ეროვნულ უმცირესობათა უფლებები დემოკრატიულ საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნულ უმცირესობათა უფლებები დემოკრატიულ საქართველოში - ეროვნული სახელმწიფოს და მისი შემდგომი განვითარების აუცილებელ პირობად და პირველხარისხოვან ამოცანად მიიჩნეოდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. ამ მიმართულებით პირველ ქმედით ნაბიჯს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მეხუთე და მეექვსე მუხლების დებულებები წარმოადგენდა. ყურადსაღებია საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონი: სახელმწიფო ენის, დებულება მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) და კანონი მოქალაქეობის, რომლებითაც სახელმწიფოს წინაშე ეროვნული უმცირესობების უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრებოდა. ამ დოკუმენტებით საქარ თველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 29 მაისის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის განსაზღვრისათვის საგანგებო კომისია შეიქმნა, რომლის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო აქტის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების 20 ათას მცხოვრებს, საკანონმდებლო ორგანოში ერთი დელეგატის გაგზავნის უფლება მიეცა. იგივე დოკუმენტი გამონაკლისსაც უშვებდა იმ ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომლებიც ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ (ბერძნები, გერმანელები, ებრაელები). მათ მიერ შერჩეულ კანდიდატს ქართული ენა უნდა სცოდნოდა. ეროვნული საბჭოს 1918 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით, ეროვნულ უმცირესობებს ქვეყნის ეროვნულ საბჭოში 26 ადგილი მიეცა.

  • სომხებს - 10;
  • აზერბაიჯანელებს - 4;
  • აფხაზებს - 3;
  • რუსებს - 2;
  • ოსებს - 2;
  • ქართველ ისრაელებს - 2;
  • ებრაელებს - 1;
  • ბერძნებს - 1;
  • გერმანელებს - 1.

პარლამენტის 1919 წლის 11 იანვრის კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმის წარმოება, სახელმწიფო ენასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზედაც იყო დაშვებული. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლე-ახალგაზრდობას პირველდაწყებითი და, ზოგან, საშუალო განათლების მიღება უფასოდ შეეძლო. დამფუძნებელი კრების 1919 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს განაპირა კუთხეების ქართველი და არაქართველი ახალგაზრდებისათვის სტიპენდიების სახით 200 ათასი მანეთი იქნა გამოყოფილი. 1920 წლის მონაცემებით, საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა 306 სკოლა ფუნქციონირებდა, აქედან 81 - სომხური, 66 - ბერძნული, 60 - რუსული, 48 - ოსური, 31 - აზერბაიჯანული, 20 -აფხაზური.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა ქართველ მოსახლეობასთან სრულ თანასწორობაში ყოფილიყო. ქართველმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ლ. ნათაძის მიერ შემუშავებულ კონცეფციას ეროვნული თემების შექმნის შესახებ. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თვითმმართველ ეროვნულ ერთეულებთან ექნებოდა საქმე, რომლებიც კულტურული ავტონომიის უფლებით ისარგებლებდნენ. სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულების ურთიერთობას კანონმდებლობა დაარეგულირებდა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობებისათვის შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები (თემები, ერობა, ქალაქი) ერთმანეთთან შეერთების და ეროვნული კავშირის შექმნის უფლებით ისარგებლებდა, რომლის საქმიანობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროთი შემოიფარგლებოდა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებს არ გასცილდებოდა.ეთნიკური უმცირესობების უფლება-მოვალეობები განისაზღვრა დემოკრტიული საქართველოს კონსტიტუციის XIV თავით - „ეროვნულ უმცირესობათა უფლება“ (მუხლები 129 - 137). მასში მოცემული დებულებების სრულყოფას საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული მართვა-გამგეობის დებულება არეგულირებდა

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • მ. მაცაბერიძე, საქართველოს 1921 წლის 153 კონსტიტუციის პოლიტიკური კონცეფცია, თბ., 1996;
  • შ. ვადაჭკორია, ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში, თბ., 2001;
  • ა. სონღულაშვილი, ქართული ენა და ეროვნული უმცირესობა, თბ., 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები