თოდუა მაგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგალი თოდუა

თოდუა მაგალი – (1927 – 2016), ქართველი მთარგმნელი, ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი,, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2013).

დაიბადა სოფელ სალხინოში (მარტვილი). 1949 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950-1961 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წლებში – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968 წლიდან – სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე. 1991-1995 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1995-2008 წლებში იყო გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 2008 წელს მიენიჭა ირანის ისლამურირესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია – „მსოფლიოში საუკეთესო ირანისტი”. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სპარსული კლასიკური პოეზიის წარმომადგენელთა მრავალი ნაწარმოები.


ჰაფეზი, ყაზალი
თარგმნა მაგალი თოდუამ
ათასი მტერი რომ მყავდეს ქვეყნად
და ასაკლებად მომიხტეს კარად,
სანამ შენ ერთი მყავხარ მოყვარე,
არ ვშიშობ, რადგან შენ ხარ და კმარა!
ეს მე შენია, რომ მაქვს იმედი,
ჩემს გვერდით მდგარი მეგულვი ფარად,
თორემ უშენოდ მე როგორ გავძლებ, –
სიკვდილის შიში მზაფრავს და მზარავს!
თუ სუნთქვა შენი არ მოაქვს ნიავს,
ჩემს ნიადაგზე ვერ ვდგავარ მყარად
და ვარდის დარად პირს ისე ვიხოკ,
სისხლი ღაწვებზე ჩამომდის ღარად.
ოცნება შენზე და მოსვენება?
გაყრა შენი და რაიმე ჩარა?
არა, სიცოცხლევ, ასეთი რამე
ჯერ არ მომხდარა, არა და არა!
შენ რომ დამკოდო, უფრო მრგებს, ვიდრე
სხვამ წყლულს სალბუნი დამადოს წყნარად;
სხვის მოწვდილ თაფლს და გოლეულს
მიჯობს შენი სამსალა და ძირიმწარა.
სიკვდილით ჩემით დავთრგუნავ სიკვდილს,
ხმლით შენით ჩემს სისხლს თუ ადენ ღვარად;
მკვდრად ნუ მახსენებთ, – ვკვდები სიკვდილით,
რათა სიცოცხლით ვიცოცხლო მარად!


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები