დელაკრუა ეჟენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეჟენ დელაკრუა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჟენ დელაკრუა. თავისუფლება ბარიკადებზე: 1830 წლის 28 ივლისი, 1830; ტილო, ზეთი, 260X325 სმ. ლუვრი, პარიზი

ეჟენ დელაკრუა – (Eugène Delacroix, 1798-1863) "რომანტიზმი ხელოვნებაში ასახავს დღევანდელობას, თანამედროვე ადამიანებს და არა გმირებს წარსულის იმ შორეული ჰეროიკული ეპოქებიდან, რომლებიც, შესაძლოა, არც არსებობდა." ეჟენ დელაკრუა (Eugène Delacroix, 1798-1863) ჟერიკოს სიკვდილის შემდეგ პარიზის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანტიკოსი მხატვარია, რომელიც თავის შემოქმედებაში იმ დროის სასტიკი ბრძოლების მონაწილე გმირებისა და მსხვერპლთა სახეებს აღბეჭდავდა.

თავისუფლება ბარიკადებზე: 1830 წლის 28 ივლისი

1830 წელს დელაკრუა ქმნის შედევრს "თავისუფლება ბარიკადებზე: 1830 წლის 28 ივლისი" ესაა ფერწერული ნამუშევარი, რომელმაც ნაპოლეონის შემდგომი საფრანგეთის ისტორია შემოინახა. 1815 წელს ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, ლუი XVI-ის ძმის ლუი XVIII-ის (მეფობდა 1815-1824) გამეფებით საფრანგეთში მონარქია აღდგა. მართალია, მეფის ძალაუფლება კონსტიტუციითა და პარლამენტით შეზღუდული იყო, მაგრამ ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო კონსერვატიული ხდებოდა, ბევრი რევოლუციური რეფორმა გააუქმა. ლუის უმცროსმა ძმამ და მემკვიდრემ, შარლ X-ემ (1824- 1830) პრესაზე ცენზურა აღადგინა, განათლებაზე კონტროლი კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნა და საარჩევნო უფლებები შეზღუდა. ამ ქმედებებმა პარიზის ქუჩებში ფართომასშტაბიანი ამბოხი გამოიწვია, რომელმაც 1830 წლის ივლისში, სამ დღეში ბურბონების დინასტია დაამხო და, შედეგად, შარლ X პოლიტიკურად მისმა შედარებით ზომიერმა ბიძაშვილმა ლუი ფილიპე ორლეანელმა (1830-1848) შეცვალა. ახალმა მმართველმა პირობა დადო, რომ დაიცავდა ახალ კონსტიტუციას. საფრანგეთის ისტორიის ეს პერიოდი ივლისის მონარქიის სახელითაა ცნობილი.

1830 წლის ივლისის რევოლუცია დელაკრუამ თავის სურათზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღბეჭდა. მისი დიდი ისტორიული ტილო მნიშვნელოვან თანამედროვე მოვლენებს აღწერს, მაგრამ თავისი ჩანაფიქრის მკაფიოდ გამოსახატად, დელაკრუას სურათი გარკვეულ წარმოსახვით ალეგორიულ სახე-ხატებსაც შეიცავს. მის მიერ ასახული რევოლუციონერები არიან სტუდენტები, ხელოსნები და მუშები, ბავშვები და ინტელექტუალებიც კი. ისინი ბრძოლით მიიწევენ წინ, ნაგვითა და გვამებით წარმოქმნილ ბარიკადებზე გადადიან. უკან, ფონზე კვამლსა და ბურუსში ნოტრ დამის კოშკები მოჩანს. მართალია, სურათი, არსებითად, რეალურ მოვლენას ასახავს, მაგრამ დელაკრუა აქ ქალის ფიგურის სახით თავისუფლების პერსონიფიკაციასაც წარმოადგენს. ესაა ბარიკადებზე მდგომი თავისუფლების ალეგორიული ფიგურა, მეამბოხეთა ლიდერი, გიგანტური, დაკუნთული, ნახევრად შიშველი ენერგიული ქალი, რომელსაც ცალ ხელში რევოლუციის დროშა, მეორეში კი ხიშტიანი თოფი უჭირავს. დელაკრუამ ეს კლასიკური პრინციპების მიხედვით აგებული, თანამედროვე იარაღით აღჭურვილი და ფრიგიული ქუდით მოსილი (გათავისუფლებული მონის ძველი სიმბოლო, რომელიც მეამბოხეებს ეხურათ) ალეგორიული ფიგურა ბრძოლის შუაგულში მოათავსა. მხატვარი გზნებით, მღელვარებითა და საფრთხით სავსე ემოციურ მოვლენას ასახავს; იგი ირჩევს სწორედ იმ მომენტს, როდესაც რევოლუციონერები, რომლებიც ბარიკადების გადასალახად თავგანწირვით მიიწევენ წინ, ფაქტიურად სიკვდილზე მიდიან. ეს რომანტიზმის ფერწერის დრამატული, მგზნებარე და მშფოთვარე ნიმუშია, რომელშიც, რეალობასთან ერთად, მხატვრის წარმოსახვაც აქტიურ როლს ასრულებს.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები