თუშური ცხენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუშური ცხენი

თუშური ცხენი - აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის ცხენიდან, როგორც თავისი გავრცელების არეალით, ისე კუთრი წონით, ყველაზე მძლავრ ჯგუფს წარმოადგენს თუშური ცხენი, მას ვხვდებით კახეთის თითქმის ყველა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. მაგრამ მისი ძირითადი გავრცელების რაიონად ახმეტის, ყვარლის, სიღნაღისა და წითელწყაროს რაიონები მიგვაჩნია.

თუშური ცხენის წარმოშობის ისტორია ბუნდოვნობითაა მოცული.

თუშურ ცხენს თამამად შეიძლება ვუწოდოთ კახური, ვინაიდან მისი გავრცელების ძირითად მხარეს მაინც კახეთის რაიონები წარმოადგენენ, თანაც მისთვის საარსებო ტერიტორიას იგივე რაიონები შეადგენენ.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კახეთი VIII საუკუნიდან განთქმული იყო მეცხოველეობის განვითარებით, კერძოდ საუკეთესო ცხვრისა და ცხენის ჯიშებით. ეს სახელი კახეთს თან მოსდევდა მთელი საუკუნეების მანძილზე. კახეთი ბევრჯერ იყო აოხრებული და გატიალებული შემოსეული მტრებისაგან, ცხადია, რომ ხალხი ასეთ დროს მიუვალ მთიან ადგილებში იხიზნებოდა და სწორედ აქ შემორჩა ძველი კახური ცხენისა და ცხვრის ჯიშები, საიდანაც ისინი კახეთის რაიონებში ხელმეორედ ვრცელდებოდნენ.

თუშური ცხენის გავრცელების ზონად კახეთის შემდეგ რაიონებს ვთვლით: ახმეტის, თელავის, სიღნაღის, წითელწყაროს, ყვარლის, გურჯაანის და კაჭრეთის.

სიმაღლის განაზომების მონაცემებით, თუშური ცხენი შედარებით მომცრო ტანიან ცხენის ჯგუფს მიეკუთვნება: მისი საშუალო სიმაღლე მინდაოში უდრის 134 სმ., რომელიც 125 – 147 სმ. შორის მერყეობს, ეს უკანასკნელი ვარიანტი ნიშანდობლივი არ არის თუშური ცხენისთვის და ამიტომ ლოგიკურია, რომ მისი მაქსიმუმი 142 სმ. არ აღემატება.

თუშური ცხენი სიმღლის მაჩვენებლით საგრძნობლად ჩამორჩება ისეთ გავრცელებულ ჯიშებს როგორიცაა: ყაბარდოულს, ყარაბაირულს, დონურს, ლოკაურსა და სხვა ჯიშებს. თუშური ცხენი სიმაღლით ამიერკავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკებში გავრცელებულ და აგრეთვე ყირგიზულ, ყაზახურ და მონღოლურ ცხენს უთანატოლდება.

შეფერვით თუშური ცხენი უფრო ქურანა ფერისაა, რომლის შემდეგ ხშირად ვხვდებით ლურჯ შეფერვას, უდიდესი ნაწილი მთაში უნიშნოა.

საპალნის ზიდვის უნარიანობით თუშური ცხენი ფასდაუდებელია და ასეც არის ცნობილი: საჯდომი – სასაპალნე ცხენი. თუშურ ცხენს რომლის საშუალო წონა 300 – 350 კგ.–ია შეუძლია ზიდოს 100–120 კგ. ტვირთი. თუშურ ცხენს ტვირთის გადაზიდვა უხდება არა სწორ, არამედ მაღალი მთების პირობებში, როგორც აღმართზე, ისე დაღმართზე და ვიწრო ბილიკებზეც.

საჯდომად თუშური ცხენი შეუდარებელია, სიარული მკვირცხლი და ბარაქიანი იცის, განსაკუთრებით დაუფასებელია მთის პირობებში. ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის საყვარელი სვლა „იორღა“ ძალიან ხშირად გვხვდება თუშური ჯიშის ცხენში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს თვისება კეთილშეძენილია, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით არის დამკვიდრებული.

თუშური ცხენი გვიან მწიფდება, მის ხედნას 3 – 3,5 წლის ასაკში იწყებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს ზრდას 5 წლისათვის ამთავრებს.


წყარო

ჩხეიძე, ნ. საქართველოს ადგილობრივი ცხენის ჯიშები / საქ. სსრ სოფლის მეურნ. სამინისტრო. მეცხოველეობის სამეცნ. საკვ. ინ-ტი. - თბ.: სახელგამი, 1950 (საქ. სსრ პოლიგრ. და გამომც. საქმ. სამმართვ. 1-ლი სტ.). - 62გვ

იხილე აგრეთვე

მეგრული ცხენი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები