ენობრივი მსოფლხედვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენობრივი მსოფლხედვა – (გერმ. Sprachliche Weltansichi), ფილოსოფიურ-ენათმეცნიერული ცნება, რომელმაც გადატრიალება მოახდინა კულტურის (ფართო გაგებით) ისტორიაში. „ენობრივი მსოფლხედვა“, და შესაბამისად „ენობრივი მსოფლხატი“ (Sprachliches Weltbild). ე. ფონ ჰუმბოლდტის, ლ. ვაისგერბერისა და სხვ. მოძღვრებებში ეხება ენის შინაარსეულ აგებულებას, სამყაროს ენობრივი მოცემულობის სხვადასხვაგვარ წესს ენის წინაფორმა, წარმოდგენილი სათანადო ენის სემანტიკურ-გრამატიკული დანაწევრებითა და გამოსახვის კონკრეტულ-ენობრივი საშუალებებით, ენის შემსწავლელ ადამიანს „მნიშვნელობების“ სახით ეძლევა და იგი მას გაუცნობიერებლად ითვისებს. რამდენადაც ენა გვეძლევა არა ზოგადი ფორმით, არამედ – როგორც მხოლოდ დედაენა, ე. ი. გარკვეული ენის – ქართულის, ფრანგულის, ჩინურის სახით, ამდენად, ენობრივი მსოფლხედვა დედაენისეულია. ყოველ ენას (დედაენას) სამყაროს მოდელირების საკუთარი წესი, სამყაროს ენობრივი გადამუშავების თავისი გზა – საკუთარი „მსოფლხედვა“ აქვს. ე. ჰუმბოლდტის მოძღვრებაში ეს ცნება აღმოცენდა სწორედ ენათა შედარების ამოცანებთან დაკავშირებით. ე. ჰუმბოლდტის მიხედვით, ყოველი ენა თავის ყოველ გამოვლინებაში არის „მთლიანი მსოფლხედვა“, ამდენად, ენათა სიმრავლე არის მსოფლხედვათა სიმრავლე და იგია „ყოველგვარი ენის კვლევის საფუძველი და საბოლოო მიზანი.

თეზისი ენობრივი მსოფლხედვის შესახებ, რომელიც დღემდე მრავალი გაუგებრობის წყაროა, წმინდა ემპირიული თვალსაზრისით შეიცავს საკმაოდ მარტივ აზრს: ენათა სხვაობა არ დაიყვანება მხოლოდ ბგერით ფაქტორზე. სიტყვა არ შეიძლება იყოს გარეგნობრივი ფაქტის ან მზა ცნების მხოლოდ ბგერითი ანაბეჭდი. სიტყვასა და საგანს შორის ძევს „ენობრივი შინაარსი“ (ლ. ეაისგერბერი), რაც არ არის ტრადიციული „მნიშენელობა“. ადამიანსა და სინამდვილეს შორის არის „ენითი (აზრითი) შუასამყარო“, ბგერითი ფორმებით წარმოჩენილი. ადამიანსა და საგანთსამყაროს შორის მოთავსებული ეს „შუაფენა“ მონაწილეობს სინამდვილის აზრებად გარდასახვაში ანუ საკუთრივ ადამიანური სამყაროს აგებაში. იგი არა მხოლოდ მეტყველებითი კომუნიკაციის აუცილებელი საფუძველია, არამედ შეიცავს სამყაროს ადამიანისეული განმარტების ელემენტებსაც. ე. ი. სხვადასხვა ენები საგნის (საგანთსამყაროს) არა მხოლოდ სხვადასხვა ბგერითი აღნიშვნაა, არამედ მისი „სხვადასხვაგვარი ხედვა“ (ჰუმბოლდტი). ამდენად, სიტყვა აღნიშნავს არა საგანს „თავისთავად“, არამედ ენობრივად გადამუშავებულ „ვერბალურ საგანს“.

ენობრივი მსოფლხედვის ერთი მონაკვეთია ენობრივი „ველი“ ან სემანტიკური ველი – მთლიანობის მქონე ნაწევროვანი სტრუქტურა, რომელიც „დაფენილია“ საგანთ სამყაროზე და განეკუთვნება ენობრივ შუასამყაროს. როგორც ტრირ-ვაისბერბერის ცნებითი ან პარადიგმატული ველის სახელით ცნობილი სემანტიკური სტრუქტურების, ისე პორციგის სინტაგმური ველის დადგენა ჩვეულებრივ ხდება ერთი ენის ფარგლებში. ენობრივი მსოფლხედვა უდევს საფუძვლად და მისი დადასტურებაცაა სტრუქტურები, რომელსაც ლატენტური სემანტიკური სტრუქტურები შეიძლება ეწოდოს და რომელთა გამოვლინება ხდება ენათა შეპირისპირებით, რაც ცხადყოფს სხვადასხვა ენის მიერ სინამდვილის სტრუქტურირების, აგების სხვადასხვაობასა და თავისებურებას. შედარების გარეშე დედაენასა და სინამდვილეს შორის საზღვარი თითქოს წაშლილია. ამ საზღვრის გაცნობიერება იწყება სხვა ენის შესწავლით, რაც მოასწავებს უკვე ახალი ენობრივი თვალსაზრისის შეძენასა და პერსპექტივის ერთგვარ გაფართოებას საგანთსამყაროს მიმართაც. ეს ნიშნავს, გაცნობიერდეს, რომ დედაენა სამყაროს მოდელირების მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია დაარა ერთადერთი, რასაც სწორედ ენათა შინაარსების მიხედვით შედარება გამოაჩენს. ამასთან, ასეთი შედარება ქმნის პირობებს სემანტიკური ინტერფერენციის (ფსიქოლოგიაში ყალბი იდენტიფიკაციის სახელით ცნობილი) საფუძვლის გამოსავლენად, ასახსნელად და დასაძლევად, რაც, თავის მხრივ, მეორე ენის უკეთ დაუფლების პირობაა. მაგ.,


Enobrivi msiflxedva.PNG


ქართულში ზედსართავი „სქელი“ გამოიყენება როგორც სითხის, ისე მყარი ბრტყელი საგნების მიმართ; ზედსართავი „მსხვილი“ გამოიყენება როგორც მრგვალი და ოვალური სხეულების, ასევე სითხის (თუკი მას მრგვალი ფორმა აქვს მიღებული) მიმართ. რუსულში ბრტყელი და სიგრძითი განზომილების მქონე მრგვალი სხეულებისათვის ერთი ზედსართავია გამოყენებული, სიგრძითი განზომილების არმქონე მრგვალი ფორმის სხეულებისათვის – სხვა. სემანტიკური შეუთანხმებლობის ეს სურათი შეიძლება ასე გამოისახოს:

ზოგჯერ ერთმანეთში ურევენ მსოფლხედვასა და მსოფლმხედველობას (მეცნიერულს თუ იდეოლოგიურს). ენობრივი მსოფლხატი არის ისტორიულად აკუმულირებული ენობრივი ცოდნა, ენობრივი სოციუმის არაცნობიერი თეორიული პოზიცია სინამდვილის მიმართ და სხვაობს ენათა მიხედვით. ამისგან განსხვავებით, სამყაროს მეცნიერული სურათი იგება ასტრონომიული, ბიოლოგიური ან სხვა სახის კავშირთა ცნობიერი გააზრებით, ხოლო მსოფლმხედველობა (იდეოლოგია) არის პიროვნული გადაწყვეტა იმისა, რასაც სამყაროს კავშირთა იდეოლოგიური ხედვა ჰქვია და უფრო ადამიანის პოზიციის შეფასებაა რელიგიური ფილოსოფიური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

უკანასკნელ ხანებში სხვადასხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებისა საკუთრივ ფილოსოფიაში ტერმინი „მსოფლხედვის“ გამოყენებაში ხედავენ ჰიპერფუნქციონალიზმის ანუ ენის მიერ აზროვნების დეტერმინაციის საფრთხეს. აქვე განიხილავენ ე. წ. „ლინგვისტურ რელატივიზმს“, რომელიც მწვავე პოლემიკის საგნად იქცა, განსაკუთრებით სეპირუორფის, „ლინგვისტური ფარდობითობის“ ჰიპოთეზის გამოჩენის შემდეგ. ამ კონტექსტში ახსენებენ ე. ჰუმბოლდტსაც მისი შეხედულებების არაადეკვატური ინტერპრეტაციის საფუძველზე. ენობრივი მსოფლხედვის ჰუმბოლდტისეული იდეა, ენათა სემანტიკის სტრუქტურულ თავისებურებასა და მათ ისტორიულ უნიკალობაზე, არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც „ენობრივი დეტერმინიზმი“: ბუნებრივი ენა არ არის მნიშვნელობათა დახშული სისტემა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ სხვა „ხედვას“ და კეტავს გაგებინების ჰორიზონტს. იგი ღია სისტემაა, რომელიც ჩართულია სხვა ენებთან გაცვლის დინამიურ პროცესში.

გ· რამიშვილი


ლიტერატურა

  • რამიშვილი გ. ენის ენერგეტული თეორიის საკითხები, თბ. 1978;
  • მისივე, ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით, თბ., I995

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები