ეროვნული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული ენა – სოციალურ-ისტორიული ცნება, აღნიშნავს ენას, რომელიც არის ერის ურთიერთობის საშუალება და შეიძლება არსებობდეს ორი ფორმით – ზეპირი და წერილობითი. ეროვნული ენა ფორმდება და ვითარდება ერის ჩამოყალიბებასთან ერთად და ერთდროულად არის როგორც ერის წარმოშობისა და არსებობის წანამძღვარი, ისე ამ პროცესის შედეგი. ეროვნული ენა ეროვნების ენის მემკვიდრეა. იგი მეტია, ვიდრე სახელმწიფო ენა. ეროვნული ენა არის სიმბოლო მოქალაქეთა ერთობის ერად მოაზრებისა. თუკი კონკრეტული ენა, დროში ცვალებადობისას, არ კარგავს თავის სოციალურ არსს, იგი ინარჩუნებს კულტურულ-ისტორიულ და სხვ. ტრადიციათა თაობიდან თაობისთვის გადაცემის უნარსაც. ეროვნული ენა არის ენის არსებობის ერთგვარი ტიპი, რომელიც არსებობის სხვა ტიპებსაც უპირისპირდება (გვარის ენა, ტომის ენა…) და სხვა. ეროვნულ ენასაც (მაგ. ესპანური–კატალონიურს, რუსული–უკრაინულს… ენა ვითარდება თავისი შინაგანი კანონებით, მაგრამ თანდათანობით ერგება საზოგადოებრივ მოწყობასაც. ასეთი შეგუების შესაძლებლობა ენის სოციალური არსითაა განპირობებული: ეროვნულ ენას აქვს განვითარებული ფუნქციური სისტემა. რაც საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს კომუნიკაციური ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტა. ეროვნული ენის წარმოშობასთან არის დაკავშირებული ენის ფუნქციური განვითარების უმაღლესი ეტაპი და მისი მთავარი იპოსტასის – ეროვნული სალიტერატურო ენის განვითარება.

ენის მდგომარეობა, რომელიც ეროვნული ენის სახელით არის აღნიშნული. განისაზღვრება კომპონენტთა კონკრეტული ნიშნებით, როგორიცაა სალიტერატურო ენის ერთიანი ფორმა (შდრ: რუსული, ფრანგული) ან ვარიანტული ფორმა (შდრ.: სალიტერატურო ენის ორი ფორმა ალბანურსა და ნორვეგიულში), დიალექტთა, კილოთა ან თქმათა ამა თუ იმ ოდენობის არსებობა, მეტყველების გარდამავალი ფორმების არსებობა [ნახევარდიალექტები (გარდამავალი დიალექტი), კოინე და სხვ.].

ეროვნული ენისთვის ყველაზე დამახასიათებელ სოციუმად გვევლინება სახელმწიფო. თანაბარ ვითარებაში სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოს შეიძლება ერთი და იგივე ენა ემსახურებოდეს (მაგ., ბრიტანული ინგლისური ინგლისში და ამერიკული ვარიანტი აშშ-ში).

ერს საკუთარი სოციალური, პოლიტიკური ტერიტორიული, ფსიქოლოგიური, კულტურული მთლიანობისთვის უეჭველად ესაჭიროება საერთო სტანდარტიზებული (ნორმირებული) ენა, რომელიც ერის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ნიშანიც იქნება. ამ ფუნქციას ასრულებს სახელმწიფო ენა, ე. ი. სახელმწიფო კონსტიტუციით განსაზღვრული ენა, რომლითაც ხორციელდება სახელმწიფოს შიგნით ყველა საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება.

ენა, კულტურასთან, რელიგიასა და ისტორიასთან ერთად, ეროვნულობის უმთავრესი კომპონენტია. ენა თვითკუთვნილების განსაზღვრის ორიენტირიცაა. იქ, სადაც ადრე არსებობდა რეგიონული და სოციალური ენობრივი ვარიანტების სიმრავლე, დროთა განმავლობაში წარმოიშობა სტანდარტული გაერთიანება იმ ენობრივი ვარიანტებისა, რომლებიც შეგნებულადაა დაკავშირებული ეროვნების გამაერთიანებელ ცნებასთან. ამ აზრით, ენა ინდიკატორია, რომელიც ეროვნებას განიხილავს, როგორც საფეხურს ეთნიკური კუთვნილებიდან ერამდე (ჯ. ფიშმანი).

მ. ტაბიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები