თევზსაჭერი ბადე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზსაჭერი ბადე - თოკისგან მოქსოვილი თევზის საჭერი ხელსაწყოს ზოგადი სახელი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ბადე არს თევზთა შესაპყრობელი: სათხეველი, ხულიხი, ღრიპონი, ჩიჩქინური, მასე, ზეღმა, ხელბადე”.

ბადე ზოგი დასაგები, ზოგი კი – სასროლი იყო. ბადე ჩვეულებისამებრ თვალედი – ცხრილისებრი ქსოვილი იყო, რომელსაც თანაბარ მანძილზე ძაფის ჯვარედინად გადანასკვით ღებულობდნენ, ხმარობდნენ თევზისა და ფრინველის დასაჭერად.

სარჩევი

ბადის ქსოვა

ბადური ქსოვა ერთ-ერთი უძველესია ქსოვის ტექნიკასა და კულტურის ისტორიაში. იგი ქვის ხანიდანაა ცნობილი. განათხარი მასალის მიხედვით საქართველოში თევზის საჭერი ბადეების გამოყენება ნეოლითის ხანიდან იკვეთება. საქართველოში სათევზაო ბადეს უმთავრესად სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობის მიხედვით, ანტიკურ სამყაროში, სათევზაო ბადის დასამზადებელ ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულად კოლხური, ქსენოფონტეს სიტყვით, „წმინდა ფასიანური” სელი იყო მიჩნეული. ამ უძველეს ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს ის, რომ დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, ახლო წარსულამდე სათევზაო ბადეებს სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ. სელთან ერთად ბადის დასამზადებლად საქართველოში ძველთაგანვე კანაფს გრეხდნენ, უფრო გვიან კი – აბრეშუმსა და ბამბას იყენებდნენ, ბოლო ხანებში საყოველთაოდ სინთეზური ბოჭკო გავრცელდა. ბადის საქსოვად სხვადასხვა ზომის კოჭებს – ფირფიტებს, ხისა და ლითონის ჩხირებს ხმარობდნენ, რომლებსაც „ორკაპა” და „ენიანი” ბოლოები ჰქონდა. ბადის საქსოვი ჩხირი სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი, მაგალითად, ზემო ქართლში მას – მაქოგ ურიასა და იმერეთში – ჩხაში – ქვემო იმერეთში – ფათქა ერქვა. ბადეს უმთავრესად მეთევზე-მებადურები ქსოვდნენ, რომელთაც ზოგან ამ საქმიანობაში ქალებიც ეხმარებოდნენ. მეთევზეობის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპიროზე, მებადურის პროფესია მემკვიდრეობით გადადიოდა.

ბადის სახესხვაობანი

დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით თევზსაჭერი ბადე სამი სახის იყო: 1. წყალგამწური, სასროლი, ფსკერული, ქისაბადი. 2. გამხლართავი – ჩასადგმელი, მცურავი; 3. თევზსაჭერი მახე – ჩასადგმელი.

ხალხურ მეთევზეობაში სათევზაო მრავალ სახესხვაობათაგან ყველაზე გავრცელებული სასროლი – სათხეველი, მოსასმელი – გამოსასმელი, საჩხრეკავი – ხესკელი, ჩასაშვები – სახოპავი იყო.

სასროლი ბადე კონუსისებრი მოყვანილობის იყო და წყალში ჩასაძირად კიდეზე ტყვიები ჰქონდა მიმაგრებული, შუაში კი თევზის დასაჭერად გრძელი თოკი ჰქონდა ჩამბული. მოსასმელი ბადე სწორკუთხა, გრძელი და განიერი იყო, რომელსაც ერთ მხარეს ტყვიებს, მეორე მხარეს კი – ტივტივებს უბამდნენ.

მოსასმელ ბადეს წყლის ზედაპირზე სიგრძეზე შლიდნენ და თევზს ბადის მოსმით იჭერდნენ.

სახოპავი ბადე კვადრატული, სარებზე დაჭიმული და წყალში ჩასადგმელად შემზადებული იყო.

საჩხრეკავი ბადე მრგვალ ფორმას ატარებდა – გიდელისებური იყო და ორკაპ ან და მშვილდივით მოხრილ ჯოხზე მაგრდებოდა. მას ქარაფოვან სანაპიროზე სათევზაოდ იყენებდნენ. ერთი და იმავე სახის ბადეები თავის მხრივ ზომით და ზოგიერთი სხვა თავისებურებით განირჩეოდა. სათევზაო ბადეს ყოფაში რიტუალური ხასიათიც ჰქონდა. მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ.


ლიტერატურა

მგელაძე...;
ნებიერიძე, 2006;
მირიანაშვილი, 2008;
ქართული მატერიალური კულტურის… 2011:50-51.


Logo1.JPG ბადე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები