ზანური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანური ენა (კოლხური ენა) – ერთ-ერთი ქართველური ენა. ერთიან ზანურ ენაზე დღეს არავინ მეტყველებს. ცნება „ზანური“ ანუ „კოლხური“ ისტორიული შინაარსისაა. ამჟამად ზანურ ენას აქვს ორი დიალექტი – მეგრული და ლაზური (ჭანური), რომლებიც რეალურად ფუნქციონირებენ.

მეგრულ-ლაზურის ერთიანობის აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი გვხვდება. ნ. მარს ადრე გამოყენებული ჰქონდა ტერმინი „თუბალკაენური“ (თუბალურში მეგრული იგულისხმებოდა, კაენურში – ლაზური. შემდეგ მეგრულისათვის ნ. მარმა „ივერიულიც“ გამოიყენა. მეგრელ-ლაზურის მნიშენელობით ტერმინი „ზანური ენა“ დაამკვიდრა არნ. ჩიქობავამ. ავტორი ემყარებოდა როგორც ისტორიულ წყაროებს, ისე თანამედროვე ენობრივ მონაცემებს. კერძოდ, ბერძნულ წყაროებში შავიზღვისპირა ზოლის ქართველური მოსახლეობა იხსენიება როგორც „სანები“ („ზ“ ფონემა ბერძნულს არა აქვს, საფიქრებელია, რომ „ს“ ასო ზ-ს გადმოსაცემადაც იყო გამოყენერელი). ტერიმინი „ზანი“ დღესაც არ არის დავიწყებული ქართველურ ენათა წრეში. იგი შემორჩენილია ტოპონიმებში ზანა, საზანო, ზანათი. ზან- ძირი დაცულია სვანურშიც და მეგრელების აღსანიშნავად გამოიყენება – მჷზან – „მეგრელი”. ტერმინი კოლხური პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გეორგ როზენმა, მაგრამ იგი ქართველოლოგიაში არ დამკვიდრებულა. XX ს. 60-იან წლებში ტერმინი „კოლხური” მეგრელ-ჭანურის მნიშვნელობით გამოიყენა ა. შანიძემ და ამის შემდეგ იგი „ზანურის” პარალელურად შემოვიდა სამეცნიერო ლიტერატურაში.

ზანურს, სვანურთან შედარებით, უფრო გვიან უნდა მიეღო დამოუკიდებელი სახე. წინარე ქართველური ენიდან სვანური ადრე ჩანს გამოყოფილი, გლოტოქრონოლოგიური მეთოდის მიხედეით, სავარაუდოდ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის (გ. კლიმოვი) ან ძვ. წ. X ს-თვის (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). სვანურის გამოყოფის შემდეგ ქართული და ზანური გაუთიშავი ორი ფენა იყო კიდევ ათი საუკუნე მაინც. ამ ხანას უწოდებენ ზანურ-ქართული ერთიანობის ხანას. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X-VIII სს-ში (ა. კლიმოვი) ან ახ. წ-ის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე. გ. მაჭავარიანი). ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ უნდა დაწყებულიყო ახ. წ. პირველი საუკუნეების აქეთ. დაახლ. VII ს-თვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. ზანურის (კოლხურის) გავრცელების არეალი ისტორიულად უფრო დიდი იყო, ვიდრე დღესაა. მეგრული და ლაზური მეტყველების რეგიონები ამჟამად გათიშულია გურია-აჭარის ტერიტორიით, რაც ამ ტერიტორიაზე ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციით აიხსნება (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი. ს. ჯანაშია, არჩ. ჩიქობავა …). ამას ადასტურებს გურია-აჭარის ტერიტორიაზე ზანური ტოპონიმების არსებობაც.

მეგრულ–ლაზურის თავდაპირველი კილოური დიფერენციაცია შემდეგ პერიოდებში უფრო გაღრმავდა, რასაც ხელს უწყობდა განსხვავებული ენობრივი გარემოც, რომელშიც მათ უხდებოდათ და უხდებათ ფუნქციონირება. თუმცა სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ისინი დამოუკიდებელ ენებად ჩაითვალოს: მათი ფუნქციური და გრამატიკული სტრუქტურები ახლოსაა ერთმანეთთან. ამასთანავე, ლაზებსა და მეგრელებს მეტ-ნაკლებად ესმით ერთმანეთისა.

საერთო ნიშნების მიუხედავად, განსხვავება ლაზურსა და მეგრულს შორის მაინც საგრძნობია. ამას თავის დროზე ყურადღება მიაქცია ნ. მარმა, რომელმაც ეს განსხვავება საკმაო საფუძველად მიიჩნია ლაზურისა და მეგრულის სხვადასხვა ენებად გამოსაცხადებლად. განსხვავება ვლინდება როგორც ფონეტიკაში (ბგერით სისტემებში, ფონეტიკურ პროცესებში) ისე გრამატიკაში: დიდი სხვაობაა უღლილების სისტემაში (აწმყოს, მყოფადისა და აორისტის წარმოება, მასდარის წარმოება…), არსებით და ზედსართავ სახელებში. ნაცვალსახელებში (განსაკუთრებით – ჩვენებით ნაცვალსახელებში); სინტაქსურ კონსტრუქციებში და ა.შ. მეგრულისა ღა ლაზურის (ჭანურის) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობის სასარგებლოდ, ნ. მარის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათ (ამ კერძო შემთხვევაში ნ. მარი მხოლოდ ჭანურზე მსჯელობს) საკუთარი კილოები და თქმები აქვთ, რომლებიც, მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთიანდებიან საერთო ლინგვისტური ნორმით. განხილულ თვალსაზრისს არაერთი მკვლევარი იზიარებს როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში.

კ. დანელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები