ფონემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფონემა – (< ბერძნ. pone – ბგერა, ხმა), ერთეული, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ჟღერადობებს განასხვავებს და სამეტყველო ბგერის სახით აღიქმება. ყოველ ფონემას, ჩვეულებრივ, ერთი (ზოგჯერ ორი ან რამდენიმე) სამეტყველო ბგერა შეესაბამება. სხვადასხვა სამეტყველო ბგერა სხვადასხვა ფონემის წარმომადგენლად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, თუ აჭრიან სიტყვაში მათი ურთიერთჩანაცვლების დროს თუნდაც ერთხელ აღინიშნება მნიშვნელობის შეცვლა (ე. ი. შედეგად მივიღებთ სხვა მნიშვნელობის მქონე ჟღერადობას ან მნიშვნელობის არმქონე, უაზრო ჟღერადობას). ამიტომ, სხვადასხვა ფონემის წარმომადგენლებია ქართულში ლ და დ (შდრ. ლილა – დილა), მაგრამ ერთ ფონემაში ერთიანდება ე.წ. რბილი და მაგარი ლ (მათი ურთიერთჩანაცვლებისას აზრი არასდროს არ იცელება). თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გვაქვს 33 სხვადასხვა ფონემა, რომლებიც შეესაბამება 33 სხვადასხვა ასოთი აღნიშნულ სამეტყველო ბგერებს.

პოზიციისა და მეზობელი ბგერის გავლენით ფონემა სხვადასხვა ვარიანტის სახით წარმოითქმის. მათ ფონემის პოსიციური ვარიანტები ან ფონემის კომბინატორული ვარიანტები ეწოდება. ასეთებია, მაგ., ბაგეთა წინ წამოწევითა და წამოუწევლად წარმოთქმული ს სიტყვაში „სუ- ლი“ და „სალი“. პოზიციისა და ბგერათა მეზობლობისაგან დამოუკიდებელ, ურთიერთმონაცვლე ვარიანტებს ფონემის თავისუფლად მონაცვლე ვარიანტებს ან ფონემის თავისუფალ ვარიანტებს უწოდებენ. ასეთებია, მაგ., ერთსა და იმავე სიტყვაში ენის წვერის ერთი ან ორი-სამი მოქნევით წარმოთქმული რ ფონემის ვარიანტები.

ადამიანის ფონემატური სმენა, რომელიც მას ამა თუ იმ ენის ფონეტიკის, ფონემათა სისტემის შესაბამისად უყალიბდება, არჩევს ამ ენის ყველა ფონემას, მაგრამ, ჩვეულებრივ, ფონემის ვარიანტები, ანუ ალოფონები ერთ სამეტყველო ბგერად აღიქმება (როგორც ს ფონემის ზემოხსენებული ორი ალოფონი) ზოგჯერ კი – სხვადასხვად (მაგ., ი ფონემის ი და ჲ ალოფონები). ამრიგად, ენაში ალოფონების რაოდენობა მეტია, ვიდრე სამეტყველო ბგერებისა, სამეტყველო ბგერების რაოდენობა კი უდრის ან აღემატება ფონემების რაოდენობას.

აღნაგობის თვალსაზრისით ფონემა განიხილება როგორც იმ ნიშანთა (მჟღერობისა თუ არამჟღერობის, ხშულობისა თუ არახშულების და ა. შ. ერთობლიობა, კონა, რომლებიც აუცილებელი და საკმარისია მის განსასხვავებლად სხვა ფონემებისაგან. ამ ნიშნებს ფონემის განმასხვავებელი (ან დიფერენციალური, დისტინქციური, რელევანტური, კონსტიტუციური) ნიშნები ეწოდება.

გამონათქვამის შინაარსის ცვლა შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებებს არა მხოლოდ ფონემურ მონაკვეთებში, სეგმენტებში, რომელთა მიმდევრობა ქმნის ე.წ. გამონათქვამის სეგმენტურ რიგს, არამედ გამონათქვამის ზესეგმენტური მახასიათებლების (მახვილის, ტონის, გრძლივობის..) შეცვლასაც. ამიტომ ასეთ მახასიათებლებს ზოგჯერ ზესეგმენტურ (ან სუპერსეგმენტურ, სუპრასეგმენტურ, მეორეულ) ფონემებს უწოდებენ.

ზ. ჯაფარიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები