ედელბემერი ანუ მონტუანერი (ვაშლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონტუანერი

ედელბემერი ანუ მონტუანერი(Edelböhmer, Rother Taffeter, Römer). ვაშლის ჯიში. მონტუანერი წარმოშობით, მისი ჩეხური სახელწოდების მიუხედავად, ტიროლიდან უნდა იყოს, სადაც ის სამრეწველო მასშტაბით არის გავრცელებულია.

მონტუანერი სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად შემოტანილი ვაშლის ჯიშია, რომელიც საქართველოში მეხილეობის ზოგიერთ რაიონში გვხვდება, ისიც თითო–ოროლა ხის სახით. შედარებით უფრო მეტად გავრცელებულია ზემო ქართლის მეხილეობის რაიონებში. სხვაგან საქართველოში მონტუანერი არსად გვხვდება.

საქართველოს დამამზადებელი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მონტუანერს, როგორც ერთ–ერთ ძვირფასი პროდუქტის მომცემ ჯიშს.

ნაყოფი

გარეგნობით მონტუანერის ნაყოფი ისე ძლიერ წააგავს ადგილობრივ ვაშლის ჯიშს, აბილაურს, რომ მეტად ძნელი ხდება მოწყვეტილი ნაყოფის ერთმანეთისაგან განსხვავება: მხოლოდ მონტუანერის ერთი მეტად საგულისხმიერო ნიშანთვისება იძლევა მისი ადვილად განსხვავების საშუალებას აბილაურის ნაყოფიდან, სახელდობრ, ის რომ, მონტუანერის ნაყოფის ხორცი მეტად მკვრივია და უბრალო თითის დაჭერით არ ჩაიჭყლიტება, მაშინ როდესაც, აბილაურის ნაყოფის ხორცი რბილია და უბრალოდ თითის დაჭერითაც ნაყოფი ტკაცანს იძლევა და იჭყლიტება.

მონტუანერის ნაყოფი საშუალო ზომისაა, მობრტყო–მომრგვალო ფორმის, განსაკუთრებული ლამაზი შეხედულობის, საწყობში სრულებით არ ჭკნება და საღ ელფერს გაზაფხულამდე ინარჩუნებს.

ჯამი დახურულული აქვს დიდრონი ჯამის ფურცლებით, ჯამ–საჯდომი განიერია და არაღრმა, ოდნავ მონაოჭებული. ნაყოფის ყუნწი მოკლეა და ზის ღრმა და განიერ ბორცვიან ღრუში.

ნაყოფის კანი გლუვია, პრიალა, ნაზი და მკვრივი, ძირითადი შეფერვა მოკრეფისას მომწვანო–მოყვითალოა, სრულ სიმწიფისას კი ღია ყვითელ ფერს ღებულობს.

საფარი ფერი მზის მხარეზე ლალი–წითელი ფერისაა, რომელიც შიგადაშიგ უფრო ჩამუქებულ წითელ ზოლებით ხასიათდება, რაც იშვიათ ლამაზ გარეგნობას აძლევს ნაყოფს.

ნაყოფის ხორცი სრული სიმწიფისას თეთრია, ნაზი, ფხვიერი, საკმაოდ წვნიანი, სასიამოვნო მოტკბო–მოჟავო გემოთი და ძლიერ კარგი სურნელებით.

მოკრეფის დრო უდგება ოქტომბრის პირველ რიცხვებში და კარგად ინახება გვიან გაზაფხულამდე.

ხე

ხე საშუალო სიდიდის იზრდება, განიერ–პირამიდული ვარჯით. ადრე იწყებს მოსავლის მოცემას და ახასიათებს ყოველწლიური რეგულარული მოსავლიანობა, კარგად გვარობს მხოლოდ მაღალი ნაყოფიერების ნიადაგებზე, ზომიერი ტენიანობის ჰავისა და ნიადაგის პირობებში, მოითხოვს მყუდრო და უქარო ადგილს, არაშესაფერი ჰავის პირობებში ძლიერ ავადდება ქეცითა და ნაცრით.

ყინვაგამძლეობა ხეს მცირე აქვს. მონტუანერს ახასიათებს გრძელი ვეგეტაცია და ცივ რაიონებში ვეგეტაციას დროულად ვერ ასრულებს, რაც მას ყინვამგრძნობიარედ ხდის. საქართველოში მონტუანერი კარგად იტანს ადგილობრივი მაღალი ზონის ჰავის პირობებს.

ნაყოფის განსაკუთრებული მაღალი ხარისხი და იშვიათი ლამაზი გარეგნობა მონტუანერს უსათუოდ სამრეწველო ასორტიმენტის სიაში ათავსებს საქართველოს მთელი რიგი რეგიონებისათვის. მონტუანერი განსაკუთრებით დასაფასებელია ნაგალა კულტურათა წარმოების დროს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები