თიანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თიანეთი – დაბა, რაიონული ცენტრი მდინარე ივრის ხეობაში; ისტორიული კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. თიანეთი და მისი მცხოვრებნი – „თიანელნი“ ჯერ კიდევ „ქართლის მოქცევაშია“ (X-XI ს.) ნახსენები: „გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს და უქადაგეს ერწო-თიანელთა“.

თიანეთი მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 75 კილომეტრით.

თიანეთი ეტიმოლოგიურად ნათელი სახელია. იგი მომდინარეობს მთა სიტყვისაგან, რომელსაც ჯერ ქონება-თვისების აღმნიშვნელი -იან სუფიქსი, ხოლო შემდეგ – გეოგრაფიული -ეთ სუფიქსი დართვია,- სხვათა შორის, თიანეთის სწორი ეტიმოლოგია ჯერ კიდევ კ. ჰანმა შემოგვთავაზა: от მთა „гора“, „страна гор“.

ნათელი შინაარსის მიუხედავად სპეციალისტთა ერთი ნაწილი თიანეთს ვითომცდა წინააზიიდან საქართველოში შემოსული წარმართული ღმერთის თიანა-ს სახელს უკავშირებს. ამავე სპეციალისტთა მიერ რატომღაც უარყოფილია ტოპონიმის მთ-იან- სახელისაგან მომდინარეობის შესაძლებლობა: „საქართველოში ბევრგან არის მთიანი ადგილები, მაგრამ „თიანეთი“ არსად არ გვხვდებაო“. ამგვარი „არგუმენტის“ მოხმობა ტოპონიმების მეცნიერული კვლევისას მიზანშეუწონელია; ასე რომ იყოს, მდინარე არაგვი სათავიდან მტკვართან შეერთებამდე 30-ზე მეტ დიდ და პატარა სოფელს ჩამოუდის, მაგრამ არაგვისპირი მხოლოდ ერთ სოფელს უწოდა ხალხმა; სამი გორის ერთად არსებობის მაგალითი საქართველოში საკმაოზე მეტია, მაგრამ სამგორი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილს შერქმევია; ასევე, ვინ მოთვლის, რამდენი აყვავებული ქართული სოფელია აღუგვია პირისაგან მიწისა მომხდურ მტერს, რამდენი ჩაუქცევია და იავარუყვია, მაგრამ იმათგან ხოვლე სოფლის სახელად მაინცდამაინც ერთს, კასპის რაიონში მდებარე სოფელს, შემორჩენია…

ზემოხსენებული ვარაუდი სარწმუნოობის თვალსაზრისით თითქმის არაფრით განსხვავდება ადგილობრივ გავრცელებული ხალხური თქმულებისაგან, რომლის მიხედვითაც თიანეთი თურმე ქალის სახელს თინას უკავშირდება; იგი იორამის (აქედან – იორი) სატრფო ყოფილა.) სხვათა შორის ასევე ადამიანის სახელისაგან მომდინარედ მიიჩნევდა თიანეთს ვახუშტი ბატონიშვილიც: „გარნა სახელი ეწოდა თიანეთს, ვინადგან არს ძველივე, ვგონებთ ძეთაგან კანოსისათა“.

როგორც უკვე ვთქვით, თიანეთის ერთადერთი, მეცნიერული ახსნა არის მთიან-ეთ-ი: „მთიანი ქვეყანა“. ტყუილად როდი უწოდებდა ლეონტი მროველი ერწო-თიანელებს მთიულებს, მემატიანე ჯუანშერი კი თვით თიანეთის მხარეს – კახეთის მთიულეთს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები