ევანგელისტური ეკლესია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევანგელისტური ეკლესია საქართველოში - საქართველოში ევანგელისტური ეკლესია პირველად ფუძნდება 1914 წელს მცირე აზიიდან შემოსული მისიონერის დევიდ ურშანის მიერ, რომელიც აქედან სანკტპეტერბურგში და შემდეგ ევროპაში გადადის. საქართველოში ამ პირველი ევანგელისტური საკრებულოს შესახებ სხვა ცნობები არ მოიპოვება.

1999 წელს ზაალ ტყეშელაშვილი, მოსკოვის თეოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, აფუძნებს არადენომინაციურ ეკლესიას სახელწოდებით „ევანგელისტური ეკლესია“. პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის განცხადებით, მისი ეკლესია შეიძლება მოიხსენიებოდეს მხოლოდ როგორც ევანგელისტური (მახარებლური) და არა ევანგელური (სახარებისეული) ეკლესია. საქართველოს ევანგელისტურ ეკლესიას დღესდღეობით 150 მიმდევარი ჰყავს.

პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი: „ამ პერიოდში საქართველოში არ იყო ადვილი ეკლესიის ხელმძღვანელობა და საერთოდ ნორმალური საეკლესიო ცხოვრება, მით უმეტეს, რომ ჩვენ მოვიაზრებოდით კიდევ ერთ სექტად, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა ქვეყნისთვის, მისი მოსახლეობისთვის. 1999 წლიდან 2003 წლამდე ჩვენი ეკლესია სხვადასხვა სახის შევიწროებას განიცდიდა, ძირითადად სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. ამ დროის განმავლობაში ექვსი სასამართლო პროცესი გვქონდა. ჩვენს „დანაშაულს“ წარმოადგენდა ღია ცის ქვეშ გალობა, ლოცვა და ამით „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“. 2003 წლიდან (ვარდების რევოლუციის შემდეგ) ევანგელისტური ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, გარკვეულწილად, იცვლება, ახლა ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია სხვადასხვა საეკლესიო რიტუალის შესრულება, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული ვითარება სასურველისგან მაინც შორს არის“.

საქართველოს ევანგელისტური ეკლესია სხვა პროტესტანტული ეკლესიებისგან თავისი არადენომინაციური ხასიათით განსხვავდება. გარდა ამისა, ეს ეკლესია არ აღიარებს ეკლესიის პირამიდულ სისტემას, ანუ ტრადიციულ იერარქიულ წყობას, რომლის პირობებშიც ლოკალური ეკლესიები გარდა ნებაყოფლობითი სულიერი თანაზიარებისა ადმინისტრაციულადაც ექვემდებარებიან ეპისკოპოსს. საერთოდ, ევანგელისტური ეკლესიების სწავლებით, მორწმუნეთა ყოველი ადგილობრივი კრებული თავისი პასტორით (ხუცესით, მღვდლით) დამოუკიდებელ, თვითმყოფად და სრულუფლებიან ეკლესიას წარმოადგენს, რომლის უმაღლესი მმართველიც ღმერთის სულით მავალი ამ ეკლესიის პასტორია. ამის გამო ევანგელისტურ ეკლესიებში ეპისკოპოსის ფუნქციას ეკლესიის პასტორი ითავსებს. ამგვარი სტრუქტურით ევანგელისტური ეკლესიები ცდილობენ მოციქულთა დროინდელი მდგომარეობა აღადგინონ, როცა, მათი რწმენით, ეკლესიათაშორისი ურთიერთობა ადმინისტრაციულ მორჩილებას კი არ ემყარებოდა, არამედ სულიერ თანასწორობას.

მოძღვრება

ყველა სხვა ქრისტიანული კონფესიის მსგავსად, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია აღიარებს რწმენის მთავარ ფუნდამენტს: წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას. აღესრულება ზეციდან შობის, ნათლობის, ევქარისტიის, ქორწინების, ხელდასხმისა და ზეთისცხების, სულიწმიდით ნათლობის საიდუმლოებები. საზოგადოდ, ევანგელისტური ეკლესიები აღიარებენ ნათლობის ორ ფორმას: ნათლობას წყლით და ნათლობას სულიწმიდით. ამ სწავლების მიხედვით, წყლით შესაძლოა ყველა ადამიანი მოინათლოს, ხოლო სულიწმიდით ნათლობა რწმენის განსაკუთრებულია აქტია, რომელიც ზეციდან შობილ მორწმუნეთა ხვედრია.

რაც შეეხება მოძღვრებას ხსნის შესახებ, ევანგელისტურ ეკლესიას სწამს, რომ ნებისმიერი ეკლესიის წევრი (მართლმადიდებელი, კათოლიკე თუ პროტესტანტი) შეიძლება გადარჩეს, თუ ქრისტეს მიიღებს როგორც თავის პირად მხსნელს, და პირიქით, შესაძლოა თვით ევანგელისტური ეკლესიის წევრიც ვერ ცხონდეს, თუ იგი ამ პირობას არ შეასრულებს. თუ ადამიანი თავის კეთილ საქმეებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე ქრისტეს გამომსყიდველ მადლს, მაშინ მისი ცხონება საეჭვოა, რომელ ეკლესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს იგი.

ევანგელისტური ეკლესიები უალტერნატივოდ უჭერენ მხარს სახელმწიფოს მოწყობის დემოკრატიულ სისტემას. პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი: „მონარქიული წყობა, შეიძლება პირდაპირ ითქვას, ღვთის საწინააღმდეგო პოლიტიკური სისტემაა. გავიხსენოთ, როცა ძველ აღთქმაში ებრაელი ხალხი მეფის დადგენას ითხოვს, ღმერთი ამის წინააღმდეგია. მართალია, შემდეგ მაინც აუსრულა მათ სურვილი, მაგრამ ეს ღვთის ნება კი არ იყო, არამედ უფალმა გაჯიუტებულ ხალხს დაუთმო... ჩვენი ღრმა რწმენით, ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება და ღმერთი პატივს სცემს თითოეული ადამიანის არჩევანს, მიუხედავად იმისა, სწორია ეს არჩევანი თუ არა“.

ევანგელისტურ ეკლესიებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ სხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებთან, რაც ერთობლივ საქველმოქმედო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობით გამოიხატება. მათ შორის ევქარისტიული კავშირიც არსებობს - ევანგელისტური ეკლესიის წევრებისთვის დასაშვებია სხვა პროტესტანტულ ეკლესიებში ზიარების მიღება. (დავით თინიკაშვილი)


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები