპოლეონ III-ს კოლექციაში მოხვდა.

აშკარაა, რომ მანემ საუზმე ბალახზე ლუვრში დაცული რენესანსის ვენეციური სკოლის ტილოს, "სოფლის კონცერტის" თანამედროვე ვერსიად ჩაიფიქრა. სურათი ადრე ჯორჯონეს მიეწერებოდა, მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, ერთობლივად, ტიციანსა და ჯორჯონეს, ან, უფრო, მხოლოდ ტიციანს მიეკუთვნება. მანეს კომპოზიცია მარკანტონიო რაიმონდის მიერ რაფაელის პარისის სამსჯავროს მიხედვით შესრულებულ გრავიურასაც ეხმიანება, რომელიც, თავის მხრივ, მდინარის ღვთაებებისა და ნიმფების ამსახველი კლასიკური რელიეფების საფუძველზე იყო შექმნილი. როგორც უნდა იყოს, მხატვრის შესრულების თანამედროვე სტილთან შერწყმული სცენის თანამედროვე ინტერპრეტაცია მიზანმიმართულად პროვოკაციული იყო. კლასიკურ ხელოვნებაზე მიმანიშნებელი ფორმით წარმოდგენილი თანამედროვე ცხოვრების ჩრდილოვანი მხარე მხოლოდ მანეს სუბვერსიულობას ააშკარავებდა. მკვეთრად განათებული ნიუ, ცივი ფერები, ფიგურათა სიბრტყობრიობა და სილუეტურობა, რის გამოც ფერწერულ ფონზე წარმოდგენილი ფიგურები აპლიკაციურ ხასიათს იძენდნენ, საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა, საზოდაგოებისა, რომელიც რაციონალურად აგებულ გარემოში მოთავსებულ, რბილი გრადაციებითა და ჩრდილებით მოდელირებულ, გლუვ ფორმებს იყო შეჩვეული.

ოლიმპია

ედუარდ მანე. ოლიმპია, 1863; ტილო, ზეთი, 1.31X1.91 მ. დ’ორსეს მუზეუმი, პარიზი

სკანდალური ნამუშევრის, "საუზმე ბალახზე" დასრულების შემდეგ, მანემ მალევე შექმნა მეორე სურათი "ოლიმპია". სურათის სათაური დიუმა უმცროსის რომანისა და პიესის გმირზე, ამავე სახელის მქონე ცნობილ მეძავზე მიანიშნებდა სურათის "საუზმე ბალახზე" მსგავსად, მანეს "ოლიმპიაც" შთაგონებული იყო რენესანსული ნამუშევრით, კერძოდ კი, ტიციანის "ურბინოს ვენერათი", რომლის ასლიც მანემ ფლორენციაში ყოფნის დროს შეასრულა. ერთი შეხედვით, ნამუშევარი თითქოს პატივს მიაგებდა ტიციანის სიუჟეტს (იმ დროისთვის ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ ტიციანის სურათზე ვენეციელი კურტიზანი ქალი იყო გამოსახული) და კომპოზიციას. მაგრამ მანემ ტიციანის წამოწოლილი შიშველი ფიგურის სრულიად საპირისპირო თანამედროვე "ორეული" შექმნა. ტიციანის ქალი მომხიბლავია, რბილი და მომრგვალებული ფორმებით, მანეს ფიგურას კი კუთხოვანი და ბრტყელი ფორმები აქვს; ტიციანის ფერები თბილია და ნიუანსებით მდიდარი, მანესი კი - ცივი და მკვეთრი, როგორც ფოტოზე; ტიციანის ვენერა მორცხვად იყურება, მანეს ოლიმპია კი ცივი და ინდიფერენტულია. თანაც, იგი ზემოდან ქვემოთ ქედმაღლურად გვიცქერს და ამით თითქოს ჩვენს ერთგვარ დაქვემდებარებულ მდგომარეობას უსვამს ხაზს. მნახველი თითქოს ისეთივე მიმართებაშია ოლიმპიასთან, როგორც საწოლის უკან მდგარი შავკანიანი მოახლე, რომელიც მას თაიგულს მიართმევს. ჩვენს მიმართ ოლიმიპიას ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს მისი კატის რეაქცია, რომელიც, ტიციანის ტილოზე გამოსახული მძინარე ძაღლისგან განსხვავებით, აჯაგრული დგას. მანე, ტიციანის საპირისპიროდ, მთლიანად "აყირავებს" შიშველი ქალის გამოსახვის ტრადიციულ წესს. გასაკვირი არაა, რომ 1865 წლის სალონში გამოფენილ ამ ნამუშევარს სასტიკი კრიტიკა ხვდა წილად.

ბარი ფოლი ბერჟერში

ედუარდ მანე. ბარი ფოლი-ბერჟერში, 1881-1882; ტილო, ზეთი. 95.9X130 სმ. სემუელ კურტოს ტრასტი, კურტოს გალერეა, ლონდონი

მანე თავის ნამუშევრებს, ჩვეულებრივ, ყოველწლიურად წარადგენდა სალონზე, მაგრამ რამდენჯერმე მიღებული უარის შემდეგ, იგი 1867 წელს ისევე მოიქცა, როგორც კურბე - 1855-ში. მან თავისი დამოუკიდებლობა სალონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაქირავებულ დარბაზში გამართული საკუთარი გამოფენით განაცხადა. ამ ნაბიჯმა მანე პროგრესული ხელოვანებისა და მწერლების არაოფიციალურ ლიდერად აქცია, რომლებიც პარიზის მონმარტრის რაიონში, კაფე "გარბუაში" იკრიბებოდნენ. კაფეს ხშირი სტუმრები იყვნენ დეგა, მონე, პისარო და რენუარი, ყველა ისინი, ვინც მალე იმპრესიონისტების სახელით ერთად გამოიფინებიან და მანეს წინამძღოლობით აკადემიზმის ტრადიციას დაუპირისპირდებიან.

გვიანი ნამუშევრები მანე ამ მხატვრებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ხშირად იმპრესიონისტების საყვარელ თემებსაც მიმართავდა, თუმცა, თანამედროვე ურბანული ცხოვრების ამსახველი სცენებისადმი ერთგულებას ყოველთვის ინარჩუნებდა. თავის ბოლო მნიშვნელოვან ნამუშევარში "ბარი ფოლი-ბერჟერში" იგი თანამედროვე ურბანული ცხოვრების გენდერულ და კლასობრივ ურთიერთობათა კომპლექსურ თემას უბრუნდება. სურათზე ახალგაზრდა გოგონაა წარმოდგენილი, რომელიც ბართან დგას და სასმელებს ყიდის ცნობილ ღამის კლუბში, სადაც ცირკის მსახიობები (აკრობატის ფეხები სურათის ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს) და მუსიკოსები გამოდიან და ვოდევილები თამაშდება. გოგონას ღაჟღაჟა სახე და ტლანქი დახორკლილი ხელები აქვს. კაფე-შანტანის ნათურებით გაკაშკაშებულ და სარკეებით შექმნილ სივრცეში იგი შებოჭილი და გარიყული ჩანს. თავის თავში ჩაკეტილი, დეპრესიულიც კი, იგი თვალს არ უსწორებს თავის კლიენტებს. ქალიშვილი სურათზე ასახული სცენისგან ერთდროულად განცალკევებულიც არის და მისი ნაწილიცაა, ისე, როგორც გასაყიდად გამოდგმული ლიქიორის ბოთლებით, მანდარინებითა და ყვავილებით შედგენილი ნატურმორტი სურათის წინა პლანზე. გარდა ამისა, უკან, სარკეში საკმაოდ სექსუალურად მოჩანს ქალის ანარეკლი, რაც, როგორც ჩანს, იმაზე მიანიშნებს, რომ იგი არაფრისგანაა დაცული და სრულიად შესაძლებელია, ბარის რომელიმე შეზარხოშებული სტუმრის სექსუალური ლტოლვის საგნად იქცეს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები